ჯონი დეპი თავის 11 111 ნახატს გასაყიდად NFT-ის სახით გამოიტანს – ამის შესახებ ჰოლივუდის მსახიობმა სპეციალურად პროექტისათვის Never Fear Truth („არასდროს შეგეშინდეს სიმართლის“) შექმნილ საიტზე განაცხადა.
ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჯონი ამბობს, რომ ხელოვნება მის ცხოვრებაში მსახიობობამდე დიდი ხნით ადრე არსებობდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის აგრძელებდა ხატვას, მაგრამ არ ცდილობდა ეჩვენებინა საზოგადოებისთვის თავისი ნამუშევრები სხვა მხატვრების პატივისცემის გამო, რომელთაც საკუთარი ნახატების პოპულარიზაცია არ შეუძლიათ ცნობილი სახელის გამოყენებით.
ახლა კი მსახიობმა გადაწყვიტა, თავი აღარ შეიზღუდოს და მაყურებელს წარუდგინოს თავისი ნახატების პირველი კოლექცია სახელწოდებით „მეგობრები და გმირები“. კოლექციაში შედის ცნობილი პიროვნებების პორტრეტები, რომლებიც ჯონი დეპის შთაგონების წყაროდ იქცნენ (მარლონ ბრანდო, ელიზაბეთ ტეილორი, ჰიტ ლეჯერი), ასევე, მეგობრებისა და საყვარელი ადამიანების პორტრეტები, მაგალითად, მისი ქალიშვილის – ლილი-როუზის და მისი ძაღლის, სახელად მუ.
„ჩემს პროექტს დავარქვი „არასდროს შეგეშინდეს სიმართლის“. ეს მესიჯი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და ბოლო წლებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა“, – ამბობს მსახიობი და ამით მიანიშნებს სკანდალზე ყოფილ მეუღლესთან – ემბერ ჰერდთან, რომელმაც ის ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, რის გამოც ჯონის ჰოლივუდში ბოიკოტი გამოუცხადეს.
ჯონი დეპი გეგმავს ნახატების გაყიდვიდან აღებული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდებს გადაურიცხოს. მსახიობი იმედოვნებს, რომ დაეხმარება ბავშვთა საავადმყოფოებს ლოს-ანჯელესსა და ლონდონში, ელიზაბეთ ტეილორის შიდსის ფონდსა და მწერალ ჰანტერ ტომპსონის ხსოვნის პატივსაცემად შექმნილ ფონდს.
ყველასთვის, ვინც ჯონი დეპის ნახატების ციფრულ ვერსიებს (NFT სახით – უნიკალური ციფრული სერტიფიკატით) შეიძენს, ასევე ხელმისაწვდომი იქნება მსახიობის დახურული ჯგუფი, სადაც შეეძლებათ მასთან ერთად შემოქმედებით პროექტებზე მუშაობა.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ჯონი დეპი დიდ ეკრანზე დაბრუნდება ფრანგი კინორეჟისორის, მაივენის ფილმით ლუდოვიკო XV-ის შესახებ.
თამთა გურული
კომენტარები