ავსტრიაში ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქე სიკვდილს გადაარჩინა (ვიდეო)
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და ავსტრიული „ვოლფსბერგერის“ მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ვენის „აუსტრიასთან“ შეხვედრის დროს მეტოქე გუნდის ფეხბურთელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია და შესაძლოა სიკვდილსაც კი გადაარჩინა.
ავსტრიის ბუნდესლიგის 21-ე ტურში „ვოლფსბერგერი“ ვენის „აუსტრიასთან“ მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა, ლუკა ლოჩოშვილმა კი მოედანზე სრულად ითამაშა. ავსტრიელი გულშემატკივრისა და მედიის ყურადღება შეხვედრის 87-ე წუთზე მომხდარმა შეჯახებამ მიიპყრო, როცა „ვოლფსბერგერის“ ფეხბურთელის ნიკოლას ვერაშინგის მუხლი „აუსტრიას“ ნახევარმცველ გეორგ ტაიგლს თავში მოხვდა და იგი მინდორზე მოწყვეტით დაეცა.
შეჯახების შემდეგ ვითარებაში პირველი სწორედ ლუკა ლოჩოშვილი გაერკვა, გათიშულ ტაიგლთან მივარდა და მისი ენა დაიჭირა, რათა შოკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულიყო.
View this post on Instagram
საბედნიეროდ, გეორგ ტაიგლი გონს მალევე მოვიდა და მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა. მომხდართან დაკავშირებით თავშეკავებულად ისაუბრა ლუკა ლოჩოშვილმა და აღნიშნა, რომ მის ადგილზე ნებისმიერი სპორტსმენი ანალოგიურად მოიქცეოდა.
„მივხვდი, რაც ხდებოდა და მისი პირის გაღება ვცადე. ენა მხოლოდ ბოლო მომენტში დავიჭირე. საბედნიეროდ, ვიცი, რა უნდა გავაკეთო ასეთ სიტუაციებში. მადლობა ღმერთს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხბურთი არის პატივისცემა და სამართლიანი თამაში. ამას ნებისმიერი გააკეთებდა“, – აღნიშნა ლოჩოშვილმა.
ქართველი მცველის საქციელი როგორც მის გუნდში, ისე მოწინააღმდეგე გუნდის წევრებმაც დააფასეს.
„ეს იყო დღის მთავარი მოვლენა. ყველანი ვამაყობთ ლოჩოთი ასეთი სწრაფი მოქმედებისთვის, ეს დაუჯერებელია“, – თქვა „ვოლფსბერგერის“ გერმანელმა მწვრთნელმა რობინ დუტმა.
ლუკასთვის მადლობის გადახდა არც „აუსტრიას“ მთავარ მწვრთნელ მანფერდ შმიდს დავიწყებია და მადლიერება ასე გამოხატა: „მადლობა უნდა გადავუხადოთ. პირველადი დახმარების აღმოჩენა ნასწავლიც რომ გქონდეს, ეს ადვილი არ არის“.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „აუსტრიას“ ექიმმა და აღნიშნა, რომ ლუკამ თავისი საქციელით შესაძლოა ტაიგლი სიკვდილისგანაც კი იხსნა.
ქართული სპორტის ქომაგს ლოჩოშვილის ამ საქციელზე აუცილებლად გაახსენდება 2014 წლის 30 მარტს უკრაინის ჩემპიონატში მომხდარი ფაქტი, როცა საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ მეტოქე გუნდის ფეხბურთელს დახმარება ანალოგიურად გაუწია. „დნიპროსა“ და კიევის „დინამოს“ შორის შეხვედრაში მაღალი ბურთისთვის ბრძოლაში მასპინძელთა მეკარემ კიეველთა კაპიტან ოლეგ გუსევს ტრავმა მიაყენა, რის შემდეგაც გუსევმა გონება დაკარგა, თუმცა მოედანზე მყოფმა ჯაბა კანკავამ უკრაინელს პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა.
sputnik-georgia.com
კომენტარები