ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„ისე არ მომკლას უფალმა, სანამ არ ჩამოვაღწევ შენამდე, ჩემო 16 წლის უნახავო და მონატრებულო  საქართველო“ – ქართველი ემიგრანტი საბერძნეთიდან

ქალბატონ მადონა კისკეიძექორიძეუცხო ქვეყანაში ემიგრანტული ცხოვრების სიმძიმეს ლექსების წერა უმსუბუქებს. ცოტა ხნის წინ მეგობრებმა სიურპრიზი მოუწყვესათენში მისი ლექსების წიგნი გამოიცა.

Nostal.ge-სთან ინტერვიუში ქალბატონი მადონა გულახდილად საუბრობს 16-წლიანი ემიგრანტული ცხოვრების საკუთარ გამოცდილებაზე, განცდებსა და იმედებზე, სამომავლო გეგმებზე, რომელიც, რა თქმა უნდა, საქართველოს უკავშირდება.

ქალბატონო მადონა, როგორ გააცნობთ თქვენს თავს ფართო საზოგადოებას?… მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ ხართ, რა პროფესიის, უცხოეთში როდის და რატომ აღმოჩნდით?

დავიბადე ქუთაისში, ერთ ჩვეულებრივ სიყვარულით გამთბარ მრავალსულიან ოჯახში. სკოლის დამთავრების შემდეგ ტექნიკური განათლება მივიღე და 14 წლის განმავლობაში პროფტექგანათლების სისტემაში მთავარ ბუღალტრად ვმუშაობდი. სხვა რა გითხრათ?.. უცხოეთში წამოსვლის უამრავი მიზეზი მქონდა, ქვეყანაში არსებული საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩემმა ოჯახმაც განიცადა ეკონომიკური კრიზისი, რასაც თან დაერთო მეუღლის უმძიმესი ავადმყოფობა და მიუხედავად იმისა, რომ ყველა ღონეს ვხმარობდი, რათა ეცოცხლა, სამწუხაროდ, მაინც ვერ გადავარჩინე.

16 წლის წინ ათენში ჩამოვედი თუ არა, პირველად ფეხი რომ ჩამოვდგი ავტობუსიდან, ცას ავხედე, ხელებაპყრობილმა პირჯვარი გარდავისახე და უფალს ვთხოვე, მოეცა ძალა, რომ გამეძლო, შვილებისა და ახლობლების გარეშე ცხოვრებას შევგუებოდი. ურთულესი გამოდგა პირველი ორი წელი, მაგრამ ალბათ ადამიანი ყველაფერს ეჩვევა, როცა აუცილებლობა მოითხოვს…

რა პრობლემების გადალახვა მოგიხდათ პირველ წლებში, რა იყო ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის?

ძალიან განვიცდიდი, ენა რომ არ ვიცოდი და ზღვას ერთვოდა ჩემი ცრემლები, მაგრამ გამიმართლა – არაჩვეულებრივ ხალხში მოვხვდი. ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მენერვიულა, შევგუებოდი ასეთ ცხოვრებას და გამოუვიდათ კიდეც, რისთვისაც უდიდესი მადლობა მათ. რომ არა მარია მოსხოვის უთბილესი ოჯახი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა…

მიუხედავად გამართლებისა, დღეს რას ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეთ, როცა მშობლიური ქვეყანა დატოვეთ?

ძალიან მძიმე იყო ჩემთვის ოჯახის დატოვება, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რომ წამოვედი, რადგან სხვა გზას ვერ ვხედავდი. როგორც გითხარით, უფლის მადლით, საუკეთესო ოჯახში მოვხვდი, სადაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ უცხოდ არ მეგრძნო თავი, ოჯახის წევრივით მიმიღეს. სწორი ის იქნებოდა, რომ ოჯახის დატოვება არ დამჭირვებოდა და ჩემი შვილების გვერდით ვყოფილიყავი, მაგრამ…

ამჟამად სად ხართ, მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი რთული ვითარების ფონზე, რა სიტუაციაა თქვენ ირგვლივ? როგორ უმკლავდებით? საერთოდ, როგორი სამედიცინო მომსახურებაა ემიგრანტებისთვის?

მე, ძირითადად, ქალაქ ათენში ვიმყოფები. პანდემიის გამო მთელ მსოფლიოში რთული ვითარებაა. გვეკრძალება პირბადის და მესიჯის გაგზავნის გარეშე გადაადგილება, მაგრამ უფლის მადლით, თანდათან იხსნება შეზღუდვები და იქნებ როგორმე ამოვისუნთქოთ. რთულია ასე ცხოვრება, დაგვინგრია ფსიქიკა ასეთმა ყოფამ. მე უსაბუთო ვარ და ვერანაირი სამედიცინო დახმარებით ვერ ვსარგებლობ. კოვიდ ვაქცინაცია საყოველთაო თუ გახდა, ემიგრანტებიც ავიცრებით, რა გაეწყობა. ჯერჯერობით ვაქცინის გაკეთებას არავინ გვაიძულებს.

ქართველები ბევრნი არიან თქვენ ირგვლივ? გაქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა?

ჩემდა საბედნიეროდ, ათენში უამრავი ქართველი ემიგრანტია. ესენი რომ არ მყავდნენ, ვერაფრით შევძლებდი ამდენი წელი ოჯახის გარეშე ცხოვრებას. ემიგრანტები ვაძლიერებთ ერთმანეთს, ერთმანეთის გვერდში დგომით. ვიკრიბებით, ღონისძიებებს ვაწყობთ, გვაქვს ჯგუფები, ვუზიარებთ ურთიერთს ჭირსა და ლხინს, ვუნაწილებთ სითბოს და სიყვარულს და ასე გადის ჩვენი ჯოჯოხეთური ემიგრანტული ცხოვრებაც.

რაც უცხოეთში ხართ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის?

ამ კითხვამ ცოტა დამაბნია… ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ოჯახში, სადაც მიმუშავია, მოსამსახურედ თავი არასოდეს მიგრძვნია, კიდევ კარგი, რომ ყოველთვის საუკეთესო, უთბილესი ხალხი და ოჯახი მხვდება. ქედმაღლობაში არ ჩამომართვათ, მაგრამ სადაც დამამცირებენ და ცუდად ვიგრძნობ თავს, იქ ვერასოდეს გავჩერდები.

ძირითად საქმიანობასთან ერთად, როგორც ვიცი, ლექსებს წერთ და წიგნიც გამოუშვით… როდის დაიწყეთ ლექსების წერა, ემიგრაციაში ყოფნის დროს ხომ არა?

ლექსებს ადრეც ვწერდი, მაგრამ ემიგრანტულმა ყოფამ, მონატრებამ, ტკივილმა თუ სევდამ უფრო გამიმძაფრა წერის სურვილი. სულ მინდა ვწერო, ვწერო და ვწერო….მეხუმრებიან კიდეც, ამდენი ლექსი გალაკტიონს არ დაუწერიაო…

წიგნის გამოცემა ჩემი უდიდესი სურვილი იყო. ეს სურვილი ჩემმა უახლოესმა მეგობრებმა ამისრულეს, სიურპრიზი გამიკეთეს და გამოიცა ჩემი პირველი კრებული „ლექსია ჩემი სულის მალამო“, რომელიც დაიბეჭდა გაზეთ „ელადის“ რედაქტორის, ქალბატონი ანა ყურშავიშვილისა და წიგნის რედაქტორის, ქალბატონი იზო დაშნიანის თაოსნობით, რისთვისაც მინდა ხმამაღლა ვუთხრა უდიდესი მადლობა ყველას ამ სიხარულის მონიჭებისთვის ❤

იმდენად გავთამამდი, რომ აუცილებლად ვგეგმავ მეორე კრებულის დაბეჭდვასაც. მათამამებს ის, რომ ადამიანებმა შეიყვარეს ჩემი პოეზია და ამით ბედნიერი ვარ. მსიამოვნებს ის დიდი სიყვარული, რასაც ვგრძნობ ემიგრანტებისგან და არა მხოლოდ მათგან, ამიტომ ვფიქრობ მეორე კრებულის დაბეჭდვას ჩემი საყვარელი ქუთათურებისთვის, სადაც ქუთაისზე დაწერილი მონატრებით გაჟღენთილი სტროფები და კუპლეტები განთავსდება.

წიგნის თარგმნაზეც ხომ არ ფიქრობთ?

წიგნის თარგმნაზე არ მიფიქრია, ის კი ნამდვილად მინდა, რომ საქართველომაც გაიცნოს ჩემი პოეზია ❤

მეამაყება, რომ ვარ ქართველი,

და იმ პატარა ქვეყნის ნაწილი,

სადაც ოდესღაც დავითს უვლია,

უშენებია დიდი ტაძრები.

სადაც თამარის სული ტრიალებს,

როს ამშვენებდა თეთრი ლაშქარი,

მათი სულების მოსაგონებლად,

საყდარში მუდამ იწვის ლამპარი.

სისხლით გაჟღენთილ მიწის შვილი ვარ.

იქ, სადაც ძმები ცხრავე აწამეს,

მე იმ პატარა ქვეყნის შვილი ვარ,

სადაც გორგასლის ხმალი ელვარებს.

მე ქეთევანის სამშობლოდან ვარ,

რუსუდანის და ანას ქვეყნიდან,

იქ, სადაც დედას უშიშრად ხელში

შვილის დაცვისთვის ხმალი ეჭირა.

მე რუსთაველის სამშობლოდან ვარ,

გენი ილიას, შოთას, აკაკის,

მე იმ ლამაზი ქვეყნის შვილი ვარ,

სადაც მგლის ლეკვის ირწა აკვანი.

23 აპილი, 2020 წ.

დღევანდელ ეტაპზე საქართველოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?

საქართველოში დაბრუნება ოცნებად მექცა. ესაა ჩემი ფიქრი და დარდი. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, დიდ ტკივილს მაყენებს. უდიდესი სურვილი მაქვს, ვიყო ჩემი ქუთათურების გვერდით და მეც ვიცავდე ჩემს ბერმუხა მონატრებულ ქუთაისს და რიონის ხეობას. საბერძნეთში ჩატარებულ აქციაზე „არა ნამოხვან ჰესს“ სიტყვით გამოვედი, მაგრამ… ისე არ მომკლას უფალმა, სანამ არ ჩამოვაღწევ შენამდე, ჩემო 16 წლის უნახავო და მონატრებულო საქართველო!

საერთოდ, ფაქტია, რომ ემიგრანტების დიდი ნაწილი მშობლიურ ქვეყანაში არ თუ ვერ ბრუნდება… თავად ემიგრანტი, გამოსავალს რაში ხედავთ?

ვერ ვიტყვი, რომ არ ბრუნდებიან… ვერ ბრუნდებიან, რადგან საქართველოს არანაირი გარანტია არ გააჩნია, ელემენტარული პირობები მაინც რომ შეუქმნას ემიგრანტს. თავი როგორ უნდა ირჩინო არსებული პენსიით, რომელიც ალბათ მხოლოდ პურის ფულად თუ გეყოფა ადამიანს. ღიმილი მოგენატრება მშობლიურ ქვეყანაში… გამოსავალი ერთია – დალაგებული, ეკონომიურად ძლიერი საქართველო, ქართველების ბედნიერი სახეები… მიზანი რომ ჰქონდეს ადამიანს გაღვიძებისთანავე და სამსახურში გარბოდეს, საღამოს კი შინ ბედნიერი ცოლ- შვილი ხვდებოდეს…

ემიგრაციაში ყოფნამ რა დაგანახვათ ისეთი, რაზეც მშობლიურ ქვეყანაში ყოფნისას არასოდეს გიფიქრიათ?

განსაკუთრებული არაფერი, გარდა უამრავი ცრემლისა და მონატრებისა, თუმცა ტკივილთან გამკლავება ნამდვილად მასწავლა, თორემ ამდენ ტკივილს, რაც აქ ყოფნის პერიოდში გადავიტანე, ვერაფრით გავუძლებდი.16 წელია ემიგრაციაში ვარ და ამ ხნის მანძილზე ოჯახის უახლოესი 12 ადამიანი დავკარგე, რაც დიდი ტკივილია ჩემთვის.

ოჯახი ჩემი სულის სარკეა, ჩემი მონატრებაა, ჩემი დარდია… ორი ვაჟკაცის (შალვა და კახაბერ ქორიძეები) დედა ვარ. მყავს ორი საუკეთესო რძალი, თინათინ მესხი და ნინო გუმბერიძე და სამი არაჩვეულებრივი შვილიშვილი: ნიკა ქორიძე სტუდენტია და, ამავე დროს, ფეხბურთით არის დაკავებული.

ქალბატონი მადონას უფროსი შვილიშვილი, ნიკა ქორიძე

16 წლის ნინი ქორიძე უნიჭიერესი მოსწავლე და მომავალი მსახიობია; 6 წლის ნოე ქორიძეს კი, რომელიც ამჟამად ავსტრიაში იმყოფება დედასთან ერთად, შორიდან იცნობს ბებო. მათი ბედნიერება მაბედნიერებს, მათზე ფიქრით მიღამდება და მითენდება, ისინი მაძლიერებენ… ვოცნებობ, პატარა ნოე ერთხელ მაინც ჩავიკრა გულში და ვუთხრა, როგორ მიყვარს და მენატრება.

ქალბატონი მადონას შვილიშვილი, ნინი ქორიძე
ქალბატონი მადონას უმცროსი შვილიშვილი, 6 წლის ნოე ქორიძე

თქვენს ახლობლებს, მეგობრებს რას ეტყოდით საბერძნეთიდან?

უფალმა ყველა კარგად და მშვიდობით დამახვედროს! აღარ მინდა კიდევ ტკივილი განვიცადო… მარიკა, ჩემო მონატრებულო ბიძაშვილო, მინდა, რომ დამხვდე ჯანმრთელად და კარგად; ჩემო მონატრებულო, 28 წლის უნახავო ძმაო ნუგო, მინდა თუნდაც ერთხელ გნახო ახლოს და გემრიელად მოგეფერო! ყველანი უზომოდ მიყვარხართ და მენატრებით!

ემიგრანტობა – ეს არის… – როგორ დაასრულებდით ამ ფრაზას?

ოო, როგორ არ მიყვარს სიტყვა „ემიგრანტი“… კარგი იქნებოდა, ქართველი დედა არასოდეს გამხდარიყო ემიგრანტი. ემიგრანტობა მძიმე ტვირთია, სულში ჩაბუდებული სევდაა, ღიმილით დაფარული ნაღველია, უდიდესი მონატრებაა… ემიგრანტობა გმირობის ტოლფასია!

დაბოლოს, თქვენი სურვილი…

ჩემი სურვილია შინ მშვიდობით დაბრუნება, შიში გამიჩნდა ცხოვრების, არ მინდა სხვების მსგავსად მეც უცხო მიწაზე დავლიო სული. ოცნებად მექცა ბედნიერი, მშვიდი, გალაღებული საქართველოს და ქართველების ხილვა. მინდა ოჯახები ოჯახებს ჰგავდეს… არ მინდა, ბავშვები დედის გარეშე გაიზარდონ…

ნებისმიერ ემიგრანტს შინ მშვიდობით დაბრუნებას ვუსურვებ. ყველას მიეცი ბედნიერი, სიყვარულით გამთბარი მომავალი, უფალო!

 ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close