საბერძნეთი: მღვდელმა შვიდ მიტროპოლიტს სახეში მჟავა შეასხა
ოთხშაბათს, დღისით ათენის წმინდა მიტროპოლიაში პანიკა სუფევდა – ათენელმა მღვდელმა სინოდის სასამართლოს სხდომის დროს გოგირდის მჟავით სავსე ჭურჭლიდან სინოდის წევრებს სითხე შეასხა. გავრცელებული ინფორმაციით, ქიმიური დამწვრობა მიიღო 7-მა მიტროპოლიტმა და დაცვის თანამშრომელმა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ MEGATV იუწყება.
ინციდენტი 23 ივნისს, დღისით ათენის პეტრაკის მონასტერში მოხდა, სადაც ელადის მართლმადიდებელი სინოდის სასამართლო მიმდინარეობდა 37 წლის მღვდლის წინააღმდეგ, რომლის ვინაობა არ სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 მიტროპოლიტი დამწვრობის ცენტრში მოათავსეს, რადგან მათი დაზიანება უფრო სერიოზული იყო. მათ გარდა დაზიანება მიიღო პოლიციელმა, რომელიც მიტროპოლიტების დახმარებას და თავდამსხმელის დაკავებას შეეცადა, თუმცა სითხე მასაც შეესხა.
გამოცემის ცნობით, მღვდელი, რომელიც მანამდე ვერიის ეპარქიაში მსახურობდა, სინოდმა მსახურებას ჩამოაშორა. ΕΛΑΣ-ის (საბერძნეთის პოლიცია) წყაროების თქმით, იგი ნარკოტიკების საქმესთან არის კავშირში. არქიეპისკოპოს იერონიმე მეორის თქმით, სინოდმა ის „შეუფერებელ ქმედებებში“ მიიჩნია ეჭვმიტანილად.
მიტროპოლიტმა Άρτης Καλλίνικος-მა მომხდართან დაკავშირებით „მეგას“ ეთერში ისაუბრა:
„მან 2 ლიტრი მჟავა შეგვასხა… ღმერთმა გადაგვარჩინა ჩვენ და პირადად მე. ჯიბეში ნაკურთხი ხატი მქონდა და, ვფიქრობ, ეს ძალიან დამეხმარა. თვალებზე არაფერი მომსვლია, სახეზე დამწვრობები მაქვს, მაგრამ საავადმყოფოში მითხრეს, რომ სერიოზული არ არის… სხვების სახეზე ვერ გეტყვით, მაგრამ ვფიქრობ, მათ სიცოცხლეს არაფერი ემუქრება“, – განაცხადა მიტროპოლიტმა არტის კალინიკოსმა.
„ყოფილმა მღვდელმა ძალიან ზუსტად დაგვიმიზნა და შვიდივეს მოგვწვდა შორი მანძილიდან. მღვდელი დაადანაშაულეს, იგი ოთახში იყო და როცა აცნობეს, რომ მისი აპელაცია არ იქნა მიღებული და იგი გათავისუფლებულია, ამოიღო ბოთლი და დაიწყო სითხის შესხმა ჩვენთვის. ბოთლი დიდი იყო, 2 ლიტრი, ორივე ხელით ეჭირა. არაფერი უთქვამს. ჩანთაში ჰქონდა. როდესაც დავინახე, რომ ბოთლი ამოიღო, პირველად გავიფიქრე, რომ ეს წმინდა (ნაკურთხი – ნ. ბ.) წყალი იყო“, – ასე აღწერა მომხდარი მიტროპოლიტმა, თუმცა, მისი თქმით, მალევე მიხვდა, რომ ეს სითხე „შხამიანი“ იყო, რადგან სხვა მიტროპოლიტის „სახემ მაშინვე ფერი იცვალა, როგორც კი სითხე მოხვდა“.
თავდამსხმელმა, რომელიც მაშინვე დააკავა პოლიციამ, თავისი საქციელის განმარტება არ ისურვა.
მომხდარის შემდეგ საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულო და პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი არქიეპისკოპოს იერონიმეს ესაუბრნენ და დაგმეს მიტროპოლიტებზე თავდასხმა.
დღეს მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ყველა დაზარალებულმა საავადმყოფო დატოვა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები