ათენში დამ ძმა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა – რა გახდა ტრაგედიის მიზეზი
დიდი ტრაგედია დატრიალდა საბერძნეთში, ათენის გარეუბან ნეო ირაკლიოში, ოლიმპიასის ქუჩაზე 7 დეკემბერს. 29 წლის დამ თოფით ჯერ თავისი 34 წლის ძმა მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
„ტო ვიმას“ ცნობით, ცხედრები მესამე ძმამ აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. მან სამართალდამცველებს ჩვენება მისცა, რომ მის და-ძმას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, რომელიც უფრო გამწვავდა დედის გარდაცვალების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათი დედა 7 თვის წინ კიბოთი გარდაიცვალა, რამაც, როგორც ჩანს, და-ძმაზე ძლიერ იმოქმედა. ამას ადასტურებს მათ მიერ დატოვებული წერილები, რომ საკუთარი ნებით ემშვიდობებიან სიცოცხლეს, რადგან დედის სიკვდილი ვერ გადაიტანეს.
ახალგაზრდები საკუთარი სახლის სახურავზე ავიდნენ, დასხნენ დივანზე ერთმანეთის პირისპირ და ჯერ დამ ძმას ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მკვლელობის იარაღი ამოიღო. დამატებითი ინფორმაცია ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.
მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და ამბობენ, რომ გაოგნებულები და დამწუხრებულები არიან მომხდარის გამო.
მედიის ინფორმაციით, დიდი მეგობრული ოჯახი ოლიმპიასის ქუჩაზე, სამსართულიან სახლში ცხოვრობდა. დედა დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა სიმსივნეს და 7 თვის წინ გარდაიცვალა, მამა პენსიონერია. ოჯახიდან მხოლოდ ერთი ძმა მუშაობდა და ოჯახს ინახავდა. გარდაცვლილები უმუშევრები იყვნენ.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები