მოდა/სილამაზეინტერვიუ

ნინი გრძელიშვილი: „მიყვარს საქართველო და აქედან არსად წამსვლელი არ ვარ“

„სიამაყის განცდა მეუფლება, 70-80 ქვეყანას შორის სცენაზე ჩვენი დროშა რომ ამოდის ხოლმე და მე რომ ვარ იმ პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის სახელი ხშირად არც კი იციან – ენით აუწერელი ემოციაა“, – ამბობს სამოდელო სააგენტო „კატრინის“ მოდელი ნინი გრძელიშვილი.

ნინი, რამდენი ხანია, რაც სამოდელო სფეროში ხარ?
მეხუთე წელია უკვე. სამ მსოფლიო კონკურსში მივიღე მონაწილეობა საქართველოს სახელით, ვფიქრობ, სამივე კონკურსზე ღირსეულად წარვადგინე ჩვენი ქვეყანა – სამივე კონკურსიდან საქართველო წარმატებით დაბრუნდა. წინა წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ამ მხრივ, პორტუგალიაში, საერთაშორისო სამოდელო კონკურსზე 70 ქვეყანას შორის საქართველო ხუთეულში გავიდა და, ამასთან, ორ ნომინაციაშიც გავიმარჯვეთ. საკმაოდ დიდი რეზონანსი მოჰყვა ამ ფაქტს და პოპულარული პორტუგალიური ჟურნალი „რეკორდი“ დაინტერესდა ჩემით; ფოტოსესია მოეწყო ატლანტის ოკეანის სანაპიროზე, ჩემი სურათი ჟურნალის გარეკანზე განთავსდა და ვრცელი ინტერვიუც დაიბეჭდა.

სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებლისა და მსოფლიო სილამაზის კონკურსის, „მის და მისტერ პლანეტას“ პრეზიდენტის, ქალბატონი ეკატერინე მგალობლიშვილის აქტიური მხარდაჭერით ჩავერთე საერთაშორისო სილამაზისა და მოდის კონკურსების ორგანიზებაშიც, რაც ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის, ვიდრე მხოლოდ პოდიუმებზე სიარული და ამჟამად საერთაშორისო პროექტები მიმყავს ინგლისურ ენაზე. ვცდილობ მაქსიმალური წვლილი შევიტანო ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში. ხშირად მიწევს სხვადასხვა ქვეყანაში ჩვენებებზე, გადაღებებზე სიარული, მაისში ბაქოში ჟიურის წევრადაც მიმიწვიეს ერთ-ერთ სილამაზის კონკურსზე.

როდის გეუფლება სიამაყის განცდა?
სიამაყის განცდა მეუფლება, 70-80 ქვეყანას შორის სცენაზე ჩვენი დროშა რომ ამოდის ხოლმე და მე რომ ვარ იმ პატარა ქვეყნის წარმომადგენელი, რომლის სახელი ხშირად არც კი იციან – ენით აუწერელი ემოციაა.

რა სფერო გაინტერესებს და რა პროფესიას ეუფლები?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი ვარ, ეს სფერო ძალიან მაინტერესებს და ამ მხრივაც მუდამ ვცდილობ განვითარებას. ეს ის სფეროა, სადაც მომავალში ვხედავ საკუთარ თავს, რადგან, მოგეხსენებათ, მოდელის კარიერა ხანმოკლეა.

თავისუფალ დროს როგორ ატარებ?
რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძირითადად, თეატრში ვატარებ. არანორმალურად მიყვარს თეატრი, კვირაში ორჯერ მაინც დავდივარ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ; ზოგჯერ ეს დამოკიდებულება მანიაკალურიც კი მგონია, რადგან შემიძლია ერთი და იგივე სპექტაკლი ძალიან ბევრჯერ ვნახო და ყოველ ჯერზე ახალი ემოციებით. ღამის კლუბების დიდი მოყვარული არ ვარ, დავდივარ ხოლმე მეგობრებთან ერთად, თუმცა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მიდიან და არ მინდა გამოვაკლდე; რომ ვთქვა, მიყვარს და მსიამოვნებს იქ ყოფნა-მეთქი, ნამდვილად არა.

უცნაური კომპლიმენტი თუ მიგიღია თაყვანისმცემლისგან?
უცნაური კომპლიმენტები საკმაოდ ხშირია ხოლმე, რადგან ბევრს აქვს პრეტენზია ორიგინალურობაზე, თუმცა ყველაზე უცნაური, რაც მახსენდება, ერთი ყმაწვილის მესიჯი იყო: „ნინი, მამაშენი ტერორისტი იყო? ასეთი ბომბა როგორ გამოუვიდა“.

შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
არ მიყვარს გეგმებზე წინასწარ ლაპარაკი, მაგრამ ვფიქრობ, სამოდელო სფეროში მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებ, ძალიან მინდა ასევე სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება და საჯარო სამსახურში მუშაობა საერთაშორისო ურთიერთობების განხრით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ მითქვამს, წასვლა მინდა საქართველოდან-მეთქი, ვფიქრობ, სხვა ქვეყანაში მაინც ვერ ვიცხოვრებ. რამდენიმე კვირით მოგზაურობის მერეც კი ძალიან მენატრება ჩემი სამშობლო – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პატრიოტი ვარ. როდესაც საუბარი ჩვენი ქვეყნის წარსულზე, თანამედროვეობაზე ან მომავალზე ჩამოვარდება ხოლმე, ამ დროს ვხვდები, როგორ მიყვარს საქართველო და აქედან არსად წამსვლელი არ ვარ.

რას ეტყოდი ქართველ ემიგრანტებს?
უსაზღვროდ დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ემიგრაციაში მყოფი ყველა ქართველის მიმართ და მალე ისეთ საქართველოში დაბრუნება ვუსურვო, სადაც იძულებულნი არ იქნებიან, საკუთარი ოჯახებისგან შორს იცხოვრონ და იმუშაონ ელემენტარული საარსებო პირობების გამო.

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close