მსოფლიოკრიმინალი

ამერიკელ მილიონერს 21 წლის წინანდელი მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა

ამერიკელ მილიონერს რობერტ დერსტს (Robert Durst) ლოს-ანჯელესის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა ვადამდელი გათავისუფლების უფლების გარეშე. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო მეგობარი ქალის, სიუზან ბერმანის მკვლელობაში. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.

დანაშაული 21 წლის წინათ მოხდა – 55 წლის ქალის ცხედარი ბევერლი ჰილსში, მისსავე სახლში იპოვეს ცოტა ხნით ადრე მანამ, სანამ ის დერსტის ცოლის გაუჩინარების შესახებ ჩვენების მისაცემად წავიდოდა. სუზანს ტყვია თავში ჰქონდა ნასროლი. თავად მილიონერი თავისი მეგობარი ქალის მკვლელობას უარყოფს.

78 წლის დერსტს, რომლის ქონება 100 მლნ დოლარს შეადგენს, გამომძიებლებმა „ნარცისი ფსიქოპათი“ შეარქვეს. მას კიდევ 2 ადამიანის მკვლელობას მიაწერენ.

დერსტის ცოლი კეტლინ მაკკორმაკი 1982 წელს უგზო-უკვლოდ გაუჩინარდა და საბოლოოდ გარდაცვლილად გამოცხადდა 2017 წელს. მისი ცხედარი ვერ იპოვეს და ბრალი ვერავის წაუყენეს.  მისი გაუჩინარების საქმეზე გამოძიება 1999 წელს განახლდა, 2000 წელს სიუზანს ჩვენება უნდა მიეცა ამ ფაქტთან დაკავშირებით, მაგრამ არ დასცალდა.

მილიონერის მესამე მსხვერპლად მიიჩნევა მორის ბლექი, მსჯავრდებულის ტექსასელი მეზობელი, რომელმაც, როგორც გამოძიება ვარაუდობს, ამოიცნო რობერტ დერსტი, რომელიც ტექსასში იმალებოდა, როგორც ვითომ მუნჯი ქალი. სასამართლომ ამ მკვლელობაში მილიონერი გაამართლა, რადგან ჩათვალა, რომ იგი თავდაცვის მიზნით მოქმედებდა.

რობერტ დერსტის გამამტყუნებელ ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მისი შემთხვევითი აღიარება აღმოჩნდა –  HBO-ს დოკუმენტურ სერიალში, The Jinx-ში („მილიარდერის საიდუმლოებები. რობერტ დერსტის ცხოვრება და სიკვდილები“) მონაწილეობისას, გადაღების დროს იგი ტუალეტში გავიდა და საკუთარ თავს ელაპარაკებოდა. მილიონერს დაავიწყდა, რომ მიკროფონი არ ჰქონდა მოხსნილი: „აი, შენც ჩავარდი! ეს რა ვქენი, ეშმაკმა წამიღოს! რა თქმა უნდა, ისინი ყველა მე მოვკალი“. დაცვის მხარის პროტესტის მიუხედავად ეს ჩანაწერი სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო. რობერტ დერსტი 2015 წლის მარტში დააკავეს, სექტემბერში სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო და 14 ოქტომბერს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close