კიდევ ერთი გარანტირებული მედალი ოლიმპიადაზე – გენო პეტრიაშვილი ფინალშია!
თავისუფალი სტილით მოჭიდავე, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრი გენო პეტრიაშვილი (125 კგ) ოლიმპიადის ფინალშია, შესაბამისად, ჩვენს გუნდს კიდევ ერთი ოქროს მოპოვების შანსი აქვს, ვერცხლის მედალი ხომ გარანტირებულია. ფინალური შეხვედრა ხვალ, 6 აგვისტოს 14:30 საათზე დაიწყება.
ფინალში პეტრიაშვილის მოწინააღმდეგე 21 წლის ამერიკელი გეიბლ სტივენსონი იქნება, რომელმაც მეოთხედფინალურ ორთაბრძოლაში ერთ-ერთი ფავორიტი – თურქი ტაჰა აკგული დაამარცხა ანგარიშით 0:8, ნახევარფინალში კი მონღოლ მუნხტურს სძლია 5:0.
გენო პეტრიაშვილმა წინასწარი შეხვედრები კარგად ჩაატარა, ნახევარფინალში ირანელ ამილ ჰოსეინ ზარეს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა ანგარიშით 6:3.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში დღეს საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ავთანდილ კენჭაძე (74 კგ) ასპარეზობდა, თუმცა პირველ წრეში იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელთან, მსოფლიო ჩემპიონ და ოლიმპიურ მედალოსან ფრანკ ჩამიზოსთან დამარცხდა. იტალიელი ფინალში ვერ გავიდა და, შესაბამისად, ავთანდილ კენჭაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შესაძლებლობა არ მიეცა.
ნუცა ყაველაშვილი
კომენტარები