იტალიაში საქართველოს საელჩო 4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 4 დეკემბრიდან 15 იანვრამდე იტალიის ტერიტორიაზე შესვლის რეგულაციები იცვლება. ინფორმაციას ამის შესახებ საელჩო თავის ოფიციალურ FB-გვერდზე აქვეყნებს.
საელჩოს ცნობით, „საქართველოს მოქალაქეებს იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული მიზეზების გამო, როგორიცაა:
- სამუშაო;
- ჯანმრთელობა;
- სწავლა;
- აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა;
- სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.“
ტურიზმის მიზნით იტალიაში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ამ ეტაპზე აკრძალულია.
„ამასთან, 2020 წლის 3 დეკემბრის DPCM-ის თანახმად, იტალიაში შესვლის შესაძლებლობა საქართველოდან დასაშვებია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დადასტურებული და სტაბილური ემოციური ურთიერთობა (თანაცხოვრების გარეშეც) იტალიის/ ევროკავშირის/შენგენის მოქალაქეებთან ან იმ პირებთან, რომლებიც ლეგალურად ცხოვრობენ იტალიაში (გრძელვადიანი მაცხოვრებლები) და მიემგზავრებიან პარტნიორთან.
იტალიაში შემოსვლის/დაბრუნებისას აუცილებელია შეავსოთ ავტოდეკლარაცია, რომელშიც უნდა მიუთითოთ შესვლის/დაბრუნების მიზეზი. ავტოდეკლარაცია უნდა წარუდგინოთ საზღვრის კვეთისას შემოწმებაზე პასუხისმგებელ პირებს. სასურველია, მზად იყოთ აჩვენოთ ნებისმიერი დამხმარე დოკუმენტაცია და უპასუხოთ პერსონალის ნებისმიერ კითხვას, რომელიც ხელმძღვანელობს კონტროლის პროცედურას.
ასევე, აუცილებელია თვითიზოლაციის გავლა და ჯანმრთელობის დაცვა 14 დღის განმავლობაში.
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს ვებ-გვერდის სექციას „ხშირად დასმული კითხვები“. https://www.esteri.it
- თვითიზოლაციის ვალდებულება რამდენიმე გამონაკლისს უშვებს, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებების ეკიპაჟების; იტალიაში ხანმოკლე სამუშაო ვიზიტის (120 სთ-მდე); ჯანმრთელობასთან ან გადაუდებელ საჭიროებასთან დაკავშირებული ვიზიტის; აეროპორტის ტრანზიტის შემთხვევებისთვის (სრული ჩამონათვალი იხ. სექციაში “ხშირად დასმული კითხვები”).
- ამავე სექციიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ იტალიაში შესვლის შემთხვევაში გადაადგილების დასაბუთებისთვის და თვითიზოლაციის ადგილის მისათითებელი ავტო-დეკლარაციის ანკეტა. https://www.esteri.it/…/modulo_rientro_sintetico_14_10…
- და კოვიდის საწინააღმდეგოდ იტალიაში არსებული რეგულაცია საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირებისთვის: https://www.esteri.it/…/normativa_anti-covid_per…
ვინაიდან ჯერჯერობით შეჩერებულია პირდაპირი ფრენები იტალიასა და საქართველოს შორის და შესაძლოა იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლა მოგიხდეთ სხვადასხვა ავიაკომპანიის მეშვეობით. გაითვალისწინეთ, რომ წინასწარ დაუკავშირდეთ მათ და მხედველობაში მიიღოთ მათ მიერ დადგენილი რეგულაციები.
საქართველოს საელჩო იტალიის რესპუბლიკაში მოგიწოდებთ, იტალიაში გამგზავრებამდე ყურადღებით გაეცნოთ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კითხვების არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებზე:
+39 333 8879123 +39 350 1483114
კომენტარები