ძლიერი უამინდობა იტალიაში, წითელი საფრთხის დონე გამოცხადდა ვენეტოსა და ემილია რომანიაში
ბრენერში რკინიგზა და ავტომაგისტრალი ჩაიკეტა; წყალდიდობა და მეწყერები სიცილიაზე, ეოლიის კუნძულები იზოლირებულია
იტალია ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე უამინდობამ მოიცვა, პოლარულმა ნაკადებმა წვიმა და თოვა გამოიწვია, იტალიის რამდენიმე რაიონში წყალდიდობაა, მდინარეები კი ყველგან განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშაა, მათ შორის, ტიბროსიც რომში. Dacia Arena-ს დატბორვის გამო გადაიდო უდინეზე-ატლანტის მატჩი. ბოლოს ასეთი რამ უდინეში (ფრიული-ვენეცია ჯულია) 2009 წელს მოხდა. ამის შესახებ ANSA წერს.
ორშაბათისთვის ვენეტოში, ფრიული-ვენეცია ჯულიაში (Fvg), ემილია რომანიასა და ბოლცანოში გამოცხადებულია წითელი საფრთხის განგაში, უამინდობა სამხრეთისკენ ვრცელდება. პოტენტინოში 51 წლის მუშა დაიღუპა, რომელიც ქალაქის ტექნიკურ სამმართველოში მუშაობდა, იგი არხში დაიხრჩო.
მეხანძრე-მაშველები პარასკევიდან შეუჩერებლად მუშაობენ, მარტო ვენეტოში მათ 600 ოპერაცია განახორციელეს მოსახლეობის დასახმარებლად. მობილიზებულია სპეცტექნიკა, რომლითაც გააქვთ ნაგავი და წაქცეული ხეები, ჩამოწოლილი მეწყრული მასები და თოვლის ნამქრები.
მოდენაში მდინარე პანაროს კალაპოტიდან გადმოსვლის გამო 60 ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო, მათ შორის, ვერტმფრენების დახმარებით. მოვარდნილი წყლის გამო ჩამოინგრა სამონის ხიდის ქვის საყრდენი.
წყალდიდობაა კამპანიასა და სიცილიაზე, განსაკუთრებით დაზარალდა მესინა; იზოლირებულია ეოლიის კუნძულები.
„სიტუაცია კრიტიკულია, თუმცა კონტროლქვეშაა“, – განაცხადა კასტელფრანკო ემილიის მერმა ჯოვანი გარგანომ – მუნიციპალიტეტი ავარიულ სიტუაციაში აღმოჩნდა ღამის საათებში, როდესაც პანარო კალაპოტიდან გადმოვიდა. პონტე ალტო დი მოდენაში მდინარე სეკია ადდიდდა, წყლის დონის აწევა რამდენიმე საათს გაგრძელდება 11 მეტრზე მაღლა, რაც დაახლოებით 60 სმ-ით მეტია ისტორიულ მაქსიმუმზე.
კოლდირეტის შეფასებით, ბორეტოში (რეჯო ემილია) მდინარე პოს დონემ 2,5 მეტრით აიწია.
ემილიის მდინარეებისთვის 36 საათის განმავლობაში გამოცხადებულია წითელი საფრთხე მოდენის რაიონში, ამავე დროით გამოცხადებულია ნარინჯისფერი საფრთხე მდინარეებისთვის ფერარის რაიონში.
„მეწყრებისა და ზვავსაშიშროების გამო, მოვუწოდებ მოქალაქეებს, არ გაემგზავრონ ბელუნოს რაიონში“, – განაცხადა ვენეტოს გუბერნატორმა ლუკა ძაიამ.
რთული სიტუაცია შეიქმნა ალპაგოში, სადაც მოხუცთა სახლის 76 ბინადარი სასწრაფო დახმარების მანქანებით გამოიყვანეს დატბორვის გამო და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
სამხრეთ ტიროლში (ალტო ადიჯე) შაბათ საღამოდან, დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, დაიკეტა ბრენერის უღელტეხილი, დაბლოკილია ავსტრიასთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი. დოლომიტურ ალპებში ზოგ ადგილას თოვლის სიმაღლემ 80-140 სმ-ს მიაღწია. სიტუაციას უფრო ართულებდა სამხრეთის ძლიერი ქარი, რომელმაც ნამქრები წარმოქმნა. უხვი თოვლის გამო მსოფლიო ჩემპიონატი კაცთა შორის გიგანტურ სლალომში ალპური თხილამურებით, რომელიც სანტა კატარინა დი ვალფურვაში (სონდრიო) უნდა გამართულიყო, ორშაბათს გადაიტანეს.
აღსანიშნავია, რომ რაბების სისტემა MOSE-მ ვენეცია კიდევ ერთხელ წარმატებით დაიცვა დატბორვისგან. ბარიერების ამოწევა პარასკევს 20:30 სთ-ზე დაიწყო და ღამით მან უზრუნველყო, რომ ქალაქის ისტორიული ცენტრი არ დაიტბორა 130-სმ-მდე „აკვა ალტას“ დროს. ექსპლუატაციაში შესვლიდან პირველად მოხდა, რომ რაბების სისტემა ღამით მთლიანად გააქტიურდა. MOSE-მ შაბათსაც დაიცვა ისტორიული ცენტრი დატბორვისგან მეორე პიკის დროს. ექსპრეტების თქმით, ბარიერების გარეშე წყალი 135 სანტიმეტრამდე აიწევდა და ქალაქის ისტორიულ ცენტრს დატბორავდა.
ფოტოზე ჩანს, რა ლამაზი სანახავი იყო ღამით MOSE-ს შუქის ანარეკლებით მოფენილი ლაგუნა.
ნინო ხოშტარია
კომენტარები