პოლიტიკა

რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე – როგორ ეხმაურება მსოფლიო რუსეთის აგრესიას

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო მეზობელი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის თავდასხმის გამო უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 05:00 საათიდან რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არტილერიის და მძიმე ტექნიკის გამოყენებით შეუტიეს როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ტერიტორიიდან.

აი, როგორ გამოეხმაურა მსოფლიო კრემლის აგრესიას:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება

„პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. გრძელდება დარტყმები უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე. ეს თავდასხმითი ომია. უკრაინა თავს დაიცავს და გაიმარჯვებს. მსოფლიოს შეუძლია პუტინის შეჩერება და მათ ეს უნდა გააკეთონ. ახლა მოქმედების დროა“.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

„პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარ დაგეგმილი ომი, რომელიც მოიტანს ადამიანთა სიცოცხლის კატასტროფულ დანაკარგს და ადამიანების ტანჯვას. მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი სიკვდილზე და ნგრევაზე, რომლებსაც ეს შეტევა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები ამას ერთიან და გადამწყვეტ პასუხს გასცემენ. მსოფლიო რუსეთს პასუხს აგებინებს”

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი

„პრეზიდენტმა პუტინმა ომი დააბრუნა ევროპაში… ჩვენ მიზანში ამოვიღებთ რუსეთის ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებს და შევზღუდავთ წვდომას ტექნოლოგიებზე და ბაზრებზე, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობისაა რუსეთისთვის. ჩვენ დავასუსტებთ რუსეთის ეკონომიკის საფუძველს და მისი მოდერნიზაციის შესაძლებლობას“.

ევროკომისიის საგარეო პოლიტიკის მესვეური ჟოზეპ ბორელი

„ეს ევროპისათვის ყველაზე მძიმე დროა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ… ევროკავშირი ყველაზე შესაძლებელ პასუხს გასცემს და შეთანხმდება სანქციების უმკაცრეს პაკეტზე, რაც კი ოდესმე განხორციელებულა“.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი

„ჩვენ განვახორციელებთ სრულ პაკეტს, სადაც შევა ყველაზე მასობრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და გავაძლიერებთ ჩვენს უსაფრთხოებას და ჩვენს მოკავშირეებს“.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი

„საფრანგეთი მკაცრად გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შესახებ. რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მისი სამხედრო ოპერაცია“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი

„პრეზიდენტმა პუტინმა არჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა, დაიწყო რა არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინაზე“.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი

„ეს საერთაშორისო კანონების უხეში დარღვევაა და სერიოზული მუქარა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების წინააღმდეგ… ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვარ ამ უმძიმეს დროს. ნატო ყველაფერს გააკეთებს, რომ ყველა მოკავშირე დაიცვას“.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა

„მე მოწოდებით გამოვდივარ, შეწყდეს სამხედრო ოპერაცია და უკრაინას თავი დაანებონ. ყველაფერს ვიზამ, რათა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში“.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„ქართველი ერი შოკირებულია უკრაინაში რუსული აგრესიით. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და სამხედრო ოპერაციების შეწყვეტის მოწოდებით გამოვდივართ“.

წყარო: radiotavisupleba.ge

p. s. უკრაინაში მოქმედი ქართველ მოხალისეთა ბატალიონ „ქართული ლეგიონის” მეთაურის, მამუკა მამაულაშვილის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ რუსული შვეულმფრენები კიევის ოლქში გამოჩნდნენ და უკრაინელ დამცველთა პოზიციებს შუტიეს, სადაც ქართველ მოხალისეთა ნაწილიც იმყოფება.

„„ბელარუსიდან არიან შემოსულები, რა თქმა უნდა. მე როგორც ვთქვი მოვლენები იმ სცენარით განვითარდა. სამი მიმართულებით უტევენ კიევს. მუშაობს ჰაერი, რეაქტიული არტილერია. აი ალბათ გესმით მთელი ისაა კიევის მახლობლად… (ხმა წყდება.-რედ), – ამბობს მამუკა მამულაშვილი, რომელსაც რადიო თავისუფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close