იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე პარტია „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ (5MS) სრულ განახლებას უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება რომში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, რომელსაც ყოფილი პრემიერ-მინისტრიც ესწრებოდა.
სამიტის ადგილად თავიდან პარტიის დამაარსებლის, კომიკოსის, მსახიობის, ბლოგერის და პოლიტიკოსის, ბეპე გრილოს ვილა იყო გამოცხადებული მარინა და ბიბონაში, რომელიც რეპორტიორებმა მოაქციეს ალყაში. მოულოდნელად ბეპე გრილომ მანქანა შეიცვალა და ტოსკანა დატოვა, საბოლოო ჯამში, სამიტი რომში, სასტუმრო Forum-ში გაიმართა.
თავად ბეპე გრილო „ფორუმში“ კოსმონავტის ჩაფხუტით მივიდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ „5 ვარსკვლავის“ ლიდერები – ლუიჯი დი მაიო, ალფონსო ბონაფედე, რობერტო ფიკო, სტეფანო პატუანელი, რიკარდო ფრაკანო, პაულა ტავერნა და სხვები – ყველა, ვინც ხმა მისცა მარიო დრაგის მთავრობას და ამ მთავრობაში ეკოლოგიური ტრანზიციის (Transizione Ecologica) სამინისტროს შექმნას.
„ჩვენ (იტალიას – რედ.) გვაქვს ტექნოლოგიები, იდეები და ერთობის სული, რომელიც ყოველთვის გამოგვარჩევდა. ახლა დროა, რომ წინ წავიდეთ“, – ასეთია თავად ბეპე გრილოს მოწოდება, რომლის თქმითაც, 30 წელია საუბრობს ენერგიებზე, ეკოლოგიურ გარემოზე, ეკონომიკაზე. „მეტისმეტად დიდხანს ვიყავით ჩვენი სისტემის ტყვეები, რომელიც ზრდაზე იყო დაფუძნებული. სულ უფრო მდიდარი საზოგადოება, რომელიც, ამავე დროს, სულ უფრო და უფრო მეტ ტანჯვას წარმოშობს“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ თავის პოსტში.
გადაწყდა: პარტიის ფუნდამენტური განახლების პროექტს ჯუზეპე კონტე უხელმძღვანელებს. პროექტით კი „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ აპირებს, დაიკავოს „ცენტრალური ადგილი იტალიის პოლიტიკურ სტრუქტურაში“ და უფრო მეტად გახსნილი იყოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. პარტიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეკოლოგია და უთანასწორობასა და კორუფციასთან ბრძოლა „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის“ მთავარ მიმართულებებად დარჩება.
„ანსა“ წერს, რომ ახლა „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ მომავალი კონტეზეა დამოკიდებული და იმ როლზე, რომელიც მას „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ მიანიჭა, როგორც „ფრონტმენს“.
პარტიის მიერ დაწყებული ზრუნვა „რესტარტზე“ და სრულ განახლებაზე ნამდვილად დროულია ამ სიტუაციაში, რადგან 2018 წლის მარტის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოპულისტების რეიტინგი ორჯერ და მეტად შემცირდა. 3 წლის წინანდელ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერის შედეგად „ხუთი ვარსკვლავის მოძრაობას“ ხმათა 32.7 პროცენტი ჰქონდა და მან იტალიის პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი მოიპოვა, თუმცა მისი მხარდაჭერა სტაბილურად იკლებს და ახლა პარტიის რეიტინგი 15 პროცენტია – ამ მაჩვენებლით ის მეოთხე ადგილზე ჩამოქვეითდა „ჩრდილოეთის ლიგის“, დემოკრატიული პარტიის და „იტალიის ძმების“ შემდეგ.
რაც შეეხება სამართლის სპეციალისტს, უპარტიო ჯუზეპე კონტეს, პირადად მისი, როგორც პრემიერ-მინისტრის, რეიტინგი ყოველთვის მაღალი იყო. მაგალითად, მიმდინარე წლის იანვარში „იფსოსის“ მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ კონტეს რეიტინგი დაახლოებით 56 პროცენტს აღწევს. ჯუზეპე კონტე ყოველთვის ახლოს იყო „5 ვარსკვლავის მოძრაობასთან“, სწორედ მისმა სიტყვებმა, რომ მარიო დრაგის ხელს არაფერში შეუშლიდა, გადააწყვეტინა პოპულისტებს, ახალი პრემიერისთვის მხარი დაეჭირათ, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ამაზე უარი განაცხადეს.
კონტე რომ ძალიან პოპულარული პოლიტიკოსია იტალიაში, ამას მოწმობს ფლორენციის უნივერსიტეტში დაბრუნების შემდეგ მისი პირველი ონლაინ ლექციის პირდაპირი ეთერის კომენტარებიც ფეისბუქში, რომელიც 26 თებერვალს, პარაკევს გაიმართა.
„საუკეთესო პრემიერ-მინისტრი… ეს ქვეყანა ვერ იტანს პატიოსან ადამიანებს… ერთადერთი პატიოსანი პრემიერი გააგდეს… ისევე როგორც ბევრი იტალიელი, მეც ვიმედოვნებ, რომ არ მიგვატოვებთ და დაგვიბრუნდებით… მეტისმეტად ჭკვიანია, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი იყოს, ამიტომ, როგორც იტალიაში ყველა სფეროში ხდება, ის მოაშორეს. მერიტოკრატია აქ – წმინდა წყლის უტოპიაა… კეთილშობილი, განათლებული, ყველაზე მაგარი პრემიერ-მინისტრი…“ – ძირითადად, ასეთია უამრავი იტალიელის კომენტარების შინაარსი, რომლებიც თავადაც შეგიძლიათ იხილოთ ჯუზეპე კონტეს ფეისბუქგვერდზე მისი ლექციის ვიდეოს ქვეშ.
ამ დროისთვის ლექციას 2.2 მილიონი ნახვა აქვს, 45 ათასამდე კომენტარი და უამრავი გაზიარება.
ვფიქრობ, თუ „5 ვარსკვლავის მოძრაობა“ გადაწყვეტს, მომავალ ყრილობაზე ჯუზეპე კონტე აირჩიოს ლიდერად და ეს უკანასკნელიც დათანხმდება, ეს პარტიას ნამდვილად მოუტანს მხარდამჭერთა რიცხვის საგრძნობ ზრდას.
ნინო ხოშტარია
კომენტარები