საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ – ბინადრობის უფლება კიდევ ერთხელ ავტომატურად გადავადდება!
საბერძნეთის პარლამენტში დარეგისტრირდა ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს შემდეგს:
2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2020 წლის 31 ივლისამდე პერიოდში ვადაგასული ბინადრობის უფლებები ჩაითვლება ავტომატურად გადავადებულად 2021 წლის 31 მარტამდე.
აქ არის ერთი დადებითი და ერთი უარყოფითი ცვლილება:
- დადებთი ის არის, რომ გადავადება ეხება ივლისის თვეს სრულად, მაშინ როცა დღემდე არსებული მდგომარეობით 1/07/2020-19/07/2020 პერიოდი ავტომატურად გადავადებულად არ ითვლებოდა;
- უარყოფითია ის, რომ ავტომატურად გადავადების ფაზაში აღარ ხვდება 2019 წლის დეკემბერში ვადაგასული ბინადრობის უფლებები.
ის ბინადრობის უფლებები, რომლებსაც ვადა გაუვიდა ან გაუვა 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 2021 წლის 31 მარტამდე პერიოდში, ჩაითვლება ავტომატურად გადავადებულად ვადის გასვლის თარიღიდან დამატებით 8 თვით.
ზემოაღნიშნული გადავადებები ასევე ეხება ბინადრობის უფლებაზე განცხადების ჩაბარების მოწმობებს (ვევეოსებს).
ავტომატური გადავადება ასევე ეხებათ თავშესაფრის მაძიებლებსაც (ე. წ. „ასილო“ ან „კატეხაკის საბუთი“). საბუთები, რომლებზეც ვრცელდებოდა გადავადება საბერძნეთის თავშესფრისა და მიგრაციის მინისტრის N. 18602/11.9.2020 გადაწყვეტილების მიხედვით, ჩაითვლება ავტომატურად გადავადებულად 2021 წლის 31 მარტამდე. შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გულისხმობდა თქვენი საბუთების გადავადებას თქვენი საქმის ნომრის (Case No. / Αρ. Υπόθ.) ბოლო ციფრის მიხედვით. მაგ., ვისი საქმის ნომერიც მთავრდებოდა 1-ზე, მისი საბუთი ითვლებოდა გადავადებულად 6 ნოემბრამდე, 2-ზე დამთავრებული – 13 ნოემბრამდე და ა. შ. ახლა ყველა ეს საბუთი ჩაითვლება გადავადებულად 2021 წლის 31 მარტამდე.
აუცლებლად გაითვალისწინეთ, რომ ავტომატური გადავადება არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში შეგიძლიათ არაფერი აკეთოთ. როგორც კი მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ გადაავადოთ, ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. ნუ დაელოდებით, როდის მოვა კანონით გადავადებული ბინადრობის უფლების ბოლო ვადა. ვისაც ზემოაღნიშნულ პერიოდებში გიმთავრდებათ ბინადრობის უფლება, აქედანვე იზრუნეთ და გადაავადეთ. სისტემა დროდადრო ირთვება და გაძლევთ საშუალებას, რომ გადაავადოთ.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული დებულებები არის კანონპროექტი, რომელიც ჯერ არ დამტკიცებულა, თუმცა არსებობს ძალიან დიდი ალბათობა, რომ ახალ წლამდე დამტკიცდება და უკვე სრულად შევა ძალაში.
პაატა სიმსივე, ადვოკატი
https://www.facebook.com/simsive.paata/posts/726636441566381
კომენტარები