ინგლისის ბანკმა 50 ფუნტის ნომინალის ახალი პოლიმერული კუპიურის დიზაინი წარადგინა
რატომ გამოსახეს მასზე მათემატიკოსი, რომელიც ჰომოსექსუალიზმისთვის გაასამართლეს?
ინგლისის ბანკმა 50 ფუნტი სტერლინგის ნომინალის ახალი პოლიმერული კუპიურის დიზაინი წარადგინა. კუპიურაზე გამოსახულია ინგლისელი მათემატიკოსი და კრიპტოგრაფი ალან ტიურინგი. ბანკნოტები მიმოქცევაში ტიურინგის დაბადების დღეს, 23 ივნისს გამოვა.
ეს არის იმ ბანკნოტების განახლების საბოლოო ეტაპი, რომლის პროცესიც ინგლისის ბანკმა 2016 წელს დაიწყო. 5, 10 და 20 ფუნტის ნომინალის კუპიურები უკვე შეიცვალა.
ქაღალდის ფულიდან პოლიმერულზე გადასვლა, უწინარეს ყოვლისა, უსაფრთხოების მოსაზრებით ხდება. ასეთი კუპიურების ყალბი ასლების დამზადება უფრო ძნელია, ისინი უფრო გამძლეა – ადვილად არ ზიანდება, არ იხევა, თანაც პოლიმერული ბანკნოტები ჭუჭყს და წყალს ადვილად იშორებს.
ქაღალდის ბანკნოტები მიმოქცევაში კიდევ რამდენიმე ხანს დარჩება, შემდეგ კი შესაძლებელი იქნება ბანკებში მათი გადაცვლა ახალ, პოლიმერულ კუპიურებზე.
ტიურინგის ხსოვნის პატივსაცემად
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანელ გამშიფვრელთა ჯგუფმა ალან ტიურინგის ხელმძღვანელობით გერმანული დამშიფვრელი მანქანის – „ენიგმას“ მუშაობის პრინციპი გამოიცნო. ეს ისტორია ფართოდ არის ცნობილი – ამის შესახებ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც წერია და ფილმებიც არის გადაღებული, თუმცა ბევრი ისტორიკოსის აზრით, ყველას როდი ესმის ბოლომდე, რა მასშტაბის წვლილი მიუძღვის ომის დასრულების შედეგში ტიურინგს.
მათი აზრით, „ენიგმას“ შიფრის გატეხამ მოკავშირეთა გამარჯვება, სულ ცოტა, 2 წლით დააჩქარა, ამის გარეშე საერთოდაც გაურკვეველი იყო, როგორ დასრულდებოდა ომი. მოწინააღმდეგის გეგმების შესახებ ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობამ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
ომის შემდეგ ბრიტანეთის ეროვნულ ფიზიკურ ლაბორატორიაში ტიურინგის პროექტით შეიქმნა მსოფლიოში პირველი კომპიუტერის პროტოტიპი – მანქანა მეხსიერებით და მასში შენახული პროგრამით.
1952 წელს ალან ტიურინგი დააპატიმრეს 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცთან კავშირის გამო და დამნაშავედ ცნეს „უხეშად უგვანი საქციელისთვის“ – მაშინდელ სისხლის სამართლის კოდექსში არსებობდა ასეთი მუხლი, რომელიც ჰომოსექსუალიზმის გამო დასჯას ითვალისწინებდა.
ციხეში პატიმრობა ტიურინგს იძულებითი მკურნალობით შეუცვალეს, მათ შორის, ჰორმონული პრეპარატებით. 41 წლის ასაკში ალან ტიურინგმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. იგი მხოლოდ 2013 წელს შეიწყალეს, სიკვდილის შემდეგ.
„ის იყო წამყვანი მათემატიკოსი, ბიოლოგი და პირველი გზის გამკვალავი კომპიუტერული მეცნიერებების სფეროში, – განაცხადა ინგლისური ბანკის ხელმძღვანელმა ენდრიუ ბეილიმ. – მას არაადამიანურად მოექცნენ იმის გამო, რომ გეი იყო. 50-ფუნტიანი ბანკნოტის სახედ მისი არჩევით სათანადო პატივს მივაგებთ მის დამსახურებებს და ყველა იმ ღირებულებას, რომელსაც იგი განასახიერებს“.
ამასთან, ბევრი აქტივისტი აკრიტიკებს ინგლისის ბანკს იმისთვის, რომ ბრიტანული საზოგადოების მრავალფეროვნებას არასათანადოდ ასახავს – 4 ბანკნოტიდან 3-ზე მამაკაცები არიან გამოსახულნი: 5-ფუნტიანზე – უინსტონ ჩერჩილი, 20-ფუნტიანზე – მხატვარი უილიამ ტერნერი, 50-ფუნტიანზე – ალან ტიურინგი. მხოლოდ ერთ, 10 ფუნტის ნომინალის კუპიურაზეა გამოსახული ქალი – მწერალი ჯეინ ოსტინი.
თარგმნა ნიკო აბაშიშვილმა
წყარო: BBC
კომენტარები