მსოფლიოპოლიტიკა

YOUTUBE-მა რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების ვიდეოარხები დაბლოკა

YouTube დაუყოვნებლივ დაბლოკავს რუსული სახელმწიფო მედიასაშუალებების ვიდეოარხებს მთელ მსოფლიოში. ამას გარდა, ვიდეოსერვისი წაშლის იმ ვიდეომასალებს უკრაინაში ომზე, რომლებიც მის პოლიტიკას არღვევს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება სერვისის წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით.

„ჩვენი წესები კრძალავს კონტენტს, რომელიც უარყოფს, ასუსტებს ან ამარტივებს ძალადობის კარგად დოკუმენტირებულ აქტებს. ჩვენ ვშლით კონტენტს რუსეთის შეჭრაზე უკრაინაში, რომელიც ამ პოლიტიკას არღვევს“, – ციტირებს „როიტერსი“ YouTube-ის პრესმდივნის, ფაშად შადლუს სიტყვებს.

„შესაბამისად, ჩვენ, აგრეთვე, ვბლოკავთ რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებთან დაკავშირებულ YouTube არხებს“, – აცხადებს იგი.

უკრაინაში „იუთუბმა“ რუსული პროპაგანდისტული არსები 28 თებერვალს დაბლოკა.

რუსეთმა კი თავის ტერიტორიაზე ფეისბუქი და ინსტაგრამი დაბლოკა, უფრო სწორად, ინსტაგრამი ჯერ კიდევ მუშაობს, 14 მარტის 00:00 საათამდე – ამასთან დაკავშირებით „როსკომნადზორმა“ განაცხადა, რომ 2 დღე მისცეს ადამიანებს თავიანთი ფოტოების გადმოსაწერად. თუმცა, არსებული ინფორმაციით, არ იბლოკება კომპანია „მეტას“ კუთვნილი მესენჯერი და ვოტსაფი, რადგან, მათი თქმით, ისინი პირადი მიმოწერის საშუალებაა და ინფორმაციის მასობრივ გავრცელებას არ ემსახურება.

ეს გადაწყვეტილება „როსკომნადზორმა“ რუსეთის გენპროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო, რომელმაც სასამართლოსაც მიმართა, რათა კომპანია „მეტა“, რომელიც ფეისბუქის და ინსტაგრამის მფლობელია, ექსტრემისტულ ორგანიზაციად იქნას მიჩნეული. ამის მიზეზი, როგორც რუსეთში აცხადებენ, გახდა კომპანია Meta-ს გადაწყვეტილება, ფეისბუკისა და ინსტაგრამის მომხმარებლებს ზოგიერთ ქვეყანაში ნება დართოს რუსი ოკუპანტების, კერძოდ, პუტინისა და მისი სამხედროების, აგრეთვე, ლუკაშენკოს მისამართით გამოაქვეყნონ მუქარისა და ძალადობისკენ მოწოდების შემცველი პოსტები, როგორიცაა: „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“, „სიკვდილი პუტინს“, „სიკვდილი ლუკაშენკოს“. ასეთ პოსტებს სპეციალური ალგორითმის საშუალებით ფეისბუქსა და ინსტაგრამზე აღარ წაშლიან. ამის შესახებ Reuters-ი წერს კომპანიის შიდა წერილებზე დაყრდნობით, რომლებიც მოდერატორებისთვისაა განკუთვნილი.

Meta-ს წარმომადგენელმა ენდი სტოუნმა დაადასტურა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე წესები შეიცვალა.

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად ცვლილებები შეგვაქვს პოლიტიკური გამოხატულების ფორმებში, რომლებიც ნორმალურ პირობებში დაარღვევდა ჩვენს წესებს, მათ შორის არის სისასტიკისკენ ისეთი მოწოდებები, როგორიცაა „სიკვდილი რუს ოკუპანტებს“. ჩვენ კვლავაც არ დავუშვებთ მოწოდებებს რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – ნათქვამია სტოუნის განცხადებაში.

აშშ-ში რუსეთის საელჩომ Meta-ს მოქმედებას „ექსტრემისტული საქმიანობა“ უწოდა და აშშ-ის ხელისუფლებას მოუწოდა, კომპანიას  პასუხი აგებინოს.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close