მიგრაციაქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„სანამ არ გამოცდის ადამიანი, ვერ მიხვდება, აქ რა ხდება“, – ამბობს ქართველი ემიგრანტი იტალიაში

ციცი ხინჩაგაშვილი იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს. უცხო ქვეყანაში, სამშობლოდან შორს, როგორც ემიგრანტთა დიდი უმრავლესობა, ისიც სამუშაოს საძებნელად და ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად წავიდა. „მოლოდინი სხვა იყო და რასაც ველოდი, ის არ დამხვდა. საქართველოდან ნათელი ფერებით ჩანს ყველაფერი“, – ამბობს იგი ჩვენს კორესპონდენტთან ინტერვიუში.

ციცი, რომელ ქალაქში ხართ და რამდენი ხანია?

ერთი წელი და ერთი თვეა, რაც საქართველო დავტოვე და იტალიაში, კერძოდ, ქალაქ ბარიში ჩამოვედი საცხოვრებლად და სამუშაოდ.

დაოჯახებული ხართ?

არა, არ ვარ დაოჯახებული. მყავს დედ-მამა და ძმა. ჩემი ძმა დაოჯახებულია. დედაც არ არის საქართველოში, 10 წელია, რაც ემიგრანტია თურქეთში.

რა იყო სამშობლოდან თქვენი წასვლის მიზეზი?

როგორც ემიგრანტების უმრავლესობა, მეც გაჭირვებამ წამომიყვანა და სამუშაოს შოვნის სურვილმა. მინდოდა სამსახური მქონოდა.

რატომ გაგიჭირდათ სამსახურის შოვნა საქართველოში, რა პროფესიის ხართ?

პროფესიით ფარმაცევტი ვარ, დამთავრებული მაქვს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ფიქრობთ, რომ სწორად ვერ შეარჩიეთ მომავალი პროფესია?

საერთოდ, ჟურნალისტობა მინდოდა, მაგრამ ფინანსებმა არ შემიწყო ხელი.

ერთი წელი ვიმუშვე თელავში და ძალიან დაბალი ანაზღაურების გამო დავტოვე სამსახური, მერე 6 წელი ვიმუშავე მარკეტში. 26 აპრილს 30 წლის ვხდები. მინდა, რომ თანხა შევაგროვო და ბინა ვიყიდო, ამას საქართველოში ვერ შევძლებდი…

იტალიაში ადვილად იშოვეთ სამსახური?

თავიდან 2 თვე უმუშევარი ვიყავი. ორი თვის შემდეგ გამომიჩნდა სამუშაო, ქ. ბარიდან სამი საათის სავალზე. მარტო წავედი ავტობუსით. იქ ქართველი ემიგრანტი დამხვდა და მიმიყვანა, სადაც უნდა მემუშავა. ჩაწოლილი იყო ბებია, საერთოდ ვერ ლაპარაკობდა და უმოძრაოდ იყო ასე. ერთი კვირა სულ ვტიროდი, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, უნდა დავრჩენილიყავი, რადგან არც საჭმლის ფული და აღარც ქირის ფული აღარ მქონდა.
ერთი თვე ნახევრად მშიერმა ვიმუშავე, რადგან შვილს ძალიან ცოტა საჭმელი მოჰქონდა. მერე მე ვყიდულობდი ჩემი ფულით და ასე ვიმუშავე 6 თვე.

მოლოდინი სხვა იყო და რასაც ველოდი, ის არ დამხვდა. საქართველოდან ნათელი ფერებით ჩანს ყველაფერი. სანამ არ გამოცდის ადამიანი, ვერ მიხვდება, აქ რა ხდება.

ალბათ იტალიაში ბევრი ქართველი მეგობარიც შეიძინეთ, არა?

ბევრი ქართველი გავიცანი, მაგრამ ყველასთან არ ვმეგობრობ.

თავისუფალ დროს რას აკეთებთ? რის კეთება გიყვართ?

ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა, არასდროს მომბეზრდება ვაჟა-ფშაველას პოემები. დასვენების დღე როცა მაქვს, გავდივარ, ვინმე ახლობელს ვნახულობ, მერე ვსეირნობ, ხანდახან ტაძარში მივდივარ… მაღაზიებში დავდივარ, „შოპინგობანა“ ძალიან მიყვარს.

დედათქვენიც ემიგრანტია და მის გარეშე იყავით მთელი 10 წელი, ალბათ ახლა უფრო გაიაზრეთ, რამხელა ტვირთია უცხო ქვეყანაში ყოფნა…

არაფერია, არ ვამტყუნებ დედას, პირიქით, ყველაფრისთვის დიდი მადლობა მას! ასე ვისწავლე დამოუკიდებლად ცხოვრება და თავის გატანა. ძალიან რთულია, როცა დედა შენ გვერდით არაა, მაგრამ მყავს დეიდა, რომელსაც დიდი ამაგი აქვს ჩემზე.

რამის შეცვლა რომ შეგეძლოთ, საიდან დაიწყებდით?

უბრალოდ, სკოლის დამთავრების შემდეგ საშუალება რომ მქონოდა, სხვა პროფესიას ავირჩევდი და სწავლას მეტ დროს დავუთმობდი.

საქართველოს და ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით?

საქართველოს ვეტყოდი, რომ ძალიან მენატრება. ვუსურვებ გამთლიანებას, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას და, რაც მთავარია, ეკონომიკურად გაძლიერებას, რომ ყველა ემიგრანტი დაუბრუნდეს თავის ოჯახს.

ემიგრანტებს ვუსურვებ ჯანმრთელობას, გამძლეობას, ატანას და ერთმანეთის გატანას. უფალი გფარავდეთ ყველას, გისურვებთ სამშობლოში მალე დაბრუნებას, რაც მთავარია, ეკონომიურად ძლიერ სამშობლოში!

ესაუბრა ქეთი კვირკველია

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close