მსოფლიოპოლიტიკა

ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო ნაწილობრივი ლოქდაუნი დაწესდა

13 ნოემბრიდან სამი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ბარი, რესტორანი და მაღაზია 20:00 საათზე დაიკეტება, ხოლო არაპირველადი საჭიროების პროდუქციის მაღაზიები - 18:00 საათზე

ნიდერლანდები პირველი ქვეყანაა დასავლეთ ევროპაში, რომელმაც ნაწილობრივი ლოქდაუნი დააწესა ამ შემოდგომაზე COVID-19 შემთხვევების მკვეთრი ზრდის გამო. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მარკ რუტემ პარასკევს საღამოს, 12 ნოემბერს პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შეზღუდვები შეეხება ბარებს, რესტორნებსა და მაღაზიებს, სადაც არაპირველადი საჭიროების საქონელი იყიდება, აგრეთვე, სპორტულ ღონისძიებებს.

ლოქდაუნის დაწესების უმთავრესი მიზანი ჯანდაცვის სისტემის განტვირთვაა.

შეზღუდვების თანახმად, რომლებიც  დღეიდან, 13 ნოემბრიდან ამოქმედდა, ბარები, რესტორნები და მაღაზიები 20:00 საათზე დაიკეტება, ის მაღაზიები კი, სადაც არაგადაუდებელი საჭიროების საქონელი იყიდება – უკვე 18:00 საათზე.

დაწესდა შეზღუდვა შეკრებებზეც: მოქალაქეებს უფლება აქვთ, სახლში შეიკრიბონ არაუმეტეს ოთხკაციან ჯგუფებად. ისევ აღდგა ადამიანთა შორის სავალდებულო სოციალური დისტანცია – 1,5 მეტრი. ხელისუფლება მოქალაქეებს ურჩევს, შეძლებისდაგვარად სახლიდან იმუშაონ.

ქვეყანაში გაუქმდა მასშტაბური ღონისძიებები, საფეხბურთო მატჩები კვლავ მაყურებლის გარეშე ჩატარდება. სკოლები, თეატრები და კინოთეატრები ღია რჩება, მთავრობა არც კომენდანტის საათს აწესებს.

აღნიშნული შეზღუდვები 3 კვირის განმავლობაში იქნება ძალაში, შემდეგ კი რესტორნებში, კაფეებსა და დასასვენებელ ადგილებზე დაიშვებიან მხოლოდ ისინი, ვისაც ვაქცინაციის სერტიფიკატი ან  COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების ცნობა ექნება.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ჯანდაცვის სისტემა ძლიერ ზეწოლას განიცდის კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო. „ვირუსმა, რომელიც ყველგან არის, ძლიერი დარტყმა უნდა მიიღოს“, – განაცხადა მან.

შეზღუდვებმა ნიდერლანდებში უკვე გამოიწვია პროტესტი. იუსტიციის სამინისტროს შენობის წინ, სადაც მარკ რუტეს პრესკონფერენცია იმართებოდა, ათობით მოწინააღმდეგე შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც მომიტინგეებმა პეტარდებისა და ქვების სროლა დაიწყეს, პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლით შეეცადა. AFP-ის ჟურნალისტის ცნობით, პოლიციასთან შეტაკებაში 200-მდე დემონსტრანტი მონაწილეობდა.

გუშინ ნიდერლანდებში კორონავირუსული ინფექციის 16300-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა (24 საათის განმავლობაში). წინა პიკი – თითქმის 13 000 შემთხვევა – 2020 წლის დეკემბერში დაფიქსირდა, როცა ვაქცინაცია ჯერ დაწყებულიც არ იყო. ამჟამად ნიდერლანდებში სრულად ვაქცინირებულია კორონავირუსის წინააღმდეგ 12 წელზე უფროსი ასაკის მაცხოვრებლების 82%, ხოლო ზრდასრულთა 85%, რაც მთავრობას იმედს აძლევდა, რომ შეზღუდვებს კიდევ შეამცირებდა, თუმცა ასე არ მოხდა. რევაქცინაცია ნიდერლანდებში დეკემბრიდან იგეგმება.

ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია მთლიანობაში  2 269 235 შემთხვევა, გარდაცვლილია 18695 ადამიანი; დღეისათვის აქტიური პაციენტია 236230. მიუხედავად ამის, აცრის მაღალი მაჩვენებლის გამო კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მხოლოდ 345 პაციენტი იმყოფება.

ნიდერლანდები ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც შეზღუდვები წესდება. მაგ., ავსტრიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში არავაქცინირებულებს შეზღუდვებს დაუწესებს. საბერძნეთში დღეიდან სუპერმარკეტებში შესვლაზე ახალი წესი ამოქმედდა – დახურულ სივრცეში დასაშვებია მაქსიმუმ 1 ადამიანი საშუალოდ ყოველ 9 კვადრატულ მეტრზე (აქამდე დაშვებული იყო 1 ადამიანი საშუალოდ ყოველ 2 კვ. მეტრზე). არავაქცინირებულებისგან სწრაფი ტესტის პასუხის მოთხოვნაზე მაღაზიაში შესასვლელად საბერძნეთის მთავრობამ უარი თქვა მოქალაქეთა მკვეთრად უარყოფითი რეაქციის გამო.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close