საზოგადოებაარტისტი

„არც მე და არც გურამ საღარაძე ამ ქალის ფრჩხილად არ ვღირდით“ – ბუბა კიკაბიძე სკანდალურ ქორწინებაზე დუმილს არღვევს

თავისი ცხოვრების სიყვარულთან შეხვედრას ვახტანგ კიკაბიძე კენედის სიკვდილს „აბრალებს“

ვახტანგ კიკაბიძეს 50 წელზე მეტია ერთი ქალი უყვარს – ირინე ქებაძე. ქალბატონი ირინესთვის იგი მეორე ქმარია, მისი პირველი მეუღლე გურამ საღარაძე იყო, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს – მსახიობი მარინა საღარაძე. როცა ბუბა კიკაბიძე გაიცნო, ირინე ქებაძე ქმარს უკვე დაშორებული იყო. მას და ვახტანგ კიკაბიძეს ერთი საერთო ვაჟი ჰყავთ – კოკა.

როგორც ვახტანგ კიკაბიძე ამბობს, მათი შეხვედრა და დაახლოება კენედის სიკვდილმა განაპირობა:

კენედის ბრალია! გასტროლებზე ვიყავით უნგრეთში, მე – ანსამბლ „დიელოდან“, ჩემი კნეინა – ოპერიდან. კონცერტის მერე ახალგაზრდა მსახიობები ჩაის ვსვამდით. სასტუმროს მე-15 თუ მე-16 სართულზე ვიყავით. უცებ საშინელი ხმაური ატყდა ქუჩაში, მანქანები ამუხრუჭებდნენ, ხალხი გარბოდა. თურმე კენედი მოუკლავთ… ჩემს კნეინას შეეშინდა და მისი დაწყნარება დავიწყე. ჩავიხუტე და აღარც გავუშვი.

ჩემი კნეინაო, ამბობთ, მაგრამ მაშინ სხვის კნეინად ითვლებოდა.

ცხოვრებაა, აბა, როგორ?! ყველამ ყველაფერი იცის. მე ისეთი კაცი ვარ, როცა რამე მინდა, ყოველთვის ვაკეთებ. ვარ ზარმაცი, განძრევა არ მიყვარს, მაგრამ თუ რაღაც დავიწყე, იმ საქმეს ბოლომდე მივიყვან.

მაგრამ გიფიქრიათ, ბატონ გურამ საღარაძეს რა ტკივილი მიადგებოდა ამით?

არა მგონია, რადგან უკვე აღარ იყვნენ ერთად. ის რომ ჩემი მეგობარი ყოფილიყო, ეგ არ მოხდებოდა. სრულიად უცხოები ვიყავით ერთმანეთისთვის. უკვე ცნობილი მსახიობი გახლდათ, პატივს ვცემდი და სულ ეგ იყო. მარინა საღარაძეს ჰკითხეთ ეგ ამბები, მე ნუ მალაპარაკებთ. ისე, რომ იცოდეთ, არც მე და არც ის ამ ქალის ფრჩხილის ფასად არ ვღირდით. ყოველთვის ბევრად მაღლა იდგა ორივეზე.

50 წელია, ერთი ქალი მიყვარს. მე ერთგული ქმარი ვარ, აქეთ-იქით მორბენალი კაცები არ მიყვარს. მოსკოვის შოუბიზნესშია მოდაში, ძმაკაცი ძმაკაცის ცოლთან რომ დადის და ა. შ. ყველაფერი ხდება, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას ცხოვრება არ დაუნგრიო.

ჩემი ცოლი ტვინით გატენილი ქალია, საინტერესო პიროვნება და უერთგულესი ადამიანია. გადასარევი დედაა. ჩემი შვილები და შვილიშვილები მასზე ჭკუას კარგავენ.

წყარო

დაკავშირებულ თემაზე: „ამქვეყნად ისე უნდა იცხოვრო, რომ უკან მიხედვის არ შეგეშინდეს“ – გურამ საღარაძე

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close