მედიცინაიტალია

რომის საავადმყოფო „ჯემელი“ იტალიის საუკეთესო კლინიკად დასახელდა – სრული რეიტინგი

ახლახან გამოქვეყნებულ რეიტინგში „მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოები  2022“, რომელიც ამერიკულმა ჟურნალმა Newsweek-მა შეადგინა Statista Inc.-თან ერთად, რომის საავადმყოფო „ჯემელი“ იტალიურ საავადმყოფოებს შორის პირველი ადგილზეა, მსოფლიოში კი – 37-ეზე. 

მხოლოდ 6 იტალიური საავადმყოფო შედის მსოფლიოს საუკეთესო 100 საავადმყოფოს შორის, 16 კი – საუკეთესო 250-ს შორის.

ზედიზედ მეორე წელია, რაც რომის „ჯემელის“ საუნივერსიტეტო კლინიკა“ – Policlinico Universitario A. Gemelli IRCCS, იტალიის საუკეთესო საავადმყოფოს ტიტულს იღებს რეიტინგის თანახმად, რომელსაც ავტორიტეტული ჟურნალი Newsweek-ი ყოველწლიურად ადგენს. გასულ წელთან შედარებით, როდესაც რომის საავადმყოფო მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებს შორის 45-ე პოზიციაზე იყო,  წელს „ჯემელი“ 8 პოზიციით დაწინაურდა და 37-ე ადგილზე იმყოფება.

„ეს შედეგი მით უფრო მნიშვნელოვანია ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ყველა ჩვენგანი ვგრძნობთ კოვიდთან ხანგრძლივი ბრძოლის შედეგებს, რომლის დროსაც, ხანმოკლე პერიოდების გამოკლებით, კვირაში 7 დღე ვიყავით დაკავებული ბოლო ორი წლის განმავლობაში. ეს აღიარება უკვე ზედიზედ მეორე წელს ადასტურებს ჩვენი ძირითადი გადაწყვეტილებების  და მართვის სისტემების სისწორეს“, – ამბობს პროფესორი მარკო ელეფანტი, Fondazione Policlinico Universitario Agostino Gemelli IRCCS-ის გენერალური დირექტორი.

მისივე თქმით, გასული წელი პანდემიის გამო კიდევ ერთი რთული მონაკვეთი იყო და მოუხდათ ბევრ პროექტზე უარის თქმა… „მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის, რომ წინ ვიყუროთ და ჩვენი მომავალი დავგეგმოთ ინიციატივებით და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებით  – ისეთებით, როგორიცაა: ცენტრი CUORE, რომელიც უახლოეს რამდენიმე წელში აშენდება, აგრეთვე, ცენტრი Brain-ი ნევროლოგიური დაავადებებისათვის და Cancer Centre-ი – ონკოლოგიური ავადმყოფების სამკურნალოდ“, – აცხადებს პროფესორი.

ჟურნალი „ნიუსვიკი“ Statista Inc.-თან ერთად რეიტინგის შედგენისას  ითვალისწინებს ეფექტიანობის რამდენიმე  საკვანძო მაჩვენებელს (KPI), ექიმებისა და სამედიცინო მუშაკების ათობით ათასი ინტერვიუს შედეგებს, აგრეთვე, კლიენტების მიერ შევსებულ ანკეტებს, რამდენად კმაყოფილები იყვნენ საავადმყოფოს მომსახურებით.

კვლევის მეთოდოლოგიის აღწერაში ვკითხულობთ:

„მსოფლიოს საუკეთესო საავადმყოფოების 2022 წლის რეიტინგში ჩამოთვლილია საუკეთესო საავადმყოფოები 27 ქვეყანაში: აშშ, გერმანია, იაპონია, სამხრეთ კორეა, საფრანგეთი, იტალია, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, ბრაზილია, კანადა, ინდოეთი, ავსტრალია, მექსიკა, ნიდერლანდები, ავსტრია, ტაილანდი, შვეიცარია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისრაელი, სინგაპური, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და კოლუმბია. ქვეყნები შეირჩა მრავალი შედარების ფაქტორის საფუძველზე, როგორიცაა: ცხოვრების დონე/სიცოცხლის ხანგრძლივობა, მოსახლეობის რაოდენობა, საავადმყოფოების რაოდენობა და მონაცემთა ხელმისაწვდომობა.

წინასწარი რეიტინგები გადაეგზავნა სამედიცინო ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელს სანდოობის შესამოწმებლად. ცნობილ სამედიცინო ექსპერტთა გლობალურმა საბჭომ რეიტინგი დაადასტურა.

აქვე ვიტყვით, რომ მსოფლიო რეიტინგის პირველი სამი საავადმყოფო აშშ-ში მდებარეობს – Mayo Clinic – Rochester (1), Cleveland Clinic (2) და Massachusetts General Hospital (3).

ნინო ხოშტარია

იტალიური საავადმყოფოების სრული რეიტინგი შეგიძლიათ ნახოთ აქ [wp-svg-icons icon=”arrow-right” wrap=”i”] World’s Best Hospitals 2022 Italy

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close