მსოფლიოიტალიაპოლიტიკა

იტალიის მთავრობამ უკრაინისთვის 110 მლნ ევროს დაუყოვნებლივი გადაცემა დაამტკიცა

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო აცხადებს, რომ ხელი მოეწერა რეზოლუციას უკრაინისთვის 110 მლნ ევროს დაუყოვნებლივ გადაცემის თაობაზე. ამის შესახებ დი მაიომ ტვიტერში დღეს, კვირას დაწერა.

„ჩემს კოლეგა დმიტრო კულებას ვუთხარი, რომ სულ ახლახან მოვაწერე ხელი რეზოლუციას უკრაინის მთავრობისთვის 110 მლნ ევროს დაუყოვნებლივ გადაცემის შესახებ, რაც არის იტალიის მხრიდან კონკრეტული სოლიდარობის და  დახმარების გამოხატულება უკრაინელი ხალხის მიმართ, რომელთანაც ძმური ურთიერთობა გვაქვს“, – წერს დი მაიო  Twitter-ში.

იტალიის მინისტრთა საბჭო ხვალ შეიკრიბება, რათა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით ახალი დადგენილებები მიიღოს. კერძოდ, ეს ეხება უკრაინის ხალხის გარანტირებული  მხარდაჭერის და დახმარების ზომებს უკრაინის სახელმწიფო ორგანოებისათვის საბრძოლო საშუალებების, მასალების და მოწყობილობების გადაცემის სახით.

უკრაინაში რუსეთის აგრესია პირველივე დღეს მკაცრად დაგმო იტალიის ყველა ძირითადმა პარტიამ, მათ შორის, მელონის „იტალიის ძმებმა“, სალვინის „ლიგამ“ და ბერლუსკონის „ფორცა იტალიამ“, რომლებიც რუსეთისა და პირადად მისი ლიდერისადმი სიმპათიებში იყვნენ „შემჩნეულნი“.

აღსანიშნავია, რომ იტალიამ ტრიესტსა და პიაჩენცაში დევნილების პირველი ნაკადი მიიღო. ფერნეტის (ტრიესტი) სასაზღვრო პუნქტში უკრაინული ნომრების მქონე ავტობუსით უკრაინიდან 100-მდე ადამიანი ჩავიდა – ძირითადად, ქალები და ბავშვები, მამაკაცები კი – ამ ქალების ქმრები და ბავშვების მამები უკრაინაში დარჩნენ მტერთან საბრძოლველად. ზოგიერთი ბავშვი მხოლოდ რამდენიმე თვისაა. საზღვარზე მათ ელოდნენ კარაბინერები, პოლიცია და ფინანსური გვარდია. ისინი სხვადასხვა ქალაქში გაამგზავრეს მეგობრებსა და ახლობლებთან.

როგორც ცნობილია, კვირასვე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეპ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, დააფინანსონ უკრაინის არმიისთვის იარაღისა და სხვა მასალების, კერძოდ, საწვავის  მიწოდება. ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინას სამხედრო თვითმფრინავებს მიაწვდის – ავიაგამანადგურებლებს და მოიერიშე თვითმფრინავებს.

აგრეთვე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტის  მორიგ პლენარულ სესიაზე სამშაბათს განსახილველად წარმოადგენენ უკრაინის მხარდამჭერ მძლავრ რეზოლუციას.

როგორც ცნობილია, იტალიამ მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას. ამ სისტემიდან გათიშვას, სპეციალისტების თქმით, რუსეთის ეკონომიკისთვის ბირთვული დარტყმის ეფექტი ექნება.

თეთრმა სახლმა დღეს საღამოს გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას შემდეგ, რაც იაპონიამ განაცხადა  თანხმობა, დიდი შვიდეულის (G7) ყველა ქვეყანა მხარს უჭერს რუსეთის SWIFT-იდან გათიშვას.

SWIFT-ი მსოფლიოში დომინანტი გლობალური საგადახდო საბანკო სისტემაა. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, „[რუსული] ბანკების გათიშვა ამ სისტემიდან მათ საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გამორთავს და მათთვის შეუძლებელს გახდის ფინანსური ოპერაციების დიდი ნაწილის შესრულებას, ტრანზაქციებს მთელ მსოფლიოში და ეფექტიანად დაბლოკავს რუსეთის ექსპორტს და იმპორტს. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას პუტინს, გამოიყენოს სამხედრო ბიუჯეტი, ჩვენ მოვახდენთ ცენტრალური ბანკის აქტივების პარალიზებას. ეს გაყინავს მის ტრანზაქციებს და ცენტრალურ ბანკს მოესპობა საშუალება, მოახდინოს თავისი აქტივების ლიკვიდაცია“, – განაცხადა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close