ბუბა კიკაბიძის მეუღლე გარდაიცვალა
ბუბა კიკაბიძის მეუღლე ირინა ქებაძე გარდაიცვალა. ბოლო ხანს ქალბატონი ირინა ავადმყოფობდა და ასაკთან დაკავშირებული პრობლემებით გარდაიცვალა.
ბუბამ და ირინამ 1965 წელს იქორწინეს და, როგორც მომღერალი ამბობს, 50 წელზე მეტი ერთ ქალზე იყო შეყვარებული. ქალბატონი ირინა წარმატებული ბალერინა იყო, მაგრამ კარიერის ნაცვლად მთელი ცხოვრება ბუბას მიუძღვნა. როგორც ახლობლები ამბობენ, ყოველთვის გვერდში ედგა, ყველგან ერთად იყვნენ.
ქალბატონმა ირინამ პირველი ოჯახი მსახიობ გურამ საღარაძესთან შექმნა. მათ ერთი საერთო შვილი, მსახიობი მარინა საღარაძე ჰყავთ, რომელიც ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
„ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან. გურამ საღარაძე და ირინა უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე“, – თქვა წლების წინ ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში ბუბა კიკაბიძემ
ბატონ ბუბას და ქალბატონ ირინას ერთი საერთო ვაჟი, კოკა ჰყავთ.
კომენტარები