ცნობილია, რომელ ფილმს წარადგენს საქართველო „ოსკარსა“ და „ოქროს გლობუსზე“
„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ პრესტიჟული ჯილდოების მოსაპოვებლად საქართველომ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ (“BRIGHTON 4TH”) შეარჩია.
ფილმში „მეოთხე ბრაიტონი“ მოთხრობილია ამაღელვებელი ისტორია ქართველი მოჭიდავის – კახის შესახებ, რომელიც ბრუკლინში ჩადის, რათა შვილს აზარტული თამაშების ვალის გადახდაში დაეხმაროს.
ფილმში მთავარ გმირს – კახის ლეგენდარული ქართველი მოჭიდავე, მსოფლიოს ხუთგზის და ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი განასახიერებს. ერთ-ერთ მთავარ როლშია ასევე ლეგენდარული ქართველი მსახიობი კახი კავსაძე, რომლისთვისაც „მეოთხე ბრაიტონი“, სამწუხაროდ, ბოლო ფილმი აღმოჩნდა.
ფილმის დამდგმელი ოპერატორია ფედონ პაპამიქაელი, რომელიც ორჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე“, როგორც საუკეთესო კინოოპერატორი.
ცოტა ხნის წინ ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ საერთაშორისო კინოფესტივალზე სამი მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა: საუკეთესო ფილმი; საუკეთესო სცენარი; საუკეთესო მსახიობი – ლევან თედიაშვილი.
საქართველოდან „ოსკარზე“ გასაგზავად შერჩეული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი. ფილმის ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ-იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. თანადამფინანსებელია საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“.
„ოსკარზე“ ამერიკის კინოაკადემიის 2022 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევა ეროვნულმა კინოცენტრმა პირველ სექტემბერს დაიწყო.
წელს „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად სამი ქართული ფილმი იბრძოდა: რეჟისორ ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“, რეჟისორ ნინო ბასილიას „პერსონა #2“ და ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონი“.
საქართველოს კანდიდატი ფილმი სპეციალურმა კომისიამ ფარული კენჭისყრის საფუძველზე შეარჩია.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები