თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა
საქართველოს პროკრატურა განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს პროკურატურამ დაასრულა თამარ ბაჩალიაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთის და თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე მიმდინარე გამოძიება.
მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.
გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი; ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა; დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეოჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისაგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობების შესახებ; აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამისი უწყებების დახმარებით facebook-დან და Instagram-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია; ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რის შედეგადაც დადგინდა არამხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის გარემოებები, არამედ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი, მისი სიცოცხლის ბოლო წლების დეტალები და ფაქტები.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გამოძიების დაწყების დღიდან საგამოძიებო პროცესში ჩართულები იყვნენ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და მათი ადვოკატები, რომელთა მოთხოვნით ჩატარდა არაერთი საგამოძიებო, თუ საპროცესო მოქმედება, გადამოწმდა მათ მიერ დასახელებული, თუ საჯაროდ გავრცელებული ყველა ვერსია, თუმცა საქმეზე მოპოვებულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ არცერთი მათგანი არ შეესაბამება სინამდვილეს.
საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, წუთობრივი სიზუსტით იქნა რეკონსტრუირებული თამარ ბაჩალიაშვილის მიერ თვითმკვლელობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი და მასთან დაკავშირებული გარემოებები, კერძოდ:
2017 წლის აგვისტოში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო მუშაობა შპს „ზეგში“, სადაც დასაქმებული იყო 2020 წლის ივლისამდე. ამ პერიოდში, თამარ ბაჩალიაშვილს გაუჩნდა გრძნობები მისი უფროსის ნ.გ.-ს მიმართ. მთელი ამ დროის განმავლობაში, თამარ ბაჩალიაშვილი ვებგვერდ „momavali.me“-დან, ნ.გ.-ს სხვადასხვა შინაარსის სასიყვარულო შეტყობინებებს უგზავნიდა – ამ ვებგვერდის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ პირს, მათ შორის, საკუთარ თავს ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაუგზავნოს წერილი და თავად განსაზღვროს მისი ადრესატთან მისვლის კონკრეტული წელი, თვე და რიცხვი. აღნიშნულ შეტყობინებებში თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-სადმი მის სიყვარულზე, იმაზე თუ როგორ იტანჯება და ფიქრობს თვითმკვლელობაზე. ვებგვერდ „momavali.me“-ს საშუალებით, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავსაც უგზავნიდა წერილებს, სადაც ასევე საუბრობდა თვითმკვლელობაზე, – რომ სურს სიკვდილი, მაგრამ ამას ვერ აკეთებს. 2020 წლის 20 თებერვალს გაგზავნილ წერილში, რომელიც უნდა მიეღო 2020 წლის 27 ივნისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარ თავს ეკითხება: „ისევ ისე ცუდად ხარ და ისევ ხშირად ფიქრობ სიკვდილზე? ან იქნებ უკვე იცი კიდეც რა არის?’’
2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვლის თვეში თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ ჯერ კიდევ თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე, 2020 წლის 18 ივნისს, მან „Google“-ის საძიებო სისტემაში ინგლისურ ენაზე დაძებნა ტექსტი თვითმკვლელობის განხორციელების გზების მოსაძებნად, საიდანაც გადავიდა ბმულზე, რომელშიც მოცემულია სტატია თვითმკვლელობის სხვადასხვა მეთოდების შესახებ, მათ შორის, თვითმკვლელობა ელექტროშოკის გამოყენებით, არტერიული ვენების გადაჭრით და მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით.
თვითმკვლელობის შერჩეულ მეთოდზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, თამარ ბაჩალიაშვილმა, 2020 წლის 17 ივლისს, 13:48:27 და 13:58:58 საათზე „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა ტექსტი: „საძილე აბები ურეცეპტოდ“ და „სად იყიდება ურეცეპტოდ თბილისში ფსიქოტროპული აბები“. 14:42:50 საათამდე „გუგლის“ საძიებო სისტემით ასევე ეძებდა სხვადასხვა სახის მედიკამენტებს. ძებნის შედეგებიდან თამარ ბაჩალიაშვილი გადავიდა ბმულებზე, სადაც მითითებულია ვრცელი ინფორმაცია ერთ-ერთი პრეპარატის გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებზე, მათ შორის, როგორიცაა – გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება. სწორედ ამ კონკრეტული მედიკამენტის ცარიელი ფირფიტები, რომელზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ, ამოღებულ იქნა მისი ავტომანქანიდან, ხოლო მედიკამენტის შემადგენლობა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სხვა პრეპარატებთან ერთად გადაჭარბებული დოზით აღმოჩნდა მის ორგანიზმში.
გამოძიების მიმდინარეობისას ასევე შესწავლილ იქნა, თუ რა გზით შეიძინა თამარ ბაჩალიაშვილმა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები. კერძოდ, დადგინდა, რომ 17 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილი საკუთარი ავტომანქანით იმყოფებოდა რუსთავის გზატკეცილზე და გორგასლის ქუჩაზე მდებარე აფთიაქებში, სადაც საერთო ჯამში, შეიძინა საძილე საშუალება 20 აბი, ანტიდეპრესანტი 28 აბი, ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორის შემადგენელი პრეპარატის 30 აბი, არტერიული წნევის პრეპარატი 60 აბი და ნატრიუმის კოფეინის ბენზოატის შემადგენლობის პრეპარატის 12 აბი, ასევე შეიძინა ჩაი.
სახლში დაბრუნების შემდგომ, ვებგვერდ „Momavali.me“-ს მეშვეობით, 18:06:04 და 18:06:42 საათზე ორი ელექტრონული წერილი შინაარსით – „მართლა ძალიან მიყვარდი“ და „კმაყოფილი ხარ?“, გაუგზავნა შპს „ზეგში“ მის უფროსს ნ.გ.-ს, რომლებიც ადრესატს 2021 წლის 17 ივლისს და 2022 წლის 21 ივლისს უნდა მიეღო. ამავე ვებგვერდის მეშვეობით 18:07:31 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა საკუთარ ელექტრონულ ფოსტაზე გააგზავნა წერილი საკუთარი თავისადმი შეკითხვით – „ცოცხალი ხარ?“, რომელიც უნდა მიეღო 2021 წლის 21 ივლისს.
იმავე დღეს, ანუ 17 ივლისს, 18:35:57 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში დაძებნა – „ფეისბუქის ანგარიშის გაუქმება სიკვდილის შემდეგ“, ხოლო 18:36:02 საათზე შევიდა „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში და გაეცნო ინფორმაციას – „როგორ მოვითხოვო ოჯახის გარდაცვლილი წევრის ფეისბუქ ექაუნთის გაუქმება“. 18:36:20 საათზე „Facebook“-ის დახმარების განყოფილებაში გაეცნო ინფორმაციას – „ანგარიშის წაშლის ან მემორიალიზაციის მოთხოვნა“ და „რა მოუვა ჩემს ფეისბუქის ანგარიშს თუ მე გარდავიცვლები?“
გამოძიების მიერ სამართლებრივი დახმარების ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სოციალურ ქსელ „Facebook“-დან გამოთხოვილი ინფორმაციით დადასტურდა, რომ სხვა გარეშე პირის მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშზე წვდომას ადგილი არ ჰქონია და 2020 წლის 28 ივლისს განხორციელდა ამ ანგარიშის მემორიალიზაცია, ანუ „Facebook“-ის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის ასახვა.
იმავე დღეს, 20:31:42 საათზე, თამარ ბაჩალიაშვილმა „Google“-ის საძიებო სისტემაში კვლავ მოძებნა კონკრეტული მედიკამენტი და სამედიცინო პორტალ – vidal.ge-ზე გაეცნო აღნიშნული პრეპარატის ანოტაციას, მათ შორის, გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგებს, როგორიცაა გულის მწვავე უკმარისობა და გულის გაჩერება.
გამოძიების მიერ სრულად იქნა აღდგენილი 18 ივლისს, ანუ თვითმკვლელობის დღეს თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, რომლის უტყუარობა დასტურდება „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის ფუნქციით ასახული მონაცემებით და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებით. აღნიშნული ფუნქცია თამარ ბაჩალიაშვილს მობილურ ტელეფონზე გააქტიურებული ჰქონდა 2019 წლის მარტიდან. მისი მეშვეობით შესაძლებელია პირის გადაადგილების, ადგილმდებარეობის, დროის ასახვა და ამ მონაცემების შემცველი გადაადგილების ისტორია ინახება კონკრეტული პირის „Google“-ს ანგარიშზე, რომლითაც, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზუსტად იქნა აღდგენილი თამარ ბაჩალიაშვილის გადაადგილების მარშრუტი, კერძოდ:
გამოძიების მიმდინარეობისას, თამარ ბაჩალიაშვილის პირადი „Google“-ს ანგარიშის დათვალიერებით დადგინდა, რომ 18 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილმა ავტომანქანით გადაადგილება დაიწყო 10:09 საათზე – მოძრაობის დაწყების ადგილი იყო მისი საცხოვრებელი სახლის მისამართი. 10:15 საათზე მივიდა ფონიჭალის პარკის მიმდებარედ, მისი ბებიის რ.ზ.-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი. 10:25 საათზე, აღნიშნული ტერიტორიიდან გადაადგილდა რუსთავის გზატკეცილზე, საიდანაც გადავიდა თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე, გზიდან გადაუხვია ფონიჭალის სასაფლაოზე, საიდანაც მოძრაობა განაგრძო თბილისი-მარნეულის გზატკეცილზე და 12:13 საათზე ავტომანქანა გააჩერა სოფელ მაწევანის მიმდებარედ, ბუჩქებს შორის არსებულ ადგილზე. ეს არის მისი გადაადგილების ბოლო ლოკაცია, სადაც 22 ივლისს, საკუთარ ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი. ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით უტყუარად დადგენილია, რომ „Google“-ის ანგარიშზე გააქტიურებული „Timeline“-ის მიერ ნაჩვენები ბოლო ლოკაცია აბსოლუტური სიზუსტით ემთხვევა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის და გვამის აღმოჩენის ადგილს.
„Google“-ს ანგარიშზე შენახული, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის 18 ივლისს გადაადგილების მარშრუტი სრულ შესაბამისობაშია გამოძიების მიერ 112-დან და სხვადასხვა ობიექტებიდან მოპოვებულ ვიდეოჩანაწერებთან. თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ თეთრიწყაროს მიმართლებით გადაადგილებისას ის არ სარგებლობდა გზამკვლევი ელექტრონული პროგრამით და არ ეძებდა კონკრეტულ ადგილმდებარეობას ან მისამართს.
22 ივლისს ავტომანქანის აღმოჩენისას, მისი ძრავი იყო გამოთულ მდგომარეობაში, ავტომანქანის ოთხივე კარი – ელექტორნული გასაღის გამოყენებით შიგნიდან ჩაკეტილი, რომელთა მინები სრულად იყო აწეული. ავტომანქანის აღმოჩენის შემდგომ, მისი გახსნა შესაძლებელი გახდა თამარ ბაჩალიაშვილის მამის მიერ წარმოდგენილი ავტომანქანის სათადარიგო გასაღებით. თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი განთავსებული იყო სალონის უკანა სავარძელზე. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ავტომანქანის გადაადგილება მომხდარია მძღოლის მიერ მისი ექპლუატაციის პირობებში. საექსპერტო კვლევით გამოირიცხა ავტომანქანის გარეშე ძალით, ბუქსირებით ან გათრევით გადაადგილება. შესაბამისად, დადასტურებულია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 18 ივლისიდან 22 ივლისამდე პერიოდში გაჩერებული იყო ერთ ლოკაციაზე და მისი გადაადგილება არ მომხდარა.
18 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის გადაადგილების ამსახველ ვიდეოჩანაწერებზე ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზით და ანტროპოეტრიული შედარებითი კვლევით დადგინდა, რომ ავტომანქანის საჭესთან იჯდა თამარ ბაჩალიაშვილი და მის გარდა ავტომანქანაში არავინ მჯდარა. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია, გამოძიების მიერ გამოკითხული თეთრიწყაროს რაიონის სოფელ გოლთეთის მაცხოვრებელთა ჩვენებებით, რომლებიც, ადასტურებენ ავტომანქანაში მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის ყოფნის ფაქტს.
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უტყუარად იქნა დადგენილი, რომ 2020 წლის 18 ივლისს თამარ ბაჩალიშვილის მიერ ხსენებულ ლოკაციაზე მისვლიდან შემთხვევის ადგილზე ავტომანქანის აღმოჩენამდე, თამარ ბაჩალიაშვილის გარდა ავტომანქანაში სხვა პირი არ იმყოფებოდა.
თვითმკვლელობის სურვილის სისრულეში მოსაყვანად, თამარ ბაჩალიაშვილმა მიიღო მის მიერ წინა დღით, 17 ივლისს შეძენილი სამედიცინო პრეპარატების ნაწილი. საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი წნევის, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მედიკამენტების შემადგენლობა, რომელთა ოდენობა ასეულობით აღემატებოდა დადგენილ მინიმალურ ლეტალურ ოდენობას, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ წინა დღით აფთიაქებში შეძენილი პრეპარატების იდენტურია. ამ პრეპარატების ცარიელი ფირფიტები და აბების ნაწილი აღმოჩენილ იქნა 22 ივლისს ავტომანქანის დათვალიერების დროს. რაც შეეხება ამ პრეპარატების თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში მოხვედრას, საექსპერტო კვლევით დადგინდა, რომ მათი მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ორალური გზით (ანუ საყლაპავით) და არა ინექციის გზით (ანუ სისხლიდან). გარდა აღნიშნულისა, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთში აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში აღმოჩენილი მედიკამენტების ქიმიური შემადგენლობის კვალი. ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური დასკვნის თანახმად კი, ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით. შესაბამისად, დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავად მიიღო ტაბლეტების სახით მედიკამენტების გადაჭარბებული დოზა.
თამარ ბაჩალიაშვილის ორგანიზმში ასევე აღმოჩნდა მის მიერ წინა დღეს მოძიებული ზემოხსენებული პრეპარატი, რომელიც მას 2020 წლის 17 ივლისს არ შეუძენია, თუმცა გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი „Google“-ის საძიებო სისტემაში აღნიშნულ პრეპარატს ეძებს უშუალოდ დასახელებით, ამავდროულად კუთვნილ მობილურ ტელეფონში 2020 წლის 12 ივლისს შექმნილ სანიშნში (ე.წ. “notes”) ჩაწერა აღნიშნული მედიკამენტის დასახელება. გამოძიებით დადგენილია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სარგებლობდა სოციალურ ქსელ „Facebook“-ის ორი ანგარიშით. 2020 წლის 17 ივლისს 14:39 საათზე თამარ ბაჩალიაშვილმა გააგზავნა მოკლე ტექსური შეტყობინების სახით აღნიშნული მედიკამენტის დასახელება მის სარგებლობაში არსებულ „Facebook“-ის მეორე ანგარიშზე. მის ავტომანქანაში აღმოჩენილ აღნიშნული მედიკამენტის ორ ცალ ცარიელ ფირფიტაზე არსებული დნმ ეკუთვნის მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილს. ამასთან, ავტომანქანაში აღმოჩენილ ბაკურიანის სასმელი წყლის ცარიელ ბოთლში დარჩენილი წყლის წვეთებში, კვალის სახით აღმოჩნდა აღნიშნული პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება.
ამდენად, გამოძიებით დადგინდა, რომ მოხმარებული წამლების ნაწილი, რისგან გამოწვეული ინტოქსიკაციაც გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი, თამარ ბაჩალიაშვილმა შეიძინა 2020 წლის 17 ივლისს ზემოხსენებულ აფთიაქებში. მისი გადაადგილება და წამლების ყიდვის ფაქტები სრულად არის ასახული ვიდეო სათვალთვალო კამერებით და აღნიშნული ჩანაწერები საქართველოს პროკურატურის მიერ გასაჯაროებულია, ხოლო ზემოხსენებული პრეპარატები მას 2020 წლის 17 ივლისამდეც ჰქონდა და მათი შეძენა 2020 წლის 17 ივლისს არ მოუხდენია.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის, ასევე თამარ ბაჩალიაშვილის გვამის სასამართლო-სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზია მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია. გვამის გამოკვლევა 22 ივლისს ჩატარდა, და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მისი სიკვდილიდან გასული იყო დაახლოებით 4 დღე. ამავე საექსპერტო დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის გვამზე მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის ინექციის, ანუ ნანემსრების კვალი, არ აღინიშნებოდა. მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანებები ასევე არ აღინიშნებოდა თამარ ბაჩალიაშვილის ტანსაცმელზე. შესაბამისად, საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების პარალელურად, უტყუარი საექსპერტო კვლევებით იქნა უარყოფილი ყველა ვერსია თამარ ბაჩალიაშვილის ძალადობრივი სიკვდილის შესახებ. თვითმკვლელობის განხორციელებისას სხვა პირთა ავტომანქანაში ყოფნა, ასევე, გამოირიცხა ბიოლოგიური საექსპერტო კვლევებით, რომელთა თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე, მათ შორის წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოჩნდა თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი.
22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის დათვალიერებისას, სხვა ნივთებთან ერთად, აღმოჩენილ იქნა ხელნაწერი ფურცელი ტექსტით – „ანაბარზე თანხაა გამოიყენეთ“, რომელიც, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებულია თავად თამარ ბაჩალიშვილის მიერ. მასზეც აღმოჩნდა მხოლოდ თამარ ბაჩალიაშვილის დნმ-ის კვალი. გამოძიების მიერ შესწავლილ იქნა ს.ს. „საქართველოს ბანკის“’ პირადი ანგარიშები, სადაც ასახულია სხვადასხვა დროს, თამარ ბაჩალიაშვილის მიერ განხორციელებული ტრანზაქციები, შემოსავალისა და გასავალის შესახებ ინფორმაცია. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 ივლისის მდგომარეობით, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ანგარიშებზე აღმოჩნდა თანხა 75 209. 68 ლარი და 526.92 ევროს ოდენობით, რაც წარმოადეგნს მის დანაზოგს ხელფასის სახით მიღებული თანხიდან.
საზოგადოებას უკვე გავაცანით გენეტიკური/ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დამატებით გაცნობებთ, რომ დამატებით ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, მორფოლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად – თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაში აღმოჩენილ სამედიცინო პირბადეებზე სისხლის უჯრედები არ აღმოჩნდა. გამოკვლევის შედეგად პირბადეზე ნანახი იქნა მწერების ფრაგმენტები, ხოლო პირბადეებზე აღნიშნული ლაქები კი წარმოადგენს არასწორ კონტურებიან ე.წ. „კუდიან“ ლაქებს, დამახასიათებელს სხვადასხვა მწერების მიერ დატოვებული კვლებისათვის.
რაც შეეხება ავტომანქანის სალონში და თამარ ბაჩალიაშვილის სპორტულ ფეხსაცმელზე არსებულ ლაქებსა და ნადებებს, ისინი დამახასიათებელია სხვადასხვა მწერების მიერ, მოძრაობის/გადაადგილების დროს ან ბიოლოგიური მასალის, როგორიცაა სისხლი, ქსოვილოვანი სითხე, ლპობით პროცესში მყოფი ქსოვილი და ორგანიზმის სხვა გამონაყოფები და სითხეები, გადატანისას დატოვებული კვალისათვის. ხოლო თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანის ხალიჩაზე არსებული ლაქა წარმოადგენს ხალიჩაზე მოხვედრილი თამარ ბაჩალიაშვილის გვამის გვამური, თხიერი ლპობითი მასის გამოშრობის შედეგს.
რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ფისქოლოგიურ მდგომარეობას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც მას თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების გადაწყვეტილება მიაღებინეს:
გამოძიების ფარგლებში დაინიშნა კომპლექსური სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა. ამ კვლევაში მონაწილეობა შეეთავაზა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მიერ მითითებულ ორგანიზაციასაც, თუმცა მათ ექსპერტიზაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. საექსპერტო დასკვნის თანახმად, სტატისტიკურად სუიციდის განხორციელებას აქვს თავისი წინაპირობები, რომლებიც შეიძლება იყოს ოჯახში განვითარებული კონფლიქტური სიტუაციები, ადამიანის ინტროვერტული ბუნება – რაც გულისხმობს თავისი განცდების და სირთულეების შესახებ არავისთან საუბარს, ჩაკეტილობას, გადაჭარბებული მოთხოვნილება წარმატების მიღწევასა და კარიერულ წინსვლაზე, ასევე ძლიერი ემოციური დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ.
აღნიშნული გარმოებების გათვალისწინებით, ზემოხსენებული დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის მიხედვით არის მოწყვლადი ჯგუფის ტიპიური წარმომადგენელი, რომელსაც სუბიექტური აღქმით ყველა მიმართულებით წარუმატებლობის ფონზე აღარ სურს, ან ძალიან ურთულდება კრიზისულ სიტუაციაში კონსტრუქციული გადაწყვეტილების მიღება, არის სუიციდის განხორციელების მაღალი რისკი და ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით, დასაშვებია მის მიერ სუიციდის ჩადენის ფაქტი.
თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ემოციურ, ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასევე ადასტურებს მის ,,youtube“-ს არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის – მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება. თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ნ.გ.-ს მიმართ გრძნობებზე, აცხადებს, რომ მის ცხოვრებას აზრი არ აქვს და ხშირად ფიქრობს 2012 წლის გეგმის სისრულეში მოყვანაზე. ამ შემთხვევაში თამარ ბაჩალიაშვილი გულისხმობს მის მიერ თვითმკვლელობის მცდელობას 2012 წელს.
კერძოდ, თამარ ბაჩალიაშვილის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით დასტურდება, რომ 2012 წლის 06 იანვარს, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, 14 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დაემართა შეტევა, რომლის გამოც დარგის სპეციალისტების მიერ მის მშობელს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა კონსულტაცია ფსიქიატრთან.
2012 წლის 10 იანვარს, მორიგი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, თამარ ბაჩალიაშვილმა თვითმკვლელობის მიზნით, მიიღო დიდი რაოდენობით ანტიფსიქოზური საშუალება, რის გამოც მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით მოთავსებულ იქნა საავადმყოფოში, სადაც 2012 წლის 16 იანვრამდე მკურნალობდა ტოქსიკური ენცეფალოპათიის დიაგნოზით.
ასევე მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოფაილში, რომელიც თარიღდება 2020 წლის 20 თებერვლის 20:06:28 საათით, თამარ ბაჩალიაშვილი საუბრობს ტყეში თვითმკვლელობაზე, ამბობს, რომ ყველაფერი დაგეგმილი აქვს, თუ როგორ მოიკლავს თავს ტყეში, მაგრამ მშობლები და ძმა ეცოდება, რომ წარმოიდგენს ტყეში როგორ ნახავენ მას გარდაცვლილს. ვიდეოს დასასრულს, თამარ ბაჩალიაშვილი ამბობს: „მაპატიეთ დედა, მამა, გიო, მაგრამ თუ ვერ გავუძლებ, უნდა მოვიკლა თავი. მინდა იცოდეთ, რომ სხვა გზა არ მქონდა’“.
ფონო/ვიდეოსკოპური ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის „youtube“-ის პირადი არხიდან ჩამოტვირთულ 16 ვიდეოჩანაწერს და მისი მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ სამ ვიდეოჩანაწერს არ აღენიშნება მონტაჟის კვალი და აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერებში საუბრობს თამარ ბაჩალიაშვილი.
2020 წლის 21 თებერვალს თამარ ბაჩალიაშვილმა სოციალური ქსელ „Facebook“-ის ერთ-ერთ ჯგუფში დაწერა შეტყობინება, რომ ხშირად აწუხებს სუიციდური აზრები, ერთხელ სცადა და არ გამოუვიდა, ხშირად აწყობს გეგმებს და არჩევს გზებს, რომელი სჯობს მიზნის მისაღწევად და ითხოვს ურჩიონ ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი. 2020 წლის თებერვალში, თამარ ბაჩალიაშვილმა დაიწყო სიარული ფსიქოლოგთან.
აღნიშნული გარემოებები ცხადყოფს თამარ ბაჩალიაშვილის მძიმე ფსიქო-ემოციურ ფონს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 17 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილს გადაწყვეტილი ჰქონდა თვითმკვლელობა, მან გამიზნულად იყიდა მედიკამენტები, გამიზნულად წავიდა სახლიდან შორს, ეძებდა თვითმკვლელობისთვის შესაფერის ადგილს, როგორც ვიდეოში თავადვე საუბრობს – „ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს ახლა სიკვდილის მეტი არაფერზე მეფიქრება, ისიც კი ვიცი, თავი როგორ უნდა მოვიკლა, ისიც კი ვიცი, მაგრამ მშობლები მეცოდებიან და გიო მეცოდება ძალიან, რომ წარმოვიდგენ სადღაც ტყეში უნდა ამოვიდნენ, ასე არ მინდა, არ მინდა ტკივილისთვის გავიმეტო…“
სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მიზნით, ასევე გადამოწმდა, ხომ არ ჰქონია ადგილი თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტს, რასაც შეეძლო გამოეწვია მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა. ამ მიზნით მისი მობილური ტელეფონიდან და პორტატული კომპიუტერიდან გამოთხოვილი იქნა სრული ინფორმაცია, ამავდროულად ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებში გაიგზავნა შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც მოთხოვნილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის „facebook“-ანგარიშიდან, „Google LLC“-დან, WhatsApp Inc.“-დან, „Instagram“-დან და „LinkedIn“-დან მომხმარებლის მიერ ყველა სახის აქტივობის, მათ შორის წაშლის/გაუქმების/დეაქტივირების შესახებ ინფორმაცია, ასევე გამოყენებული IP მისამართები და კომპიუტერული ტექნიკა. გამოძიების ეტაპზე, სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მოპოვებული იქნა თამარ ბაჩალიაშვილის პირად „Instagram“ და სოციალურ ქსელ „Facebook“ გვერდებზე შესული IP მისამართების თაობაზე დეტალური ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ არაავტორიზებულ შეღწევას, ინფორმაციის წაშლას, ჩაწერას, ჩასწორებას და პროგრამების ინსტალაციას – ინფორმაციის არალეგალურად მოპოვებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, არ დადასტურდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების ვერსია სოციალურ ქსელებში არსებული მიმოწერისა და სხვა აქტივობის, მოკლე ტექსტური შეტყობინებების და განხორციელებული სატელეფონო ზარების შესახებ ინფორმაციის შეცვლის ან წაშლის თაობაზე.
ასევე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული მასალები შედარდა თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ მობილურ ტელეფონზე ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში დათვალიერებულ სოციალურ ქსელში მისივე აქტივობას, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ისინი სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და იდენტურია ერთმანეთის იმ განსხვავებით, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონიდან კომპიუტერული ექსპერტიზის მიერ სრულად იქნა აღდგენილი სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის მიერ გაგზავნილი და მიღებული შეტყობინებების შინაარსობრივი ანუ ტექსტობრივი ინფორმაცია, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებულ მასალაში მითითებულია იგივე აქტივობის მხოლოდ დრო, კომუნიკაციის მეორე მხარის ვინაობა და სხვა ტექნიკური მონაცემები.
გამოძიების მიერ გამოიკითხა თამარ ბაჩალიაშვილის გარემოცვაში არსებული ყველა პირი რომელთა რაოდენობა ასს აღემატება, რომლებთანაც ამ უკანასკნელს გააჩნდა პირადი თუ სოციალური ურთიერთობები. შესწავლილ იქნა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებში და კომპიუტერულ ტექნიკაში დაცული ინფორმაცია, თუმცა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რომელიმე პირის მიერ გამოხატული რაიმე უკანონო ქმედების ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა.
გამოძიების მიმდინარეობისას ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილ ,,apple’’-ს მარკის პორტატული კომპიუტერის და მობილური ტელეფონის ოპერაციულ სისტემებში არ ყოფილა დაინსტალირებული რაიმე მავნე, ჰაკერული ტიპის პროგრამა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნებოდა ამ მოწყობილობებში ან ამ მოწყობილობებიდან სხვა მოწყობილობებში არაავტორიზებული შეღწევა და ინფორმაციის წაშლა, ჩაწერა, ჩასწორება, პროგრამების ინსტალაცია და ინფორმაციის არალეგალურად მოპოვება. თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაციის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მასში ფიქსირდება ვებ – პროგრამისტის საქმიანობასთან დაკავშირებული პროგრამები და შესაბამისი პროექტები. პროექტებში გამოყენებული ვებ – პროგრამირების ტექნოლოგიები და აქედან გამომდინარე მათზე მომუშავე სპეციალისტის საქმიანობის სფერო არის ვებ – პროგრამირება. რაც შეეხება ე.წ. ფლეშკას, მასზე აღმოჩნდა აუდიო მუსიკალური ფაილები.
გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარადა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, გადამოწმებულ იქნა აბსოლუტურად ყველა ვერსია, რაც მათ მიერ იქნა შემოთავაზებული, შესწავლილ იქნა საჯაროდ, მედიასაშუალებებით გავრცელებული მოვლენათა შესაძლო განვითარების ყველა სცენარი, თუმცა გამოძიების ფარგლებში მოპოვებულმა მტკიცებულებებმა გამორიცხეს ვინმეს მხრიდან თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ რაიმე უკანონო ქმედების განხორციელების ფაქტი.
საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე მომზადდა ვიდეომასალა, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
კომენტარები