იტალია, არაბა: 2 მეტრზე მეტი თოვლი მოვიდა ბელუნოს დოლომიტებში (ვიდეო)
არაბაში (დოლომიტური ალპების მთიან მასივში მდებარე ცნობილი სამთო-სათხილამურო კურორტი), ბელუნოს დოლომიტებში 2 მეტრზე მეტი თოვლია. ამის შესახებ „ანსა“ იტყობინება და ულამაზეს ვიდეოს ავრცელებს.
მხარე იზოლირებულია, ხარვეზებია ელექტრომომარაგებასა და სატელეფონო კომუნიკაციაში.
საშობაო-საახალწლოდ იტალიამ, ისევე როგორც ავსტრიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა, ზამთრის კურორტები არ გახსნა და ტურისტებს თხილამურებით სრიალი ამ ქვეყნების მთის კურორტებზე ჯერჯერობით არ შეეძლებათ. ამის შესახებ ინფორმაცია 4 დეკემბერს გავრცელდა. ამ ქვეყნების ხელისუფლებებს სურთ თავიდან აიცილონ „მეორე იშგლი“.
ავსტრიის სამთო-სათხილამურო კურორტი იშგლი ცნობილია არა მარტო თავისი ტრასებით და ფერდობებით, არამედ (და უფრო მეტად) გასართობთა მრავალფეროვნებით და მჩქეფარე ღამის ცხოვრებით, თუმცა 2020 წლის გაზაფხულზე მან სულ სხვა მიზეზით გაითქვა სახელი – ბარი Kitzloch-ი და ტიროლის ამ ქალაქის სხვა მსგავსი დაწესებულებები ისტორიაში შევიდა, როგორც კორონავირუსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერა ევროპაში. სწორედ აქ დაინფიცირდა და სახლში „წაიყოლა“ COVID-19 უამრავმა ავსტრიელმა, გერმანელმა, ჰოლანდიელმა, დანიელმა, აგრეთვე, ნორვეგიიდან და ისლანდიიდან ჩამოსულმა არაერთმა ტურისტმა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები