საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ფრენის სიხშირე გაიზარდა
ავიაკომპანიები Georgian Airways, El Al Israel Airlines, Israir Airlines და Arkia საქართველოსა და ისრაელს შორის რეგულარული ოპერირების სიხშირეს ზრდიან, ამასთან, ფრენა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გარდა, ბათუმის მიმართულებითაც განხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ავიაკომპანია Georgian Airways-მა განაახლა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება. ფრენები ყოველ ოთხშაბათს და კვირას სრულდება.
მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ავიაკომპანია El Al Israel Airlines-ი თბილისი – თელ-ავივი – თბილისის საჰაერო ხაზზე კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ-ავივი – ბათუმი – თელ-ავივის მიმართულებით რეისებს 18, 22, 25 და 29 აპრილს შეასრულებს.
ავიაკომპანია Arkia თელ-ავივი-თბილისი-თელ-ავივის საჰაერო ხაზზე, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს იფრენს, ხოლო თელ-ავივი – ბათუმი – თელ-ავივის საჰაერო ხაზზე – კვირაში 5 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას.
„ავიაკომპანია Israir Airlines-ი მიმდინარე წლის მაისიდან ზრდის ფრენის სიხშირეს და, შესაბამისად, ბათუმის მიმართულებით ავიარეისებს კვირაში 8 სიხშირით შეასრულებს, ხოლო თბილისის მიმართულებით ივნისიდან ავიარეისებს კვირაში 5 სიხშირით განახორციელებს. ასევე, ავიაკომპანია პერიოდულად გეგმავს დამატებითი რეგულარული ფრენის განხორციელებას როგორც თბილისის, ისე ბათუმის მიმართულებით.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიებს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭათ.
ავიაკომპანია Air Astana ბათუმის მიმართულებით იწყებს ოპერირებას
ყაზახური ავიაკომპანია Air Astana ალმათი – ბათუმი – ალმათის მიმართულებით სეზონურ ფრენებს შეასრულებს. ავიარეისები 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს და შაბათს განხორციელდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოები პერიოდულად ცვლიან სასაზღვრო შეზღუდვებს და სანიტარიულ მოთხოვნებს, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით. მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
imedinews.ge
კომენტარები