ალისა ხლანსი თავის მეგობრებთან ერთად თამაშობდა, როდესაც პარასკევს, 25 თებერვალს, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეორე დღეს მისი სკოლა რუსების თავდასხმის არეალში მოხვდა. პატარა გოგონა, რომელიც მხოლოდ 7 წლის იყო, უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარე სოფელ ახტირკის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანთან ერთად.
ექიმები ბავშვის გადარჩენას მთელი ძალებით ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ – გოგონა მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
პოლინა კი კიევის დაწყებითი სკოლის დამამთავრებელ კლასში სწავლობდა. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, იგი სროლების დროს დაიღუპა მშობლებთან ერთად. მთელი ოჯახი, დედ-მამა და 3 ბავშვი, რუსების თავდასხმის ეპიცენტრში აღმოჩნდა. პოლინას და და ძმა დაიჭრნენ, მათგან ერთი რეანიმაციაში მოათავსეს, მეორე კი – საავადმყოფოში.
მათ დრამატულ ისტორიებს, რომელთა შესახებაც ბიბისი წერს, მთელი მსოფლიოს საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ იმის დასტურად, რა სასტიკი შედეგები აქვს რუსეთის თავდასხმას მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.
დანარჩენი მსხვერპლის შესახებ დეტალური ინფორმაციები არ ვრცელდება, მათ ზოგადი სახელი აერთიანებთ – „რუსული აგრესიის მსხვერპლი“.
გაეროს მონაცემებით, 5 დღეში (28 თებერვლამდე) დაღუპულია 102 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 7 ბავშვი, თუმცა უკრაინის ხელისუფლება უფრო მძიმე მონაცემებზე საუბრობს: მათი ინფორმაციით, მოკლულია 352 მშვიდობიანი მცხოვრები, მათ შორის, 14 ბავშვი.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, 28 თებერვლის დილისთვის დაჭრილი იყო 2040 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 45 ბავშვი.
ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა კი უკრაინა უკვე დატოვა და ევროპას შეაფარა თავი.
More than 500,000 refugees have now fled from Ukraine into neighbouring countries.
— Filippo Grandi (@FilippoGrandi) February 28, 2022
ნინო ხოშტარია
კომენტარები