შსს – მოვუწოდებთ ყველას, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა.
როგორც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, საგამოძიებო უწყება სწავლობს ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე, ახდენს მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებასა და გამოკითხვას.
„უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და კოლეგებს.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის – ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.
როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი.
გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.
ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.
აქვე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრებს, რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.
ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.
კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას.
კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია ოთხი პირი“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
მან აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას.
შსს-ში გამართულ ბრიფინგზე მედიის წარმომადგენლებს ასევე გადასცეს ლაშქარავას გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები, რომლებიც, შსს-ს ცნობით, გუშინ არის გადაღებული.
კომენტარები