პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს
პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.
ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ყრილობაზე დამსწრე 400-მდე დელეგატმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
ირაკლი კობახიძემ თანაგუნდელებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პირობას გაძლევთ, მთლიანად დავიხარჯები, რათა თქვენი ნდობა გავამართლო“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ შეუძლია, ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე მიიყვანოს საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო.
„ჩვენი ქართული ოცნებაა საქართველო, რომელიც არის მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების თანამეგობრობის ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი.
სწორედ ამ ოცნებით გაერთიანდა ქართული საზოგადოება 2012 წელს ბიძინა ივანიშვილისა და ჩვენი პარტიის გარშემო. სწორედ ამ ოცნებამ, ღირებულებებმა და შემართებამ მისცა ჩვენს ხალხსა და პარტიას შესაძლებლობა, საფუძველი ჩაეყარა დემოკრატიული გარდატეხისთვის, რამაც შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად.
გასული წლების მანძილზე ჩვენს გუნდს ჰქონდა უამრავი წარმატება. ბუნებრივია, იყო ხარვეზებიც და შეცდომებიც, რომელთათვისაც თვალის გასწორებას ჩვენ არასოდეს შევშინებივართ. დღეს, როდესაც „ქართულ ოცნებას“ აქვს სახელმწიფოს მართვის რვაწლიანი გამოცდილება, როდესაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჰყავს ღირსეული და გამორჩეული ლიდერები, პროგრესული საპარლამენტო და სამთავრობო გუნდი, ღირსეული ლიდერები და წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებაში, პარტიას შეუძლია ახალი შემართებით განაგრძოს საქმიანობა, რათა ბოლომდე იქნას მიყვანილი ის საქმე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით განხორციელებული 2012 წლის დემოკრატიული გარდატეხით დაიწყო – ეს არის ჩვენი ქვეყნის გარდაქმნა მთელი თავისი არსით ევროპულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1tv.ge
კომენტარები