3 თვის თავზე ანულირებული „შარლ მიშელის შეთანხმება“ და პოლიტიკური კრიზისის პერსპექტივა (ვიდეო)
დატოვებენ თუ არა ისევ პარლამენტს ოპოზიციონერი დეპუტატები?
ხელმოწერიდან თითქმის სამი თვის თავზე შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად და ამოწურულად ცხადდება.
მმართველი პარტიის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ ისედაც მძიმე პოლიტიკური სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა. ოპოზიცია კონსულტაციებს აანონსებს, ნაწილი პარლამენტის დატოვებას და თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტირებას არ გამორიცხავს. საერთო საპასუხო სტრატეგიის აუცილებლობაზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც დოკუმენტზე ხელი საერთოდ არ აქვს მოწერილი.
რაც შეეხება შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის მიზეზებს: „ქართული ოცნება“ დოკუმენტის თითქმის ყველა პუნქტს შესრულებულად აცხადებს და ფიქრობს, რომ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის მხრიდან ხელმოწერაზე უარის ფონზე მმართველი გუნდი შეთანხმების მიმართ ცალმხრივ ერთგულებას იჩენდა.
დოკუმენტიდან გასვლით მოახლოებულ არჩევნებზე 43%-იანი დათქმაც აღარ არსებობს, ანუ შემოდგომაზე 43%-ზე ნაკლები ხმების მიღების შემთხვევაში ხელისუფლება ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებისგან თავისუფლდება. სწორედ მეხუთე პუნქტს უკავშირებს ოპოზიციის დიდი ნაწილი სახელისუფლებო გუნდის დღევანდელ ნაბიჯს. ცალკეული ოპოზიციური პარტიები კი გადაწყვეტილებაში „ნაციონალური მოძრაობის“ პასუხისმგებლობასაც ხედავენ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.
19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ შარლ მიშელსა და ევროკავშირს, თუმცა, სავარაუდოდ, ამ საკითხზე ისაუბრეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და სალომე ზურაბიშვილმაარაოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც გუშინ პარიზში გაიმართა. ამ შეხვედრის ამსახველი ფოტო და პატარა კომენტარი, დეტალების გარეშე, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
ამერიკის შეერთებული შტატები კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას დოკუმენტით განსაზღვრული შეთანხმებიდან „კიდევ ერთ გადახვევად“ აფასებს და მკვეთრად უარყოფით შეფასებას აძლევს:
„ამერიკის შეერთებული შტატები ძალზედ შეწუხებული და გაბრაზებულია პარტია „ქართული ოცნების” ცალმხრივი გადაწყვეტილებით, გასულიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან, დოკუმენტიდან, რომელიც შემუშავდა ექვსთვიანი რთული, მაგრამ ერთობლივი მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს ქართველი ხალხისა და მათი დემოკრატიის წინსვლისთვის აუცილებელ გზას. … ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლა კიდევ ერთი გადახვევაა როგორც იმ მოლაპარაკებების შინაარსისა და სულისკვეთებისგან, რომელშიც „ქართული ოცნება“ მონაწილეობდა, ასევე, იმ შეთანხმებიდან, რომელსაც მან ხელი მოაწერა. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყნისთვის, მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტ პოლიტიკურ არასტაბილურობას ქმნის და აჩენს კითხვებს „ქართული ოცნების“ ერთგულებაზე საქართველოს დემოკრატიული მიზნების მიღწევისადმი, იმ მიზნების, რომელიც პარტიამ თავად განსაზღვრა საქართველოსთვის “, – აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაში, რომლის სრულ ტექსტსაც საელჩოს ფეისბუქგვერდზე შეგიძლიათ გაეცნოთ.
მოამზადა ნინო ხოშტარიამ
გამოყენებულია 1tv.ge-ს მასალები
კომენტარები