პოლიტიკატექნოლოგიები

რუსეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ფეისბუქი და „მეტას“ ყველა პლატფორმა, აგრეთვე, ტვიტერი დაბლოკა

„როსკომნადზორმა“ (Роскомнадзор – კავშირგაბმულობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) რუსეთის მთელ ტერიტორიაზე ფეისბუქი და მისი მფლობელი კომპანია „მეტას“ ყველა პლატფორმა (ინსტაგრამი, ვოტსაპი) დაბლოკა.

როსკომნადზორს მოჰყავს „ფეისბუქის მიერ რუსული მედიისა და საინფორმაციო წყაროების დისკრიმინაციის“ 26 შემთხვევა 2020 წლის ოქტომბრის შემდეგ. იქვე ახსენებს ცოტა ხნის წინ ფეისბუქის მიერ რუსეთის სახელმწიფო მედიისთვის დაწესებულ შეზღუდვებს (ფეისბუქმა მათ თავის პლატფორმაზე რეკლამირება აუკრძალა).

ფეისბუქის დაბლოკვას წინ უძღოდა მზარდი პროტესტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის თაობაზე. ქუჩაში გამოსულ რუსეთის მოქალაქეებს პოლიცია დაუყოვნებლივ აპატიმრებს. პუტინის რეჟიმი უარყოფს რუსეთში საომარი მდგომარეობის შემოღების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, მაგრამ განუწყვეტლივ ემუქრება მედიასაშუალებებს, რომლებიც ომის შესახებ ცნობებს აქვეყნებენ. დაგეგმილია ვიკიპედიის დაბლოკვაც.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტვიტერიც დაიბლოკა.  ამის შესახებ გამოცემა „ფორბსი“ რუსულ „ინტერფაქსზე“ დაყრდნობით იუწყება. ამ უკანასკნელის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე ტვიტერზე წვდომა გენერალური პროკურატურის მიერ 24 თებერვლით დათარიღებული მოთხოვნის საფუძველზე შეიზღუდა.

ორი დღის წინ მუშაობა შეაჩერა ოპოზიციურმა ტელეარხმა „დოჟდმა“ – როგორც მისმა დამფუძნებლებმა და თანამშრომლებმა განაცხადეს, რუსეთის ხელისუფლება მათ სიმართლის თქმას უკრძალავს და ტყუილის თქმას აიძულებს, ასეთ ვითარებაში კი მუშაობა შეუძლებელია; როგორც ცნობილია, რუსეთის დუმის მიერ მიღებული  ახალი კანონის თანახმად, რომელსაც კენჭისყრისას ყველა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა მხარი, რუსეთის „საომარ ოპერაციაზე“ ფეიკნიუსების გავრცელება ისჯება 15 წლამდე პატიმრობით.

მანამდე კი „ეხო მოსკვიმ“ გამოაცხადა თვითლიკვიდაციის შესახებ მიუკერძოებელ და მართალ სიტყვაზე დაწესებული ცენზურის და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამო.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close