fbpx
იტალიაპოლიტიკა

სამთავრობო კრიზისი იტალიაში: მატეო რენცის პარტია კოალიციურ მთავრობას ტოვებს

იქნება თუ არა რიგგარეშე არჩევნები?

მინისტრები პარტია „ცოცხალი იტალიიდან“ (Italia Viva/IV) ქვეყნის მთავრობას ტოვებენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა მატეო რენციმ 13 იანვარს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრებმა – ტერეზა ბელანოვამ და ელენა ბონეტიმ, აგრეთვე, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ივან სკალფაროტომ პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ მიმართეს.

ფაქტობრივად, ეს მოქმედი სამთავრობო კოალიციის დაშლას ნიშნავს, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური გაცხადება არ კეთდება.

სამთავრობო კოალიციის შესაძლო დაშლაზე დისკუსია 2020 წლის სექტემბრიდან გააქტიურდა.

იტალიის კანონმდებლობის თანახმად, სამთავრობო კოალიციის დაშლის შემთხვევაში შესაძლოა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები, თუმცა რესპუბლიკის პრეზიდენტს, აგრეთვე, აქვს უფლებამოსილება, მოქმედი პარლამენტის წევრებს  ალტერნატიული კოალიციის შექმნის შესაძლებლობა მისცეს.

კოალიციის დაშლის ინიციატორად, ფაქტობრივად, „ცოცხალი იტალიის“ (Italia Viva/IV) ლიდერი, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მატეო რენცი გამოდის. მისი პატარა ფრაქციის გარეშე სამთავრობო კოალიცია უმრავლესობას კარგავს, ამით „გულმოცემული“ რენცი მოითხოვდა მიეღოთ მისი წინადადებები მთავარ ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, რასაც არ ეთანხმებიან არც მემარცხენე ლიბერალები დემოკრატიული პარტიიდან და არც ლუიჯი დი მაიოს „5 ვარსკვლავის მოძრაობა“, რომლებიც სამთავრობო კოალიციის ძირითად ბირთვს შეადგენენ.

როგორც მოგეხსენებათ, თავად იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე დამოუკიდებელი კანდიდატია, იგი არცერთ პარტიას არ მიეკუთვნება და თავის დროზე, 2018 წელს იგი პრემიერის პოსტზე მატეო სალვინის „ლიგისა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობის“ კომპრომისული კანდიდატი იყო.

ამასთან, მატეო რენციმ განაცხადა, რომ მისი პარტია მზადაა მოლაპარაკებები აწარმოოს ყველა საპარლამენტო ძალასთან ახალი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით, გარდა „მემარჯვენეებისა“. „ცოცხალი იტალია“ არასდროს ითანამშრომლებს „ევროპის მოწინააღმდეგეებთან“ და, უპირველეს ყოვლისა, მატეო სალვინისთან, – ხაზგასმით აღნიშნა რენციმ.

„ცოცხალი იტალიის“ მიერ სამთავრობო კოალიციის დატოვებამ შესაძლოა იქამდე მიიყვანოს საქმე, რომ ამ პარტიის ხმების გარეშე მოქმედმა კოალიციამ პარლამენტში უმრავლესობა დაკარგოს, ხოლო მთავრობა დგას რისკის ქვეშ, რომ პარლამენტში უნდობლობის ვოტუმს მიიღებს.

უთანხმოება მატეო რენცისა და კოალიციაში მის მოკავშირეებს შორის, მათ შორის, პრემიერ ჯუზეპე კონტესთან წარმოიშვა პანდემიის შედეგებისგან ქვეყნის აღდგენის გეგმის განხილვისას, რომლის უდიდესი ნაწილი ევროკავშირის სახსრებია – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უთანხმოება არსებობს იმ მილიარდობით ევროს ხარჯვასთან დაკავშირებით იტალიის ეკონომიკის აღდგენისათვის, რომელიც ქვეყანამ ევროკავშირისგან მიიღო. გუშინ გვიან ღამით მინისტრთა კაბინეტმა დოკუმენტი დაამტკიცა, თუმცა ორმა მინისტრმა რენცის პარტიიდან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

რენცის განცხადებით, შესაძლოა მისი პარტიის დეპუტატები ისევ დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობაში ან ოპოზიციაში გადავიდნენ.

მატეო რენცის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე ჯუზეპე კონტემ განაცხადა, რომ იმედი აქვს, რენცია არ გაიწვევს თავის მინისტრებს მთავრობიდან და გააფრთხილა იგი, რომ მძიმე პასუხისმგებლობას იღებს, რადგან ქვეყანა ვერ გაიგებს, რატომ დაიშალა მთავრობა პანდემიით გამოწვეული მძიმე სოციალური, ჯანმრთელობის თუ ეკონომიკური კრიზისის ფონზე.

მოგვიანებით კი პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ „ცოცხალი იტალიის“ მინისტრების გადადგომის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მისი თქმით, მათი მიმართვა ელექტრონული ფოსტით მიიღო და დაეთანხმა. „რა თქმა უნდა, დღეს საღამოსვე ვაცნობე რესპუბლიკის პრეზიდენტს შექმნილი სიტუაციის შესახებ. სამწუხაროდ, IV-მ („იტალია ვივა“) თავის თავზე აიღო სამთავრობო კრიზისის დაწყება“.

კონტეს თქმით, რენცის ამ გადაწყვეტილებით ქვეყანას უზარმაზარი ზარალი ადგება გაცხარებული პანდემიის და იმ მძიმე განსაცდელის ფონზე, რომლის წინაშეც ქვეყანა  იმყოფება.

უახლოეს პერიოდში ცნობილი გახდება, როგორ განვითარდება მოვლენები. იტალიური მედიის ცნობით, სენატში უკვე დათვალეს, რამდენ დეპუტატს შეუძლია ჩაანაცვლოს რენცის პარტიის დეპუტატები უმრავლესობაში და ასეთი, სულ ცოტა, 5 აღმოჩნდა.

და კიდევ: იტალიაში პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობა, რომლის ვადაც 31 იანვარს იწურება, ისევ გახანგრძლივდება მიმდინარე წლის 30 აპრილამდე – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ინფექცია ისევ ვრცელდება და რომ ამ კვირაში იტალიაში, ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესება შეიმჩნევა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close