საზოგადოებაინტერვიუ

„მე რასაც ვითხოვ, მაგ ჰონორარს საქართველოში ქორწილში და დაბადების დღეზე ვერ იხდიან“ – ნინო ჩხეიძე

მომღერალმა ნინო ჩხეიძემ პანდემიის პერიოდში დიდი ფინანსური ზარალი განიცადა, თუმცა ცდილობს ფორმა არ დაკარგოს და უკვე ახალ ალბომზეც კი დაიწყო მუშაობა. მის თაყვანისმცემლებს შეუმჩნეველი არ დარჩათ ერთი ფაქტიც: მან იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და დაგეგმილი აქვს, საქართველოში მცხოვრები მსმენელის წინაშე ახალი რეპერტუარით და იმიჯით წარსდგეს. უფრო დეტალურად საკუთარ გეგმებზე, ნინო „პრაიმამბებს“ ესაუბრა.

პანდემიის დროს როცა ჩავიკეტეთ, კარგად გამოვიყენე ის პერიოდი, ვაქტიურობდი. შემდეგ როცა შეზღუდვები მოიხსნა, ვერ მივხვდი, რა იყო დაშვებული და რა არა, ამიტომ ორთვიანი პაუზა გამომივიდა შემოქმედებითად.

დავიბენი და არაფერი აღარ გამიკეთებია. როცა მივხვდი, რომ ყველა მუშაობს და ყველა უნდა მივეჩვიოთ კორონასთან ერთად ცხოვრებას, დავიწყე ახალ ალბომზე მუშაობა. ვწერ რუსა მორჩილაძის სიმღერას, რომელიც ჩემი რეპერტუარისგან განსხვავებული იქნება, რუსა ყველა დეტალში ჩართულია. სტუდიაში ყოველ საღამოს ვიკრიბებით. ტექსტი ირინა სანიკიძემ დაწერა და ახლა აქტიურად ვმუშაობთ. ჯერ ეტაპობრივად გამოვუშვებ ახალ სიმღერებს და ბოლოს გამოვა ალბომი.

იმიჯიც შევიცვალე, თმა გავიღიავე, კიკალასთან გადავიღე ახალი ფოტოები. გადავწყვიტე, აღარ ვიყო გრძელი, შავთმიანი ნინო ჩხეიძე. ორად გაიყო ამის გამო საზოგადოების აზრი, ზოგს ძველი ნინო ჩხეიძე მოსწონს,ზოგს ახალი. ექსპერიმენტებს ვატარებ.

ასევე განვაახლებ ჩემს გადაცემას „სტუმრად ნინოსთან“, რომელიც ორი წელია მაქვს. ჩემს გადაცემაში სტუმრად მოდიოდნენ ცნობილი ადამიანები და თავიანთ ცხოვრებაზე საუბრობდნენ.

ბოლო დროს ბევრი მსგავსი გადაცემა გაჩნდა, ამიტომ ფორმატი შევცვალე.

ნინო, მასშტაბური კონცერტები და წვეულებები კი არის აკრძალული, მაგრამ ჩუმად მაინც ახერხებს ხალხი ამ წესების დარღვევას, ამ პერიოდის მანძილზე, თქვენ თუ მოგიწიათ ასეთ ღონისძიებაზე სიმღერა?

არ მქონია ასეთი შემთხვევა. რაც შეეხება ქორწილებს და დაბადების დღეებს, ამ კუთხით საქართველოში არ ვმუშაობ.

რატომ, სათანადო ანაზღაურება არ არის?

ისე იყო აწყობილი, საზღვარგარეთ უფრო ხშირად დავდიოდი ქორწილებში და დაბადების დღეებზე. მე რასაც ვითხოვ, მაგ ჰონორარს საქართველოში ქორწილში და დაბადების დღეზე ვერ იხდიან. ჩემი მარკეტინგი მაქვს და, ძირითადად, უცხოეთზეა მორგებული.

თუ მოხერხდება ამ კუთხით აქ მუშაობა, მოხარული ვიქნები. სამწუხაროდ, აქ არ არიან ისეთი გადამხდელუნარიანები. ქორწილი და დაბადების დღე რთული სამუშაოა. საქველმოქმედო კონცერტებზე შემიძლია უფასოდ ვიმღერო, ასევე ჩვეულებრივ კონცერტზე დაბალ თანხად გამოვიდე ჩემი მსმენელისთვის, მაგრამ დაბადების დღე და ქორწილი, სხვა სპეციფიკაა და მანდ ჰონორარს არ ვაკლებ. თუ გინდა შენს დაბადების დღეზე ან ქორწილში შენმა საყვარელმა არტისტმა იმღეროს, რა თანხასაც ითხოვს, ის ანაზღაურება უნდა მისცე.

ბელგიაში უნდა მემღერა ნათლობაზე, თანხის ნაწილი წინასწარ მქონდა აღებული, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ვერ მოვახერხე წასვლა. ავსტრიაშიც ვიყავით მიწვეული მე და რამდენიმე მომღერალი ქორწილში, მაგრამ იქაც ვერ წავედი. კარანტინის გამო, ბევრი კონცერტები გამიუქმდა.

დაახლოებით რა თანხა დაკარგე კარანტინის გამო?

არ მინდა კონკრეტული თანხის დასახელება, მაგრამ ძალიან ბევრი დავკარგე. ფინანსური ანაზღაურების გარდა იქ სხვა მომენტიც არის.

ახლა დავაფასე, რა აქტუალური ვყოფილვარ. თვეში მინიმუმ ორი-სამი გასვლა მქონდა, სულ ფორმაში ვიყავი. მადლიერი ვარ ჩემი ხალხის, დიდ სიყვარულს გამოხატავენ, მიფასებენ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ.

მე ორიენტირებული ვიყავი გასვლით კონცერტებზე, ამ კარანტინში კი მივხვდი საქართველოს ბაზარს სხვა ჟანრი სჭირდება და ახლა ვმუშაობ, აქაურ ბაზარზე უფრო მეტად გამოვჩნდე, როგორც ნინო ჩხეიძე.

ფინანსურად ფაქტიურად გაჩერებული ვარ. არანაირი კონცერტი არ მაქვს. ჩემი რადიოც თვითგადარჩენაზეა, არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ არათუ  დამაკლდა, ფაქტიურად საერთოდ გამიჩერდა შემოსავლები.

სოციალურმა ქსელებმა მომანიჭა მონეტარიზაცია და ამ მხრივ მაქვს ერთადერთი შემოსავალი, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ამით ვცხოვრობ.

მსოფლიოს ყველა ონლაინ მარკეტში იყიდება ჩემი სიმღერები და მაქსიმალურად ვაშეარებ რომ გაიყიდოს. ვერ ვიტყვი, რომ რეკორდული მაჩვენებლით იყიდება, მაგრამ იყიდება.

თქვენი ქმარი არ გეხმარებათ ფინანსურად უკრაინიდან? საერთოდ აღარ ჩანს და რატომ?

ქმარი ცოტ-ცოტას მეხმარება. სოციალურ ქსელში აქტიურია, კარგად არის. ადრე ვერც ვგრძნობდით სიშორეს, თვეში სამჯერ მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს. იმედი მაქვს, მალე უკრაინაში მაინც ჩავალ და ავიტან მერე კარანტინს.

ინტერვიუს სრული ვერსია ნახეთ primeambebi.ge-ზე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close