მიგრაციაქართველები უცხოეთში

რომელ ქვეყნებში და რა პირობებით შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება

საქართველო თავისი მოქალაქეების ლეგალური დასაქმების თაობაზე მოლაპარაკებებს მთელ რიგ ქვეყანასთან აწარმოებს, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ისრაელთან და ბულგარეთთან, ასევე მიმდინარეობს გარკვეული დიალოგი საფრანგეთთან. ჩვენი მოქალაქეების დასაქმების ეს პროგრამა გაგრძელდება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლიათ ისრაელში დროებით დამხმარე პერსონალად ისრაელის ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკული ან კომპლექსური დაავადებებისა და /ან შეზღუდული (ფიზიკურად ან კოგნიტურად) შესაძლებლობების მქონე პირებს უვლიან.

ამის შესახებ შეთანხმება საქართველოსა და ისრაელს შორის გასული წლის შემოდგომაზე გაფორმდა.

საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ გაემგზავრონ სეზონურ სამუშაოებზე გერმანიაშიც. ამ ქვეყანაში ლეგალური დასაქმებისთვის მათ 15 თებერვლიდან უნდა გაიარონ რეგისტრაცია სპეციალურ ვებგვერდზე http://workabroad.gov.ge/. სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება.

საქართველომ ჩვენი მოქალაქეების დასაქმების შესახებ ოფიციალური შეთანხმება გერმანიასთან მიმდინარე წლის იანვარში გააფორმა – საქართველოს, სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს – (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც შეიქმნა სამართლებრივი საფუძველი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმებისთვის.

სეზონურ სამუშაოებზე დასაქმება გერმანიაში სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებას გულისხმობს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, დასაქმების ხანგრძლივობაა ერთიდან სამ თვემდე; სამუშაო დრო: ხუთი-ექვსი დღე კვირაში; რვა-ათი საათი დღეში. მინიმალური ხელფასი – 9.50 ევრო საათში (დარიცხული), რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება შეუძლით, აგრეთვე, პოლონეთში.

საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის განცხადებით, საკონსულოში წელიწადში თითქმის 10 000 განაცხადი შედის საქართველოს მოქალაქეების მხრიდან პოლონეთში სამუშაო ვიზის მიღების მიზნით.

საქართველოს მოქალაქეებს ლეგალურად დასაქმება, მათ შორის, სეზონურ სამუშაოებზე შეუძლით თურქეთში – ამისთვის მათ სამუშაო ნებართვა უნდა მიიღონ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close