ორგანიზმში რკინის ნაკლებობა გასუქებას იწვევს

რკინა – მნიშვნელოვანი ელემენტია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ის ჩვენი უჯრედების ძირითადი შემადგენელია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიო მოსახლეობის 25% რკინის ნაკლებობას განიცდის.
რატომ მოქმედებს რკინის ნაკლებობა წონაზე? საქმე ისაა, რომ რკინის ნაკლებობა დაღლილობას იწვევს და ადამიანი ფიზიკურ აქტივობას ამცირებს, რადგან ყველაფერი ქანცს აცლის; იგი თანდათან სულ უფრო და უფრო ნაკლებს მოძრაობს და ცდილობს, მეტი ჭამოს დაღლილობის კომპენსირებისთვის, რის გამოც წონაში იმატებს. აი, მიზეზი, თუ რატომ სუქდებიან ადამიანები რკინის ნაკლებობის დროს.
ქრონიკული დაღლილობა რკინის ნაკლებობის დროს უკავშირდება იმას, რომ რკინა ნივთიერებათა ცვლის მთავარი ელემენტია – სწორედ მას მიაქვს უჯრედებში ჟანგბადი. რკინის ნაკლებობის შემთხვევაში უჯრედები ჟანგბადით სათანადოდ ვეღარ მარაგდებიან, შესაბამისად, ენერგიაც აკლდებათ. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ის ქალები, რომლებიც ცოტა ხორცს ჭამენ და ხანგრძლივი და უხვი მენსტრუაცია აქვთ. თუ ძალიან მალე იღლებით, ფერს კარგავთ, სუსტად გრძნობთ თავს, მიირთვით სისხლიანი ძეხვი ან წითელი ხორცი.
რაც შეეხება მცენარეულ საკვებს, რკინის შემცველობის მხრივ წყალმცენარეებს ბადალი არ აქვს (განსაკუთრებით მდიდარია რკინით ჰიზიკი/ჰიჯიკი, სპირულინა და ნორი), მათ მოსდევს თესლეული (მზესუმზირა, გოგრის და კედრის თესლი) და ზოგიერთი ფოთლოვანი ბოსტნეული (ოხრახუში, კრესსალათა. ისპანახი), აგრეთვე, ცერეცო, მჟაუნა, პიტნა, ჭინჭარი.
ერიდეთ ჭამის დროს ჩაის დალევას: ჩაიში არსებული ტანინები ორგანიზმს ხელს უშლის საკვებიდან რკინის შეთვისებაში. ჩაი კვებათა შორის პერიოდში დალიეთ, ჭამიდან 2 საათის შემდეგ. C ვიტამინი კი – პირიქით, ორგანიზმს რკინის შეთვისებაში ეხმარება.
კირა კარიაული



