იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ (დეპუტატთა პალატა) სამშაბათს, 27 აპრილს მხარი არ დაუჭირა ოპოზიციური მემარჯვენე პარტია „იტალიის ძმების“ მიერ წარდგენილ ინიციატივას კომენდანტის საათის გაუქმების შესახებ.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ორი სხვა მემარჯვენე პარტიის – სალვინის „ჩრდილოეთის ლიგის“ და ბერლუსკონის „წინ, იტალიას“ – დეპუტატებს. ეს ორივე პარტია მმართველ „ფართო კოალიციაში“ შედის, თუმცა ჯორჯა მელონის „იტალიის ძმების“ მოკავშირეებიც არიან. მელონის პარტიამ, როგორც ცნობილია, მარიო დრაგის ახალ სამთავრობო კოალიციაში შესვლაზე უარი თქვა.
პარლამენტში კენჭისყრამდე რამდენიმე ხნით ადრე ჯორჯა მელონი აცხადებდა, რომ კომენდანტის საათის შენარჩუნება 22:00-იდან 5:00 სთ-მდე, შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილის მოხსნის ფონზე, მოქალაქეთა თავისუფლების აბსურდული შეზღუდვაა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომენდანტის საათის არსებული რეჟიმი, სულ ცოტა, 15 მაისამდე იმოქმედებს, შემდეგ კი მთავრობა გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებს.
EMG-ს გამოკითხვის თანახმად, რომელიც 27 აპრილს გამოქვეყნდა, იტალიის მოქალაქეთა 51% მხარს უჭერს კომენდანტის საათის შენარჩუნებას დღევანდელი სახით – 22:00-იდან 5:00 სთ-მდე.
მოქალაქეთა 26%-ს მიაჩნია, რომ კომენდანტის საათი საერთოდ უნდა გაუქმდეს, 18%-ის აზრით კი ღამის გადაადგილების შეზღუდვა უფრო გვიან უნდა დაიწყოს.
27 აპრილის მონაცემებით, იტალიაში ბოლო 24 საათში 373 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდ19-ის დიაგნოზით (წინა დღეს – 301), ხოლო ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების დღიური ზრდა კი 10 404-ს შეადგენს (წინა დღით – 8444). გარდაცვლილთა და გამოჯანმრთელებულთა ჩათვლით ინფიცირების შემთხვევების მთლიანი რაოდენობა იტალიაში 4 მლნ-ს მიუახლოვდა (3 981 512), რაც მოსახლეობის 6,5%-ზე მეტია. ვაქცინის პირველი და მეორე დოზები 5 361 116-მა ადამიანმა მიიღო ანუ ქვეყნის მოსახლეობის 8,9%-მა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები