იტალიაში დაკავებული სამხედრო მოსამსახურის ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული მასალებით ირკვევა, რომ იტალიური დოკუმენტების გარდა დაკავებული რუსი სამხედრო ნატოს საიდუმლო დოკუმენტაციასაც აწვდიდა, რითაც საფრთხეს უქმნიდა როგორც იტალიის, ისე სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას. ამის შესახებ „კორეიერე დე ლა სერა“ წერს.
გამოცემის ცნობით, რუსი სამხედრო მოსამსახურისთვის ოფიციალური კონფიდენციალური დოკუმენტების გადაცემის ბრალდებით დაკავებულია იტალიის საზღვაო ძალების ფრეგატის კაპიტანი („ანსა“ მის ვინაობასაც ასახელებს – ვალტერ ბიოტი – Walter Biot). დოკუმენტები სამხედრო ხასიათისაა და მკაცრად გასაიდუმლოებულია. ვალტერ ბიოტმა საიდუმლო დოკუმენტებს ფოტო გადაუღო კომპიუტერის მონიტორიდან და ფლეშკაზე ჩატვირთა რუსი სამხედროსთვის გადასაცემად 5000 ევროს სანაცვლოდ. მას კონფიდენციალურ დოკუმენტებზე ხელი მიუწვდებოდა, როგორც იტალიის თავდაცვის სამინისტროს გენშტაბის თანამშრომელს.
სამართალდამცავების მტკიცებით, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია უსაფრთხოების სამსახურს შიდა დაზვერვამ რამდენიმე თვის წინ მიაწოდა.
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, იტალიელ ოფიცერს სამართალდამცველები უთვალთვალებდნენ. გუშინ საღამოს კი იტალიელი და რუსი სამხედროები დანაშაულის მომენტში დააკავეს, სწორედ მაშინ, როდესაც იტალიელი რომში, ავტოსადგომზე რუსი სამხედრო ატაშესთვის საიდუმლო დოკუმენტების ასლების გადაცემას აპირებდა ფლეშკით.
იტალიის სამხედრო პროკურატურამ გამოძიება დაიწყო როგორც იტალიელი სამხედროს, ისე რუსი ოფიცრის მიმართ.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ჯაშუშობის მცდელობას „მტრული აქტი“ უწოდა. რუსეთის ელჩი სერგეი რაზოვი ფარნეზინას სასახლეში დაიბარეს მკაცრი პროტესტის გამოსაცხადებლად.
მომხდარის გამო იტალიამ ქვეყნიდან რუსეთის ორი ოფიციალური წარმომადგენელი გააძევა.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები