საზოგადოებასაქართველო

საახალწლო განწყობისთვის: ბაგრატიონის ცხვირი, რეიგანის ყური და მესხის მაისური

გთავაზობთ მხიარულ და გონებამახვილურ ეპიზოდებს ჩვენი სახელოვანი თანამემამულეების ცხოვრებიდან, რომლებიც ისტორიას შემორჩა.

რონალდ რეიგანი და ედუარდ შევარდნაძე

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე აშშ-ის პრეზიდენტს რონალდ რეიგანს უნდა შეხვედროდა. ამ შეხვედრის წინ ორ ქვეყანას შორის მცირე დიპლომატიური გაუგებრობა მოხდა და შევარდნაძე დილემის წინაშე იდგა: თუ ის ამერიკის პოლიტიკას გააპროტესტებდა, ეს, პრაქტიკულად, მოლაპარაკების ჩაშლას უდრიდა, რაც არანაირად არ შედიოდა სსრკ-ის ინტერესებში. არადა, არც პოზიციის დაუფიქსირებლობა ივარგებდა.

და გონიერმა დიპლომატმა გამოსავალი იპოვა.

შეხვედრის წინ საბჭოთა მინისტრს აცნობეს, რომ რეიგანს შვილიშვილი შეეძინა, თანაც ვაჟი…
როდესაც რონალდ რეიგანმა ედუარდ შევარდნაძეს ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მინისტრმა პრეზიდენტს ყურზე წაავლო ხელი და მაღლა აქაჩა. მერე კი გაოგნებულ პრეზიდენტს განუმარტა:

– საქართველოში ასეთი წესი გვაქვს, როდესაც ბიჭი იბადება, მამასა და ბაბუას ყურს უწევენ. გილოცავთ შვილიშვილის შეძენას.

ვერ გეტყვით, დაიჯერა თუ არა ეს რონალდ რეიგანმა, მაგრამ მეორე დღეს აშშ-ის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი პრესა წერდა: „საბჭოთა კავშირმა ამერიკას ყური აუწია“.

დოდო აბაშიძე და იპოლიტე ხვიჩია

ერთმანეთთან შეხუმრებულ იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეს არაერთხელ უკამათიათ. ერთ-ერთი ცხარე კამათის დროს გაბრაზებულმა იპოლიტემ დოდოს უთხრა:

– აბაშიძეები ყოველთვის მოღალატეები იყავით, ქართველებს თურქეთის ბაზარზე ჰყიდდით.
დოდომ უყურა, უყურა იპოლიტეს და უთხრა:
– რას ჰგავხარ, შე უბედურო, შენისთანებს გავყიდდით, აბა რას ვიზამდით?!

იოსებ სტალინი

იოსებ სტალინი ილიკო სუხიშვილის დიდი თაყვანისმცემელი იყო და ხშირად იწვევდა აგარაკზე, მისი ვირტუოზობით ტკბებოდა.

ერთხელაც სტალინს აღმოხდა თურმე:

– რა „განათლებულია“ ეს ღმერთძაღლი ფეხებში!

ერთ შურიან ჩინოვნიკს არც უცივებია, არც უცხელებია და ილიკო „ჩაუშვია“:

– სამაგიეროდ კომკავშირში ცუდად მუშაობს.

სტალინი დამსმენს მიბრუნებია და უთქვამს:

– გაუშვი, მაგან იცეკვოს, კომკავშირის საქმეებს სხვები მიხედავენ. რა იყო, არ მოგეწონა? მაშინ შენ იცეკვე და კომკავშირის საქმეებს ამხანაგ სუხიშვილს მივანდობთ. მიდი, იცეკვე.

დამსმენი ჯერ გაფითრებულა, მერე კი ძუგძუგი დაუწყია და მისი წვალება იქამდე გაგრძელებულა, სანამ ღონემიხდილი არ გაუყვანიათ.

იმის მერე ილიკო სუხიშვილზე სტალინთან ავის თქმა აღარავის უცდია.

ირაკლი აბაშიძე

პოეტ-აკადემიკოს ირაკლი აბაშიძის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით 1960 წელს სამეცნიერო ექსპედიცია მოეწყო, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა აღმოაჩინა. ამ მოვლენას პოეტმა ლექსების კრებული „რუსთველის ნაკვალევზე“ მიუძღვნა, რისთვისაც რუსთაველის პრემიის ლაურეატი გახდა.

მთელი საქართველო ხელისგულზე ატარებდა პოეტს, ყველგან დიდი სიხარულით ხვდებოდნენ, განსაკუთრებით მშობლიურ ხონში მოიქაჩლეს თავი და, როგორც იტყვიან, თან გადაყვნენ საპატიო სტუმარს.

ერთხელაც ირაკლი აბაშიძე შუა სუფრიდან წამომდგარა და მშობლების საფლავზე გასვლა მოუწადინებია. გარეთ საშინლად წვიმდა, მაგრამ მაინც დაადგნენ სასაფლაოსკენ მიმავალ გზას. ყველა გაილუმპა,

ატალახებულ გზაზე ფეხი უცურდებოდათ და ძირს ცვიოდნენ: ერთმა ფეხი იღრძო, მეორემ ხელი მოიტეხა, მესამეს ცხვირიდან სისხლი წასკდა… თავადაც ტალახში გვარიანად ამოთხვრილი, ფრიად შეწუხებული პოეტი კი ამაოდ ეძებდა მშობლების საფლავს.

და როცა მწერალი კარლო კალაძე კიდევ ერთხელ წაქცეულა, გამწარებულს წამოუძახია:

– ეს დალოცვილი, რუსთაველის საფლავს რომ ეძებდა, ჯერ საკუთარი დედ-მამის საფლავი ეპოვნა, არ ჯობდა?!

მიხეილ მესხი

საბჭოთა კავშირი-არგენტინის მატჩის შემდეგ, რომელიც ბუენოს-აირესში გაიმართა, მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული პრეზიდენტი სანტიაგო ბერნაბეუ მიშა მესხს სასტუმროს ნომერში ეწვია, წინ ჩეკების წიგნაკი დაუდო და უთხრა:

– სენიორ მესხი, ფრანკო (ესპანეთის დიქტატორი – ავტ.) მადრიდის „რეალში“ გეპატიჟებათ და გთავაზობთ, თქვენივე ხელით ჩაწეროთ ის თანხა, რისი მიღებაც ხელფასის სახით გსურთ.

მიხეილ მესხმა „რეალის“ პრეზიდენტს დელიკატური უარი უთხრა. გაბრაზებულმა ბერნაბეუმ ჩეკის წიგნაკს ხელი დაავლო, კარისკენ წავიდა და თან მიშას მიაძახა:

– ფრანკომ მითხრა, თუ უარით გამოგისტუმრებს, მაგ წითელ ფეხბურთელს გადაეცი, რომ საბჭოეთში დღეს ვარსკვლავია, მაგრამ ხვალ შეიძლება შიმშილით ამოხდეს სულიო.

მესხმა ბერნაბეუ შეაყოვნა, კარადიდან თავისი ნაკრების თერთმეტნომრიანი მაისური გამოიღო, „რეალის“ პრეზიდენტს შეაჩეჩა და უთხრა:

– ეს მაისური ფრანკოს წაუღეთ და უთხარით, რომ დღეს დიქტატორია, ხვალ კი შეიძლება დაამხონ და შიმშილით რომ არ მოკვდეს, მიშა მესხის მაისური გაყიდოს…

პეტრე ბაგრატიონი

გენერალი პეტრე ბაგრატიონი ხშირად დასცინოდა თავის კეხიან, დიდ ქართულ ცხვირს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მტერი ძალიან მიუახლოვდა ბაგრატიონის არმიას, მაგრამ ქართველი სარდალი არა და არ ჩქარობდა ბრძოლაში ჩართვას.

მისი უმოქმედობით შეშფოთებული ადიუტანტი, პოეტი და მემუარისტი დენის დავიდოვი მიიჭრა გენერალთან და მოახსენა:

– გენერალო, მტერი უკვე ცხვირწინაა!

– გააჩნია, ვის ცხვირწინ! თუ ჩემი, ჯერ კიდევ შორს ყოფილა, ხოლო თუ თქვენი, მაშინ უნდა ვიჩქაროთ, – მშვიდად მიუგო ბაგრატიონმა ცხვირპაჭუა დავიდოვს.

ბიძინა კვერნაძე

კომპოზიტორმა ფილიპე ღლონტმა კოლეგა ბიძინა კვერნაძეს შესჩივლა:

– სიმფონია დავწერე მორის ფოცხიშვილის ლექსზე და სათაური ვერ მოვუნახე.
– „ფილიპ-მორისი“ დაარქვი, — ურჩია ბიძინა კვერნაძემ.

ბადრი პატარკაციშვილი

ერთხელ ერთ პატარა სუფრასთან, სადაც ოთარ რამიშვილი ჯადოქრობდა თავისი გიტარით, მილიარდერმა ბადრი პატარკაციშვილმა განაცხადა:

– თქვენ გგონიათ, მარტო ოთარმა იცის ლექსების წერა? მეც მაქვს ლექსები, ამაში ახლავე დაგარწმუნებთ, – და ასდოლარიანებით გაძეძგილი კონვერტი გადასცა რამიშვილს „წასაკითხად“.

ოთარს მართლა ლექსები ეგონა და უხალისოდ გამოართვა. მაგრამ როცა შიგ ჩაიხედა, თვალები გაუბრწყინდა და პატარკაციშვილს სრულიად სერიოზულად უთხრა:

– ეს ლექსი კი არა, მთელი პოემაა და ამის „გაკორექტირებას“ ხვალიდან შევუდგები…

ვანო სულორი

sputnik-georgia.com

p. s. ირაკლი აბაშიძესთან დაკავშირებით nostal.ge კიდევ ერთ სახალისო ისტორიას გიამბობთ, რომელიც პოეტ მაყვალა გონაშვილისგან მოვისმინეთ:

მაყვალა გონაშვილის ლექსების რუსული თარგმანების კრებული უნდა გამოსულიყო მოსკოვში. ყველაფერი მზად იყო, მხოლოდ წინასიტყვაობა აკლდა. ახალგაზრდა პოეტი თბილისში დაბრუნდა და ირაკლი აბაშიძეს ესტუმრა, საქმის ვითარება გააცნო და უთხრა, მოსკოვში მირჩიეს, კარგი იქნება, თუ წინასიტყვაობას ლიტერატურის რომელიმე ქართველი „მეტრი“ დაწერსო.

ჩემთან შეცდომით მოხვედი, გრიგოლ აბაშიძესთან უნდა მისულიყავი, მეტრი ის არის, მე 2 მეტრი ვარო, – უთქვამს გამორჩეული იუმორით ცნობილ პოეტს (მოგეხსენებათ, ირაკლი აბაშიძე მაღალი კაცი იყო, გრიგოლ აბაშიძე კი – ტანმორჩილი).

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close