იტალიაპოლიტიკა

იტალიაში „ფერები“ ბრუნდება: სიცილია „ყვითელ ზონაში“ გადავიდა – რა შეზღუდვები ამოქმედდა?

პირბადე აუცილებელია ღია სივრცეშიც, რესტორანში მაგიდასთან დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაცის გამასპინძლება

ორშაბათიდან, 30 აგვისტოდან სიცილია „თეთრიდან“ „ყვითელ ზონაში“ გადავიდა. ახალ ეპიდემიოლოგიურ კლასიფიკაციასთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი შეზღუდვაა პირბადის სავალდებულო ტარება ღია სივრცეშიც და რესტორანში ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 4 კაცის მოთავსება (რაოდენობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს ერთი ოჯახის წევრების შემთხვევაში).

კუნძული იტალიის სხვა რეგიონებს ჩამორჩება ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობით მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი ინიციატივა განახორციელა იმუნიზაციის წასახალისებლად. რეგიონის პრეზიდენტი ნელო მუზუმეჩი აცხადებს, რომ „უკვე აღარ შეიძლება უმცირესობის ეგოიზმის ატანა“; მისი თქმით, „მოელის, რომ სიცილიელები მოიხდიან თავიანთ მოქალაქეობრივ ვალს… კიდევ რა უნდა მოხდეს? თითქმის ყველა არავაქცინირებული ინფიცირებული რეანიმაციაში ხვდება“, – აცხადებს იგი. ჯანდაცვის რეგიონული მრჩეველი რუჯერო რაცა კი ამბობს, რომ ადრე თუ გვიან ხელისფლების დღის წესრიგში დადგება ვაქცინაცის სავალდებულოდ გამოცხადება, განსაკუთრებით ზოგიერთი ყველაზე მოწყვლადი კატეგორიებისთვის: „არ მესმის, გაუთვითცნობიერებელმა უმცირესობამ რატომ უნდა მოახდინოს ზეგავლენა მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობის ცხოვრებაზე? ეს პრობლემაა, რომელიც ეროვნულმა მთავრობამ პირველ რიგში უნდა გადაწყვიტოს“.

სიცილია „ყვითელ ზონაში“  გადასვლის კანდიდატად (სარდინიასთან ერთად) ბოლო თითქმის 2 კვირაა სახელდებოდა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების გაუარესების გამო. ბოლო მონიტორინგის შედეგებით, კუნძულმა იმ 3-ვე პარამეტრის ზედა ზღვარს გადააჭარბა, რომელიც ხელისუფლებამ დააწესა ეპიდემიოლოგიური ფერის შეცვლის პირობად: სიცილიაზე ამ დროისთვის დაკავებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილების საწოლების 12%, ჩვეულებრივი პალატების კი – 19% (დასაშვები ზღვრული მაჩვენებლებია, შესაბამისად, 10% და 15%). ამ რეგიონში იტალიაში ყველაზე მაღალი ინფიცირების დონეა – 200-ზე მეტი ინფიცირებული 100 000 მოსახლეზე 7 დღის განმავლობაში (მაშინ, როდესაც „თეთრ ზონაში“ დარჩენის ზღვრული მაჩვენებელი 50-ს შეადგენს).

ამ შემთხვევაში „ყვითელი ზონა“ არ ითვალისწინებს არანაირ შეზღუდვას რეგიონებს შორის გადაადგილებაზე, „მწვანე საშვის“ გარეშეც, არც გადადგილების საათობრივ შეზღუდვას ანუ არ მოქმედებს კომენდანტის საათი, რომელიც 21 ივნისს გაუქმდა.

რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, თუ „თეთრ ზონაში“ პირბადის ტარება აუცილებელია დახურულ შენობებში, „ყვითელ ზონაში“ პირბადე სავალდებულოა ღია სივრცეშიც. თეატრები, კინოთეატრები, საკონცერტო დარბაზები, მუზეუმები და სპა ცენტრები ისევ ხელმისაწვდომია, მხოლოდ „მწვანე საშვის“ მფლობელთათვის, ისევე როგორც „თეთრ ზონებში“.

რესტორნებიც არ იკეტება – არც დახურულ სივრცეში (თუმცა შენობაში სტუმრები მხოლოდ „მწვანე საშვით“ დაიშვებიან) და არც ღია ტერასაზე („მწვანე საშვის“ გარეშე), თუმცა „თეთრი ზონისგან“ განსხვავებით „ყვითელში“, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი ოჯახის წევრების გარდა, ერთ მაგიდასთან ერთდროულად დასაშვებია მაქსიმუმ 4 ადამიანის მოთავსება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close