მოსკოვში ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში საქართველოს ჰიმნით დაიხურა: ლაშა ტალახაძე ევროპის ხუთგზის ჩემპიონია (ვიდეო)
ქართველი ძალოსანის ფანტასტიკური შედეგი: 2 მსოფლიო რეკორდი და 3 ოქროს მედალი
ლაშა ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატი მეხუთედ მოიგო, თან რეკორდებიც დაამყარა: ატაცში 222 კგ დაძლია და თავისივე რეკორდი (220) გააუმჯობესა. ორჭიდის ჯამში კი 485 კგ დააფიქსირა, რაც ასევე მსოფლიოს რეკორდია.
აკვრაში ლაშა ტალახაძის მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ პირველი ცდისთვის 245 კგ ჩაწერა. ქართველ გოლიათს მისი დაძლევა არ გასჭირვებია.
ამის შემდეგ ფიცარნაგზე გამოვიდა გორ მინასიანი (სომხეთი), რომელმაც 248 კგ ასწია და აკვრაში ლაშას გადაასწრო. თუმცა დროებით – ლაშა ტალახაძემ 253 კგ-იანი შტანგა აღმართა და ევროპის ჩემპიონატი სამი ოქროს მედლით დაასრულა.
მესამე ცდაზე ტალახაძემ 263 კგ დაძლია და ორჭიდში 485 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ამ შედეგით მან თავისივე რეკორდი (484 კგ) გააუმჯობესა.
ქართველი ძალოსანი კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე სამჯერ ავიდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსკოვში ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი ქართული ჰიმნით დაიხურა!
ჩემპიონატზე შესანიშნავად იასპარეზეს ქართველმა ათლეტებმა – მათ 8 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდნენ უკრაინელებისა (10, 3, 4) და ბულგარელების (8, 8, 3) შემდეგ.
კომენტარები