როგორ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა ოქრო: სახლის პირობებში შემოწმების მეთოდები

ოქროს სამკაულის შეძენისას, საჩუქრად მიღებისას ან ძველი ნივთების გადარჩევისას ხშირად ჩნდება კითხვა: როგორ გავიგოთ, ნამდვილია თუ არა ოქრო?
ინტერნეტში ამის დასადგენად უამრავი ხალხური მეთოდი გვხვდება, თუმცა სანამ ამ მეთოდებზე ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მთავარი: სახლის პირობებში ჩატარებული მარტივი ტესტი ოქროს ნამდვილობასა და სინჯს საბოლოოდ ვერ დაადასტურებს. ამგვარი მეთოდები შეიძლება მხოლოდ საეჭვო ნივთის პირველადი შემოწმებისთვის გამოდგეს. ძვირადღირებული სამკაულის შემთხვევაში საბოლოო პასუხისთვის პროფესიული ტესტირებაა საჭირო.
პირველი, რაც უნდა შეამოწმოთ – ოქროს სინჯი
ოქროს ნივთზე მოძებნეთ პატარა ნიშნული – რიცხვი, რომელიც მის სინჯს მიუთითებს. ოქროს სინჯი, ჩვეულებრივ, გამოიხატება ათასის ნაწილებით: მაგალითად, 585 ნიშნავს, რომ შენადნობში 1000 ნაწილიდან 585 ნაწილი ოქროა, ანუ 58,5%.
ყველაზე გავრცელებულ ნიშნებს შორისაა:
| ნიშნული | ოქროს შემცველობა | კარატი |
|---|---|---|
| 375 | 37,5% | 9K |
| 585 | 58,5% | 14K |
| 750 | 75% | 18K |
| 916 | დაახლოებით 91,6% | 22K |
| 999 | 99,9% | 24K |
მაგალითად, თუ ბეჭედზე ან ჯაჭვზე წერია 585, ეს 14-კარატიან ოქროს შეესაბამება, ხოლო 750 – 18-კარატიანს. ოქროს მაღალი შემცველობის ნიშნებს შორის გვხვდება 916 და 999-ც.
მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არ უნდა დაგვავიწყდეს: მხოლოდ რიცხვი ნამდვილობის გარანტია არ არის! ნიშნული შეიძლება გაყალბებულიც იყოს. ამიტომ ძვირადღირებული ნივთის შემთხვევაში მხოლოდ 585-ის ან 750-ის დანახვით დასკვნის გამოტანა არ ღირს.
925 ოქრო არ არის
კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომაა 925-ის ოქროს სინჯად მიჩნევა.
925, როგორც წესი, ვერცხლის სინჯია – ის ნიშნავს, რომ შენადნობში ვერცხლის წილი 92,5%-ია. ოქროსა და ვერცხლის ნიშნულები ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ.
დააკვირდით ნივთის ზედაპირს
თუ სამკაული მოოქრულია, მისი ზედაპირი დროთა განმავლობაში შეიძლება გაცვდეს. განსაკუთრებით ყურადღებით დააკვირდით ისეთ ადგილებს, რომლებიც ხშირად ეხება კანს ან ტანსაცმელს – ბეჭდის კიდეებს, ჯაჭვის საკეტს, სამაჯურის შეერთებებს.
თუ ზედაპირის ქვეშ განსხვავებული ფერის მეტალი ჩანს, ეს შეიძლება მიუთითებდეს ოქროს საფარზე.
თუმცა აქაც საჭიროა სიფრთხილე: მხოლოდ გარეგნული დათვალიერებით ოქროს ნამდვილობის დადგენა შეუძლებელია.
რას ნიშნავს „მოოქრული“, „Gold Filled“ და სხვა ნიშნები?
ყველა ნივთი, რომელზეც სიტყვა „ოქრო“ წერია, მთლიანად ოქროსგან არ არის დამზადებული.
მაგალითად:
- Gold Plated / Gold Electroplate – სხვა ლითონის ზედაპირზე ოქროს ფენაა დატანილი;
- Gold Filled – ძირითადი ლითონის ზედაპირზე ოქროს შედარებით სქელი ფენაა მექანიკურად დამაგრებული;
- Gold Overlay / RGP – ასევე ოქროს ფენით დაფარული ნივთის აღნიშვნებია.
ასეთი ნივთი აუცილებლად უხარისხო ან ყალბი არ არის – მასში შეიძლება ნამდვილად იყოს ოქრო, მაგრამ მთელი ნივთი მყარი ოქროს შენადნობი არ არის. ამიტომ ყიდვისას ამ განსხვავებას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
სახლის პირობებში შემოწმების მეთოდები: მაგნიტი, წყალი, იოდი, პური და სხვ.
ოქროს შესამოწმებლად ინტერნეტში უამრავი მარტივი, ე. წ. „ხალხური“ მეთოდი გვხვდება, რომელთაგანაც ზოგიერთი შეიძლება საეჭვო ნივთის პირველადი შეფასებისთვის გამოგვადგეს.
იოდით შემოწმება
ერთ-ერთი ასეთი პოპულარული მეთოდია იოდით შემოწმება: ოქროს ნივთის ზედპირის პატარა ნაწილზე მცირე რაოდენობით იოდს უსვამენ და შემდეგ აკვირდებიან, შეიცვალა თუ არა ლაქის ფერი. მიიჩნევა, რომ თუ ოქრო ნამდვილი არ არის, იოდის წასმის ადგილას მოყავისფრო-სპილენძისფერი ლაქა გაჩნდება.
თუმცა იოდის ტესტი ოქროს ნამდვილობის ან სინჯის ზუსტად დასადგენად საკმარისი არ არის. ზედაპირის დამუშავებამ, ოქროს შენადნობში შემავალმა სხვა ლითონებმა ან თავად ნივთის მდგომარეობამ შეიძლება შედეგზე გავლენა მოახდინოს. გარდა ამისა, ქიმიური ნივთიერების გამოყენებამ შესაძლოა ზოგიერთი სამკაულის ზედაპირი დააზიანოს.
ამიტომ იოდით მიღებული შედეგი მხოლოდ საეჭვო ნივთის პირველადი შეფასების ერთ-ერთ ნიშნად შეიძლება განვიხილოთ და არა ნამდვილობის მტკიცებულებად.
წყლით შემოწმება – სიმკვრივის გამოთვლა
ოქროს მაღალი სიმკვრივის გამო მისი ნამდვილობის მიახლოებითი შეფასება წყლისა და სამზარეულოს სასწორის დახმარებითაც შეიძლება.
შემოწმებისთვის დაგჭირდებათ ზუსტი სამზარეულოს სასწორი, წყლით სავსე ჭიქა და თხელი ძაფი.
- აწონეთ ნივთი ჰაერში და ჩაიწერეთ მისი მასა გრამებში.
- ჭიქა წყლით დადგით სასწორზე და მაჩვენებელი გაანულეთ.
- ნივთს ძაფი მოაბით და წყალში მთლიანად ჩაუშვით ისე, რომ ჭიქის ძირსა და კედლებს არ შეეხოს.
- ჩაიწერეთ სასწორის მაჩვენებელი, რომელიც ნივთის წყალში ჩაშვების შემდეგ მიიღეთ.
- შემდეგ გამოითვალეთ ნივთის სიმკვრივე: ჰაერში აწონით მიღებული მასა გაყავით ჰაერში მიღებულ და წყალში ჩაშვებისას მიღებულ მაჩვენებლებს შორის სხვაობაზე. მაგალითად, თუ ნივთი ჰაერში 10 გრამს იწონის, წყალში ჩაშვებისას კი სასწორი 9,2 გრამს აჩვენებს, სხვაობა გვიჩვენებს, რა მოცულობის წყალი „ჩაანაცვლა“ ნივთმა. რადგან წყლის სიმკვრივე დაახლოებით 1 გ/სმ³-ია, ამ სხვაობიდან ნივთის სიმკვრივის მიახლოებითი გამოთვლაც შეგვიძლია:
10 : (10 − 9,2) = 12,5 გ/სმ³
ანუ ნივთის მიახლოებითი სიმკვრივე 12,5 გ/სმ³ გამოდის.
ეს მეთოდი უფრო გამოსადეგია შედარებით დიდი და მარტივი ფორმის ნივთებისთვის. რადგან ოქროს მაღალი სიმკვრივე აქვს, ეს მეთოდი შეიძლება მის სხვა, შედარებით მსუბუქი ლითონებისგან დამზადებული ნივთისგან გარჩევაში დაგვეხმაროს, თუმცა ოქროს ნამდვილობის ან სინჯის დასადგენად საბოლოო პასუხს ვერ იძლევა. საქმე ისაა, რომ შედეგზე შეიძლება გავლენას ახდენდეს ნივთის ღრუ ნაწილები, ქვები, სხვა მასალების არსებობა და ნივთის ზედაპირზე ჰაერის ბუშტების დარჩენა.
ამიტომ მიღებული მაჩვენებელი კონკრეტულ სინჯს პირდაპირ ვერ დაგვიდასტურებს. მაგალითად, მხოლოდ სიმკვრივის მიხედვით იმის თქმა, რომ ნივთი აუცილებლად 585 ან 750 სინჯის ოქროა, არასწორი იქნება.
პურით შემოწმება – პოპულარული ხალხური მეთოდი
ინტერნეტში გავრცელებული ერთ-ერთი ძველი მეთოდია ჭვავის პურის დასველებულ ნაჭერში ოქროს მოთავსება და გარკვეული დროის შემდეგ, როცა პური გაშრება, მისი მდგომარეობის შემოწმება. როგორც ამბობენ, ნამდვილი ოქრო პურს ფერს არ უცვლის, ხოლო სხვა ლითონისგან დამზადებულმა ნივთმა შესაძლოა თავადაც შეიცვალოს ფერი და პურზეც დატოვოს კვალი.
თუმცა არ არსებობს საფუძველი, რომ პურის ასეთი რეაქცია ოქროს ნამდვილობის ან მისი სინჯის სანდო მაჩვენებლად მივიჩნიოთ. ამიტომ ამ მეთოდით მიღებული შედეგი ოქროს ავთენტიკურობას ვერ დაადასტურებს.
ყველაზე სანდო გზა – პროფესიული შემოწმება
თუ საქმე ძვირადღირებულ ბეჭედს, ძეწკვს, სამაჯურს ან სხვა ნივთს ეხება, სახლის პირობებში ჩატარებული ტესტებით მიღებული პასუხი საკმარისი არ არის. თანაც განსაკუთრებით ძვირფასი ან ძველი სამკაულის შემთხვევაში უმჯობესია თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი ექსპერიმენტი, რომელმაც შეიძლება ნივთის ზედაპირი დააზიანოს.
პროფესიონალები ოქროს შესამოწმებლად სხვადასხვა მეთოდს იყენებენ. მათ შორისაა სასინჯი ქვითა და სპეციალური მჟავებით ტესტირება, ელექტრონული ტესტირება და XRF – რენტგენოფლუორესცენციული ანალიზი. ზოგიერთი მეთოდი ნივთს, პრაქტიკულად, არ აზიანებს, ზოგიერთის გამოყენებისას კი პასუხის მისაღებად ნივთზე გარკვეული ზემოქმედებაა საჭირო.
XRF-ის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის ოქროსა და სხვა ელემენტების შემადგენლობის შეფასების საშუალებას იძლევა ნივთის დაზიანების გარეშე. პროფესიული მეთოდის არჩევა კი თავად ნივთზე და საჭირო სიზუსტეზეა დამოკიდებული.
მოკლედ: რა შეიძლება გავაკეთოთ სახლში
შეგვიძლია:
- მოვძებნოთ ოქროს სინჯის ნიშნული;
- დავაკვირდეთ ნივთის ზედაპირსა და გაცვეთილ ადგილებს;
- გამოვიყენოთ მაგნიტი, როგორც პირველადი შემოწმება;
- შევადაროთ ნივთის წონა და ზომა, თუ ამისთვის შესაბამისი ინფორმაცია გვაქვს.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
- მხოლოდ ერთი ტესტის შედეგით დავასკვნათ, რომ ოქრო ნამდვილია;
- ძვირფასი ნივთი დავკაწროთ კერამიკაზე ხახუნით;
- უცნობი ქიმიური ნივთიერებები წავუსვათ სამკაულს;
- მხოლოდ 585-ის, 750-ის ან სხვა ნიშნულის არსებობა მივიჩნიოთ საბოლოო მტკიცებულებად.
თუ ნივთის ფასი მაღალია ან მისი გაყიდვა/შეძენა იგეგმება, ყველაზე გონივრულია მისი პროფესიონალთან შემოწმება.
ოქროს ნამდვილობის დადგენისას მთავარი პრინციპი მარტივია: სახლის პირობებში შეგვიძლია საეჭვო ნივთის პირველადი შეფასება, მაგრამ ზუსტი პასუხისთვის პროფესიულ ტესტირებას უნდა მივმართოთ.
კირა კარიაული



