„თუ თბილისში უმრავლესობას თვითგამოხატვის პრობლემა აქვს, ნიუ-იორკში ჩასულს, გადარჩენის ინსტინქტი გერთვება“
ნიკა დვალიძემ უცბად გადაწყვიტა ამერიკაში წასვლა და ბევრი აღარ უფიქრია: შეავსო განაცხადი, ვიზა მიიღო და წავიდა… 3-თვიანი ემიგრანტული ცხოვრების მერე იგი ისევ სამშობლოში დაბრუნდა: „3 თვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთი შანსი მიმეცა საქართველოში ცხოვრებისთვის“, – ამბობს იგი და სამომავლოდ ემიგრაციაში წასვლას არ გამორიცხავს.
ნიკა, რატომ გადაწყვიტე შეერთებულ შტატებში გამგზავრება?
სრულიად შემთხვევით გადავწყვიტე. ერთ დღეს გავიღვიძე და თავს ვკითხე, რუტინულ სამსახურებს ხომ არ სჯობდა, ოცნება ამესრულებინა?! თანაც მოვლენები ისე დაემთხვა ერთმანეთს: ასტროლოგიურ პროგნოზშიც, რომელსაც იშვიათად ვკითხულობ ხოლმე, ეწერა, რომ ახალ ადგილას ცხოვრების შანსები მქონდა. შემდეგ მეგობარი შემხვდა, რომელმაც მითხრა, მე ნიუ-იორკში მეგონეო, ბოლოს კი მეგობარმა დამირეკა ნიუ-იორკიდან, რომელთანაც ერთი წელი კონტაქტი არ მქონია. მეორე დღესვე შევავსე აპლიკაცია და გავედი გასაუბრებაზე.
რამდენ ხანს იყავი ემიგრანტი?
ნიუ-იორკში სამი თვე გავატარე. არ ვიცოდი, დავრჩებოდი თუ არა, მაგრამ მაინტერესებდა ახალ ადგილზე ცხოვრების დაწყება და ის სირთულეები, რომელსაც ემიგრანტები გადიან, რაც მეტ-ნაკლებად გავიგე კიდეც.
და რა არის ეს სირთულეები?
ახალ გარემოში თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. თუ თბილისში უმრავლესობას თვითგამოხატვის პრობლემა აქვს, ნიუ-იორკში ჩასულს, გადარჩენის ინსტინქტი გერთვება. მშობლიურ ქალაქში ვიცოდი, რომ მყავდა მეგობრები, ახლობლები და შიმშილის ან ჭერის გარეშე დარჩენა არ მემუქრებოდა. ემიგრაციის შემთხვევაში კი დგას საკითხები, რომ თვის ბოლომდე მოახერხო ქირის გადახდაც, გამოკვებაც და, თუ გაგიმართლა, ხანდახან გართობაც კი.
3 თვის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთი შანსი მიმეცა საქართველოში ცხოვრებისთვის, სადაც ჩავთვალე, რომ ამ ეტაპზე მეტი შესაძლებლობა მაქვს – ვიყო კრეატიული. თუ ჩემი ამბიციები აქ დავიკმაყოფილე, დავრჩები, თუ არადა, მეორედ წასვლისას ზუსტად მეცოდინება, რა მელოდება წინ.
ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემიდან მახსოვხარ. პროფესიით ჟურნალისტი ხარ?
განათლებით ეკონომისტი ვარ, 13-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილებით; ვმუშაობდი კომუნიკაციების სფეროში („მუზიკ ბოქსზე“ დაიწყო ჩემი პირველი ნაბიჯები მედიის სფეროში); ამჟამად ფესტივალ Summer Set-ის პიარით ვარ დაკავებული.
როგორია შენი სამომავლო გეგმები?
ჩემი სამომავლო გეგმები კვლავაც ექსპერიმენტულია, ქვეყანას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია საინტერესო იყოს.
ესაუბრა ქეთი კვირკველია
კომენტარები