იტალიის ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ დღეს სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტს გაუგზავნა მოთხოვნა ოფიციალური დასკვნის თაობაზე „ღია სივრცეში რესპირატორული დამცავი საშუალებების ტარების ვალდებულების შენარჩუნების პირობებსა და ვადებთან დაკავშირებით“ – ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ჯანდაცვის მინისტრი სამეცნიერო-ტექნიკურ კომიტეტს სთხოვს, გააკეთონ ოფიციალური დასკვნა, როდის და რა პირობებით შეიძლება მოიხსნას იტალიაში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება.
მედიის მიერ სამთავრობო წრეებიდან გამოტანილი ინფორმაციით, მომავალ კვირაში გაიმართება სამეცნიერო-ტექნიკური მომიტეტის პირველი სხდომა, რომელზეც ოფიციალურად წარადგენენ მოსაზრებას ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
ამასთან, ჯერჯერობით ღია სივრცეში პირბადის მოხსნის წინააღმდეგია კამპანიის (ადმ. ცენტრი – ნეაპოლი) პრეზიდენტი ვინჩენცო დე ლუკა. მან პარასკევს, 18 ივნისს ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ დარწმუნებულია, პირბადის ტარების ვალდებულება რეგიონში ზაფხულის ბოლომდე შენარჩუნდება.
„გასაგებია, რომ სახლში, ზღვაზე და ჭამის დროს პირბადე არ გვიკეთია, მაგრამ ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი რჩება. აჩქარება შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით დაუშვებელია“, – განაცხადა დე ლუკამ.
გასულ 24 საათში კამპანიაში კორონავირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 4 პაციენტი გარდაიცვალა. დადებითობის მაჩვენებელი 1,67%-ს შეადგენს, რაც გაცილებით მაღალია, ვიდრე მთელი ქვეყნის საშუალო მაჩვენებელი (0,48%).
დე ლუკამ მთავრობაც გააკრიტიკა ვაქცინებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების გამო. მისი თქმით, მთავრობის განცხადებები ვაქცინებთან დაკავშირებით „უგნურებაა… არეულობა შექმნა და ვაქცინაციის კამპანია შეაფერხა“. როგორც ცნობილია, გენუაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირველი აცრის შემდეგ 18 წლის გოგონას გარდაცვალების გამო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ე. წ. ოქსფორდის (ასტრაზენეკა, იგივე ვაქსზევრია) ვაქცინით, ძირითადად, 60 წელს გადაცილებულები აიცრან. ასეთივე გადაწყვეტილება მიიღეს „ჯონსონ ენდ ჯოსნონის“ ვაქცინასთან დაკავშირებით. ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა მიიღო, შეუძლია მეორე დოზა „ფაიზერი“ გაიკეთოს, თუმცა თუ მოქალაქეს სურს, შეუძლია ისევ „ასტრაზენეკას“ პრეპარატით აიცრას.
ამ დროისთვის ვაქცინის ერთი დოზა უკვე მიღებული აქვს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 51%-ს, ხოლო სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 25%-ზე მეტი.
ამასობაში იტალიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დღითიდღე უმჯობესდება. დღეს საღამოს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გასაჯაროებული მონაცემების თანახმად, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (გუშინ – 1147), გარდაიცვალა 28 პაციენტი (გუშინ – 35). ჩატარდა 249 988 მოლეკულური და ანტიგენის ტესტი (გუშინ – 216 026). დადებითობის მაჩვენებელი 0,48%-ს შეადგენს, მცირედით ნაკლებს, ვიდრე გუშინ (0,5%).
ნინო ხოშტარია
კომენტარები