fbpx
პოლიტიკა

რა შედეგები მოჰყვება, თუ რუსეთი ატომურ იარაღს აამოქმედებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, რომ რუსული არმიის შემაკავებელი ძალები საბრძოლო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ. ამან საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, რადგან როგორც ცნობილია, სტრატეგიული შეკავების ძალებს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლება აქვს. პუტინს არ დაუკონკრეტებია, რას გულისხმობდა, თუმცა გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის ბირთვული იარაღით იმუქრება.

აპირებს თუ არა ვლადიმირ პუტინი ბირთვული/ატომური იარაღის გამოყენებას – ვრცელდება მოსაზრებები, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ მინიშნებაა, რადგან სტრატეგიული შეკავების ძალების არსენალში სხვა სახის იარაღიც არსებობს.

არაერთგვაროვანი პროგნოზების მიუხედავად, აქტუალურია კითხვა – რა შედეგებს მოიტანს ატომური იარაღის ამოქმედება. ამ თემაზე „პრაიმტაიმი“ სპეციალისტ პაატა იმნაიშვილს ესაუბრა.

„ატომურ ბომბს აქვს სხვადასხვა ფაქტორი სიმძლავრიდან გამომდინარე, მაგალითად, დარტყმითი ტალღა, ელექტომაგნიტური იმპულსი, სითბური გამოსხივება, რაც იწვევს ნგრევას, ცეცხლის გაჩენას, ელექტრომაგნიტური ხელსაწყოების გათიშვას.

ეს არის წამიერი ეფექტები. ანუ რამდენიმე წამში იქნება საშინელი, დამანგრეველი მოქმედება, დაიწვება ტერიტორია. მიუხედავად იმისა, რომ ეს რამდენიმე წამში საშინელ ხოცვასა და ნგრევას გამოიწვევს, ატომურ ბომბს შენელებული მოქმედების ბომბს უწოდებენ. ამით გულისხმობენ, რომ დარჩენილი რადიაცია, რომელიც გარემოს დაცლის, შესაძლოა, საუკუნეც დარჩეს დაბინძურებული გარემო და ამ გარემოს დაბინძურება დიდად არის დამოკიდებული კლიმატურ პირობებზე. ანუ საით წაიღებს ამ რადიოაქტიულ ღრუბელს ქარი, როგორი იქნება, რა მანძილზე აფეთქდება, რა სიმაღლეზე, ბევრი ფაქტორია, მაგრამ შედეგები დამოკიდებულია მეტეოროლოგიურ პირობებზე. ადგილს, რელიეფს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა.

თუ ადამიანები გაფრთხილებულები იქნებიან, შეიძლება მსხვერპლი მინიმუმამდე დაიყვანოს. რადგან გაუფრთხილებლად კატასტროფაა. შედეგები შეიძლება ძალიან ცუდი იყოს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ პოლონეთისთვის, თავად რუსეთისთვის…

ჩერნობილის დროს რადიაციული ღრუბელი ჯერ ჩრდილოეთით წავიდა – სკანდინავიისკენ, შემდეგ სამხრეთისკენ წამოვიდა. ეს ყველაფერი ჰაერის მასებს მიაქვს. საქართველომდეც მოაღწია – 200 000 კვადრატული კილომეტრი დაისვარა მაშინ.

ჯანმრთელობის რა პრობლემა შეიძლება შეექმნას ადამიანს – ბელარუსში ძალიან დიდი რადიაციული იოდი დაგროვდა და ჩიყვის სიმსივნე, ლეიკემია გამოიწვია. ზოგიერთმა იმხელა დაზიანება მიიღო, რამდენიმე დღეში დაიღუპა, თუმცა, ეს ნელი მოქმედების ბომბია, წარმოუდგენელია თითქოს, ყველაფერი ინგრევა იქვე, მაგრამ ნელი მოქმედებისაა.

ჩერნობილის გარშემო 30 კილომეტრის რადიუსით გაუცხოების ზონაა, რომელიც კიდევ 3 საუკუნე იქნება. თუმცა ყველაზე ცუდი პანიკაა, სწორედ ეს უნდა მტერს“, – განაცხადა იმნაიშვილმა.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close