21 დეკემბერს ალექსეი ნავალნიმ თავის YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: მე დავურეკე ჩემს მკვლელს, მან დანაშაული აღიარა. ვიდეოში ის ჰყვება, როგორ დაურეკა FSB-ს თანამშრომელს, რომელიც მისი მოწამვლის ოპერაციაში მონაწილეობდა.
14 დეკემბერს Bellingcat-ის, CNN-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის დროით დილის 6:30 საათისთვის ნავალნიმ გადაწყვიტა, დაერეკა FSB-ს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოძიების თანახმად, მისი მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ. მან FBS-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჩაეთვალა, რომ სამსახურეობრივი FSB-ს ნომრიდან ურეკავდნენ.
მოწამვლის საქმესთან დაკავშირებულ FSB-ს თანამშრომლების ნაწილს ნავალნიმ თავისი სახელით დაურეკა და ჰკითხა, რატომ დასთანხმდნენ მისი მოკვლის გეგმაში მონაწილეობას, მათ ტელეფონი გათიშეს. ბოლოს ნავალნიმ დაურეკა მიხაილ შვეცს და კონსტანტინ კუდრიაცევს და მათ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწე მაქსიმ უსტინოვად მოაჩვენა თავი. Bellingcat-ის თანახმად, შვეცმა ნავალნი იცნო და ტელეფონი გაუთიშა.
კონსტანტინ კუდრიავცევთან ალექსეი ნავალნი 49 წუთი ლაპარაკობდა.
რა ჩანს კუდრიავცევისა და ნავალნის საუბრიდან?
- FSB-ს სპეციალური გუნდის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მაშკაკოვი იყო.
კუდრიავცევი მას რამდენჯერმე ასახელებს, როგორც ზემდგომ ოფიცერს და ურჩევს „მაქსიმს“ (ნავალნის), დამატებითი ინფორმაციისთვის მას მიმართოს.
- FSB-ს მიზანი ნავალნის მოკვლა იყო. ოპერაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა
კუდრიავცევი აღნიშნავს, რომ სასურველი შედეგი, ნავალნის სიკვდილი, არ დადგა გარე ფაქტორების გავლენის გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ რამდენიმე ოპერაცია იყო დაგეგმილი. კუდრიავცევის განმარტებით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში.
- FSB აქტიურად ცდილობდა გაექრო „ნოვიჩოკის“ კვალი ნავალნის ტანსაცმლიდან და სხეულიდან.
კუდრიავცევის საუბრიდან ჩანს, რომ მას სწორედ ტანსაცმლიდან „ნოვიჩოკის“ კვალის მოშორება ევალებოდა. ნავალნის ტანსაცმელი მას ომსკის ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლებმა მიუტანეს და გაწმენდის შემდეგ კუდრიავცევმა სამხილები მათვე დაუბრუნა. საუბარში ნავალნი ეკითხება კუდრიავცევს, როგორ აღმოაჩინეს გერმანელებმა „ნოვიჩოკის“ კვალი. კუდრიავცევის ვარაუდით, ნოვიჩოკის კვალი სისხლში აღმოაჩინეს, ხოლო სხეულზე მის აღმოჩენას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან ომსკის საავადმყოფოში ნავალნი დაბანეს.
- ნოვიჩოკი ნავალნის საცვლების შიდა მხარეს იყო დატანილი
სატალეფონო საუბარში კუდრიავცევი ამბობს, რომ მას ჰქონდა მითითება, ტანსაცმლის გაწმენდის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნავალნის საცვლებისთვის. ტოქსიკოლოგები, რომლებსაც CNN-ი ესაუბრა, ამბობენ, რომ თუ ტანსაცმელზე ნოვიჩოკის გრანულებია დატანილი, ადამიანის გაოფლიანებისას ისინი კანში შეიწოვება.
22 დეკემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა კომენტარი გააკეთა ნავალნის მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ. უწყებამ ნავალნის სატელეფონო ჩანაწერს გაყალბებული უწოდა.
2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა „შარიტეში“ გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს.
ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს, „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნერვული აგენტია. ამასთანავე, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანახმად, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორი სტრუქტურულად ჰგავს „ნოვიჩოკის“ ცნობილ ვარიანტებს, თუმცა ის არ არის შეყვანილი აკრძალული ნერვული აგენტების სიაში, რომელიც 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ განახლდა, რაც ნიშნავს, რომ ნავალნის მოწამვლისთვის „ნოვიჩოკის“ ახალი და აქამდე უცნობი ვერსია გამოიყენეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს იგი გერმანიაში აგრძელებს. პოლიტიკოსი ამ დრომდე ევროპაში რჩება.
სრული ვერსიის წაკითხვა შეგიძლიათ აქ: tabula.ge
კომენტარები