„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა
კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება.
ახალი წესების თანახმად, სავალდებულო გახდება პირბადის ტარება ღია სივრცეში 100 ან მეტი ადამიანის თავშეყრის შემთხვევაში, ოფისებში საჯარო მოსამსახურეთა რაოდენობა 50%-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო კერძო სექტორს მოუწოდებენ, დასაქმებულებს სახლიდან მუშაობის საშუალება მისცენ. გარდა ამისა, 12 წლამდე ინფიცირებული ბავშვების ვაქცინირებულ მომვლელებს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევთ.
აღსანიშნავია, რომ 20 აგვისტოდან ე.წ. „მწვანე საშვის“ სისტემის მოქმედება ყველა შეკრებაზე გავრცელდება, ხოლო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არავაქცინირებული ბავშვების დაშვება შეიზღუდება.
ისრაელის მთავრობის განცხადებით, მცირეწლოვან ბავშვებს ასევე უნდა ჩაუტარდეს ტესტირება ღონისძიებების ჩატარების ადგილებში შესასვლელად. ეს რეგულაცია ასევე 20 აგვისტოდან ამოქმედდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზრდება.
ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა აიელეტ შეკედმა კი განაცხადა, რომ ერთადერთი გზა ისრაელისთვის, რომ თავიდან აიცილოს მეოთხე ლოკდაუნი, კვირაში მილიონი ადამიანის ვაქცინაციაა.
imedinews.ge
კომენტარები