„სააკაშვილს საქართველოში უნდა დახვედროდნენ, თუმცა არ დახვდნენ“
საიდუმლო მარშრუტის კიდევ რა დეტალები გაამხილა სატვირთოს მძღოლმა
ვიდრე საზღვრის კვეთის საქმეზე მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება, შესაძლოა ამავე საქმეზე დაკავებული სხვა პირებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ და ციხე დატოვონ. როგორც ცნობილია, ელგუჯა ცომაიამ, მამა-შვილმა წოწორიებმა და გიორგი ნარიმანიძემ უკვე მისცეს როგორც აღიარებითი, ისე მამხილებელი ჩვენებები.
„კურიერმა“ მოიპოვა ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მძღოლის – ელგუჯა ცომაიას ჩვენება, სადაც ის გარემოებების აღწერის გარდა საკუთარ მოტივაციაზეც საუბრობს, თუ რა მიზნით დაეხმარა ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთაში.
ელგუჯა ცომაია ამხელს საიდუმლო მარშრუტის ყველა მონაწილეს, მათ შორის, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს, რომლისგანაც სააკაშვილის ტრანსპორტირების დავალება მიიღო, სანაცვლოდ კი ლორთქიფანიძე მას ვალის ამოღებაში დახმარებას დაპირდა.
„უკრაინაში გია ლორთქიფანიძის თხოვნით ჩავედი, ჩემი სატვირთო ავტომობილი მაწვნითა და არაჟნით დავტვირთე. შემდეგ გიამ მითხრა, რომ მიხეილ სააკაშვილს ჩემამდე მისი მძღოლი იურა მიიყვანდა. ჩერნომორსკში მძღოლმა მოიყვანა მიხეილ სააკაშვილი, მას თან ახლდა გია ლორთქიფანიძე. მიხეილ სააკაშვილი შემოვიდა სატვირთო ავტომობილში და მოსასვენებელ კაბინაში მოთავსდა, რის შემდეგაც სატვირთო გემზე დავტვირთეთ“, – აცხადებს ელგუჯა ცომაია ჩვენებაში.
ირკვევა, რომ გეგმის განხორციელებისას სააკაშვილს საქართველოში 2 დამხმარე უნდა დახვედროდა, ერთი ფოთში, მეორე კი თბილისში, თუმცა არცერთი გამოჩენილა. ჩვენების მიხედვით, რომ არა ცომაიას კეთილი ნება, ექსპრეზიდენტს ქუჩაში მარტო დარჩენა ემუქრებოდა.
სატვირთოს მძღოლის ჩვენებით, სააკაშვილი დაკავების სერიოზული საფრთხის წინაშე გზად სამჯერ აღმოჩნდა. პირველად ჩერნომორსკში, როდესაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა რძის ნაწარმით დატვირთული ტრაილერი ისე დალუქეს, რომ დამალული ექსპრეზიდენტი ვერ შენიშნეს. მერე იყო ფოთის პორტი და კონტეინერზე ქართული ლუქის დადება – ის ვერც ქართველმა მესაზღვრემ შეამჩნია. ბათუმში პატრულმა ელგუჯა ცომაიას მიკროავტობუსი გააჩერა. სააკაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, თუმცა ის ვერც პატრულმა იცნო.
„გაგვაჩერა პატრულმა და მომცა გაფრთხილება უკანა ფარის გაუმართაობის გამო. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იჯდა ჩემ გვერდით, თავზე ეხურა კეპი, ეკეთა სათვალე და პირბადე. პატრულის თანამშრომელმა გაფრთხილების დაწერის შემდეგ დამრთო წასვლის ნება და მეც გავაგრძელე გზა თბილისისკენ. მიხეილ სააკაშვილს შეეშინდა, რომ კიდევ ვინმე გაგვაჩერებდა და გადავწყვიტეთ, რომ არა ჩემი მიკროავტობუსით, არამედ სატვირთოთი წავსულიყავით თბილისში“, – ამბობს ცომაია ჩვენებაში.
სააკაშვილის და ლორთქიფანიძის ჩათვლით ამ საქმეს 6 ბრალდებული ჰყავს.
ავტორი: ხათუნა გაგნიძე
rustavi2.ge
კომენტარები