„საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას სიკვდილი მირჩევნია“ – თინა ხიდაშელის ცხოვრება კორონას შემდეგ (ვიდეო)
თინა ხიდაშელი… – ვისაც ის მხოლოდ პოლიტიკოსის ამპლუაში, ეკრანზე გინახავთ, ალბათ მას ძლიერ, მებრძოლ ქალად დაახასიათებთ; ასეც არის… მაგრამ ცოტა ხნის წინ მისი გამძლეობა ძალიან დიდი და მოულოდნელი გამოცდის წინაშე აღმოჩნდა – კოვიდი!
ავადმყოფობა თითქოს მსუბუქად, ფაქტობრივად, უსიმპტომოდ დაიწყო – თინა ხიდაშელმა მხოლოდ მას შემდეგ გაიგო, რომ ვირუსის მატარებელი იყო, როდესაც მისი ოჯახის ყველა წევრი დაავადდა. აღმოჩნდა, რომ კორონა სახლში მან თვითონ მიიტანა.
ერთ დღესაც მან გონება დაკარგა და როდესაც გამოფხიზლდა, უკვე კლინიკაში იწვა. ამის შემდეგ დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რომელიც დღემდე არ დასრულებულა…
თინა ხიდაშელი თავად ჰყვება თავისი ავადმყოფობის უმძიმეს ისტორიას – იმდენად მძიმეს, რომ ამბობ, საავადმყოფოში დაბრუნებას და იმ გზის თავიდან გავლას სიკვდილი მირჩევნიაო. ექიმების თქმით, უამრავმა გართულებამ, რომელიც ათეულობით სხვადასხვა პაციენტში ცალ-ცალკე უნახავთ, თინა ხიდაშელის შემთხვევაში ერთ ადამიანში მოიყარა თავი.
მას ხელახლა მოუხდა წესიერად მეტყველების სწავლა; ხელახლა სწავლობს სიარულს. ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის კვალი მას ვიზუალურადაც ეტყობა სახეზე, რომელიც შეშუპებული აქვს. და კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ამბავი – თინა ამბობს, რომ მას თმა აღარ ეზრდება… კი არ სცვივა, უბრალოდ, კვირების განმავლობაში აღარ ეზრდება.
ეს საყურადღებოა, თუმცა მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტია იმ სიძნელეებთან შედარებით, რომლებიც მან ოჯახის წევრების და, განსაკუთრებით, მეუღლის დახმარებით გადალახა.
თეა ადეიშვილმა, რომელმაც მასთან ინტერვიუ ჩაწერა, თქვა, რომ ყველაზე ემოციურად და ყველაზე ბევრი თინამ სწორედ დათო უსუფაშვილზე ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუს ბოლოს უთქვამს: „საკმარისად ვერ ვთქვი დათოზე, რისი მოყოლაც მინდოდა“. როგორც ჩანს, მადლიერების გრძნობა მეუღლის მიმართ იმდენად დიდი აქვს, რომ არ ყოფნის ამ გრძნობის გამოხატვა.
დათო – რომელსაც ზუსტად ამ ურთულეს პერიოდში, მთელი ოჯახის ავადმყოფობის დროს მამა გარდაეცვალა – მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა ძლიერი ქალისთვის, რომელმაც მისი დახმარებით აღმოაჩინა, რომ ზოგჯერ შეიძლება სუსტიც იყო და ეს ადამიანებს არ დაუმალო. სისუსტის ჩვენება არ ნიშნავს უძლურებას. პირიქით, საკუთარ თავში უღონობის აღიარებას და სხვებისთვის გაზიარებას დიდი ძალა სჭირდება.
თინა ხიდაშელმა ეს შეძლო.
კოვიდისგან დატოვებულ ურთულეს გართულებებზე ხიდაშელმა „მთავარ არხზე“ გადაცემა „პოსტ ფაქტუმში“ ისაუბრა:
„ინფიცირების წყარო არ ვიცი. საავადმყოფოში კვლევის შედეგად გვითხრეს, რომ მე ვარ პირველი წყარო ამ ოჯახში. საბედნიეროდ, ჩემგან ვირუსი, როგორც ჩანს, სიყვარულით წავიდა და მათთან (ოჯახის წევრებთან) მიმართებაში ისეთი ძლიერი არ აღმოჩნდა და ყველანი მარტივად გამოვიდნენ მდგომარეობიდან. მეოთხე დილას უკვე ადგომაც კი გამიჭირდა. ჩემმა უფროსმა შვილმა და დათომ ხელი მომკიდეს და ძალით წამიყვანეს სამზარეულოში და დამსვეს სკამზე. ამის მერე საავადმყოფოში ვიყავი.
აგონიაში ვიყავი ამ მაღალი სიცხისგან. რა თქმა უნდა, ფილტვები იყო მთავარი პრობლემა, თუმცა ძალიან სწრაფად დაიწყო სხვა ორგანოების ჩათრევაც, რამაც დაამძიმა შემდეგ ბუნებრივად მდგომარეობა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, პრაქტიკულად, მკურნალობა საჭირო გახდა ყველა ორგანოზე. მაგალითად, ღვიძლი სერიოზული პრობლემის წინაშე იყო, თირკმელი ამ წუთას ძალიან სერიოზულ პრობლემას მიქმნის, ეს რაღაც დაავადება დამემართა სახეზე და აი, ასეთ მდგომარეობაში მაქვს ახლა სახე, გასიებული კატასტროფულად. ერთია სახის გასიება, კარგი, არა უშავს, ჩაცხრება, მაგრამ დეფორმაცია გამოიწვია ასევე სახის და არ ვიცი, როდესაც ეს ჩაცხრება, რა მდგომარეობაში დარჩება.
თმა არ ამომდის ოთხი თვეა, ეს ვიცი იმიტომ, რომ ოთხი თვის წინ შევიღებე თმა და არ მაქვს არც ერთი სანტიმეტრი და მილიმეტრი თეთრი თმა.
ყველაზე მთავარი, სახსრები, წარმოიდგინეთ, ოთხი თვე ცხოვრობთ კანკალით, სულ გაკანკალებთ, შინაგანი კანკალით და ასევე ფიზიკურადაც. ჩემით ვერ დავდივარ, იყო მომენტი, როდესაც ორი ადამიანი მჭირდებოდა, რომ გამევლო, ახლა სიარულს ვახერხებ, ოღონდ სიარულამდე უნდა მივიდე, ანუ ვერ ვდგები ჩემით, მერე ვერ ვჯდები”, – ამბობს თინა ხიდაშელი.
არ იფიქროთ, რომ რამე დაგიცავთ, რომ მაქსიმალურად გაფრთხილდებით და კორონავირუსი არ შეგხვდებათ. გამორიცხულია, ეს ვერ გიშველით, მხოლოდ აცრა დაგიცავთ, – აფრთხილებს თანამოქალაქეებს თინა ხიდაშელი სიუჟეტის ბოლოს.
კომენტარები