fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა (ვიდეო)

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპს იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ტრამპის იმპიჩმენტი ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებას დაეფუძნა. რეზოლუციას მხარი დაუჭირა ყველა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა და 10-მა „რესპუბლიკელმა“ (მთლიანობაში – 232 ხმა), წინააღმდეგი წავიდა 197 „რესპუბლიკელი“. იმპიჩმენტის რეზოლუციის მისაღებად, სულ მცირე, 218 ხმა იყო საჭირო.

ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა (პირველად ეს 2019 წლის 18 დეკემბერს მოხდა).

ახლა იმპიჩმენტის საკითხი სენატში გადაინაცვლებს, ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებისთვის სენატის შემადგენლობის, სულ მცირე, 2/3-ის მხარდაჭერაა საჭირო.

კენჭისყრამდე სენატში სასამართლო პროცესი გაიმართება. დიდი ალბათობით, ეს პროცესი 20 იანვრამდე, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვერ დასრულდება, როდესაც ახალარჩეული „დემოკრატი“ პრეზიდენტის უფლებამოსილება ძალაში შევა და ტრამპი ისედაც დატოვებს თეთრ სახლს, თუმცა სენატს შეეძლება იმპიჩმენტი გამოიყენოს იმისათვის, რომ მას მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს.როგორც ცნობილია, ტრამპმა უკვე განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში კენჭს იყრის.

ამჟამინდელი იმპიჩმენტის პროცესის დაწყება აშშ-ში მიმდინარე წლის 6 იანვარს განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა, როდესაც ტრამპის მომხრეები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ კონგრესის გაერთიანებული სხდომის მიმდინარეობისას, რომელსაც 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ძალადობრივი ქმედებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე დაშავდა. ტრამპს ბრალს სდებენ, რომ თავის მომხრეები ძალადობრივი ქმედებებისკენ წააქეზა.

ინფორმაციისთვის: დონალდ ტრამპი აშშ-ის მესამე პრეზიდენტია, რომელსაც იმპიჩმენტი შეეხო (პირველი იყო ენდრიუ ჯონსონი 1868 წელს – სამხედრო მინისტრის უკანონო გადაყენების საქმეზე, მეორე – ბილ კლინტონი, 1998-1999 წლებში ცრუ ჩვენებისა და მართლმსაჯულებისთვის დაბრკოლების შექმნისთვის მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებულ საქმეზე; ორივე პრეზიდენტს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა, თუმცა სენატმა ორივე გაამართლა, რადგან სენატში იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმათა 2/3 ვერ მოგროვდა).

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტი 2019 წელს ორ ბრალდებას დაეფუძნა – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უკრაინაზე ზეწოლით, რათა მისი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის გარშემო გამოძიება დაწყებულიყო; და კონგრესის ობსტრუქციას, რადგან მან უარი განაცხადა ეთანამშრომლა დემოკრატების ხელმძღვანელობით წარმოებულ საიმპიჩმენტო გამოძიებასთან. მაშინ რეზოლუციას მხარი არცერთმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა არ დაუჭირა, „დემოკრატებიდან“ კი 3 კანონმდებელი წავიდა წინააღმდეგი. სენატმა 2020 წლის 5 თებერვალს ტრამპი ორივე ბრალდებაში გაამართლა.

ამჯერად რა გადაწყვეტილებას მიიღებს სენატი, უახლოეს კვირებში გავიგებთ.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close