მყიფე მშვიდობა ჩრდილოეთ ირლანდიაში საფრთხის ქვეშ დადგა ბელფასტში არეულობების შედეგად, რომელიც გასული პარასკევიდან გრძელდება. არეულობების დროს 40-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
კონფლიქტი ჩრდილოეთ ირლანდიის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში დარჩენასთან დაკავშირებით ათწლეულებია, არ ცხრება. ბოლო წლებში არსებული შედარებით მშვიდი სიტუაცია ბრექსიტის შემდეგ შეიცვალა და ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარება დაიძაბა. ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიას შორის, რომელიც ევროკავშირის შემდაგენლობაშია, 1993 წლიდან ფიზიკური საზღვრები არ არსებობდა (ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთის დანარჩენ ნაწილთან, რომელმაც ახლა ევროკავშირი უკვე დატოვა). იუნიონისტებს (ოლსტერის დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შენარჩუნების მომხრეთა პარტია – რედ.) მიაჩნიათ, რომ გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობამ ჩრდილოეთ ირლანდიას უღალატა და ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომელმაც, ფაქტობრივად, ქვეყნის გაყოფა გამოიწვია.
თუმცა ბოლო დღეებში ვითარება უკიდურესად დაიძაბა არა ბრექსიტის, არამედ სხვა ფაქტის გამო: 2020 წლის ზაფხულში გაიმართა ირლანდიის რესპუბლიკური არმიის ყოფილი წევრის, ბობი სტორის დაკრძალვა, რომელსაც – კარანტინის მიუხედავად – Sinn Féin-ის წარმომადგენელი 20-ზე მეტი რესპუბლიკელი პოლიტიკოსი დაესწრო. ამ დღეებში გაირკვა, რომ მათ კარანტინის პირობებში დაკრძალვის ცერემონიალის მოწყობის გამო არანაირი სასჯელი არ დაეკისრათ (ცნობისათვის: ირლანდიის რესპუბლიკური პარტიის მიზანს წარმოადგენს ჩრდილოეთ ირლანდიის სრული დამოუკიდებლობა, მათ შორის – და უმთავრესად – ჩრდილოეთ ირლანდიის (ოლსტერის ნაწილი) სამხედრო ოკუპაციის დასრულება; მათ თავიანთ მთავარ მოწინააღმდეგეებად იუნიონისტები მიაჩნიათ; ირლანდიის რესპუბლიკურ არმიას თავისი წარმომადგენლები ჰყავს ბრიტანეთის პარლამენტში – რედ.).
დღევანდელი შეტაკებები ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა ჩრდილოეთ ირლანდიაში უკანასკნელ წლებში. პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ყველა პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსები არეულობების მონაწილეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები