მიგრაციამსოფლიო

„თუ თურქეთში მუშაობა გსურთ, ნებართვა უნდა მიიღოთ“ – ელჩის მოწოდება საქართველოს მოქალაქეებს

თუ თურქეთში მუშაობა გსურთ, მუშაობის უფლება უნდა მიიღოთ, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა bm.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, ვისაც თურქეთში დასაქმება სურს, მიიღონ შესაბამისი ნებართვა.

„ჩვენს ფეისბუქ და სხვა სოციალური მედიის გვერდზე გამოვაქვეყნეთ ორი მნიშვნელოვანი გაფრთხილება: თუ თურქეთში მუშაობა გსურთ, მუშაობის უფლება უნდა მიიღოთ. ეს კი სოციალური უსაფრთხოების გარანტიას მოგცემთ. სამუშაო ნებართვის გარეშე თუ მუშაობ, უფრო მეტად ხარ ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ. მინდა მჯეროდეს, რომ თურქები, ძირითადად, არიან ძალიან სამართლიანები, ისინი ზრუნავენ თავიანთ დაქირავებულებზე, სტუმრებზე, მაგრამ ზოგჯერ რაღაც ისე არ ხდება, როგორც უნდა იყოს. საჭიროა უსაფრთხოების გარანტიები. თურქეთის მთავრობა ეუბნება ყველა უცხოელს, მათ შორის, ქართველებს, რომ გთხოვთ მიიღეთ სამუშაო ნებართვა. თუ სეზონური სამუშაოებისთვის, ჩაის პლანტაციებში, თხილის საკრეფად თუ სახლის დიასახლისად სამუშაოდ მიდიხარ, სამუშაო ნებართვა უნდა მიიღო“, – განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, ეს განსაკუთრებით ეხებათ ქალებს: „როგორც ქალს. მე პირადად ინტერესი მაქვს, რომ ყველა სოციალური და შრომითი უფლება ყველა ქალისთვის იყოს უზრუნველყოფილი მთლიანად მსოფლიოში. მე ვიცი რამდენიმე ქართველი, რომლებიც 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ თურქეთში და ჰქონდათ სამუშაო ნებართვა და ბოლოს მათ პენსიის მიღების უფლებაც მიეცათ“, – დასძინა მან.

რაც შეეხება რიცხვებს, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან თურქეთში სამუშაოდ წასული, თურქი დიპლომატი ამბობს, რომ თუ ვნახავთ იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებიც გადავიდნენ თურქეთში და შევადარებთ იმათ რაოდენობას, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში, ვნახავთ რომ სხვაობა დიდია. „ეს გვეუბნება, რომ თურქეთში საქართველოს ათიათასობით მოქალაქე იმყოფება“, – ამბობს ელჩი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close